მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C , ე და ბ ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე - ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ტყის მარწყვის ფოთლებისა და ფესურების ჩაი კარგი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინურ საშუალებაა. მარწყვი შესანიშნავად ავსებს ორგანიზმის ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. ეს გემრიელი და არომატული კენკრა შეიცავს ვიტამინებს (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - C ვიტამინს), მიკროელემენტებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორს და ფოლიუმის მჟავას.
• თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.
• თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა მიირთვით - ტკივილი გაგივლით.
• გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.
• უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
• მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.
მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, ფრთხილად იყავით!