ლევან ვასაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პატრიარქის სურვილის შემთხვევაში ის პოლიტიკურ კარიერას დაიწყებს. ბიზნესმენმა განმარტა, რომ მისთვის, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქართველისთვის, პატრიარქის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გამორიცხავს, რომ ილია მეორემ შესაძლოა პოლიტიკაში წასვლა ვინმეს შესთავაზოს.
„შეიძლება ვთქვი, რომ ჩემთვის, ისევე, როგორც უამრავი სხვა ქართველისთვის, პატრიარქის სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პატრიარქს არასოდეს არავისთვის უთქვამს, პოლიტიკაში წადიო და რაღა მე მეტყვის?! პოლიტიკა არ მაინტერესებს, არ მჯერა მისი, როგორც სპორტის სახეობის, არ მიყვარს და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. რაც შეეხება აქტივობას, ეს არის სტანდარტული სამოქალაქო პოზიცია. როდესაც ყოფილი და ახლანდელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სამოქალაქო სექტორი უნდა გაძლიერდეს, აქ ვართ ბატონო, მაინცდამაინც სოროსის ხელფასს უნდა ვიღებდე, რომ ჩემი ქვეყნის სატკივარზე გამოვდიოდე და აქტიურად ვსაუბრობდე?! მე არ ვაპირებ, ვიყო რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ ისევე მტკივა ჩემი ქვეყნის სატკივარი, როგორც თითოეულ ჩვენგანს,"- განაცხადა ვასაძემ გადაცემაში „რეაქცია".