ფრთხილად - ენტეროვირუსული მენინგიტია!


მენინგიტის ხსენება ყველას შიშის ზარს გვცემს, რადგან ამ დაავადებას მართლაც ბევრი გართულება და საგულისხმო ნარჩენი მოვლენები ახასიათებს. რა დაავადებაა დღეს გავრცელებული ენტეროვირუსული მენინგიტი?

ეს კითხვა ბევრს აწუხებს. ენტეროვირუსული მენინგიტი არ გახლავთ ჩვეულებრივი მენინგოკოკური ანუ მენინგოკოკით გამოწვეული მენინგიტი. ეს ენტეროვირუსით (ნაწლავური ვირუსით) გამოწვეული მენინგეალური სინდრომია.

ენტეროვირუსული ინფექცია მწვავე ნაწლავური ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება და კლინიკური ნიშნების მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება იმითაა გამოწვეული, რომ ნაწლავური ვირუსი სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ფილტვებს, ღვიძლს და სხვა ორგანოებს.
ბოლო დროს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ენტეროვირუსის გააქტიურების ტენდენცია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოხდა ეპიდემიოლოგიური აფეთქებები თუ ავადობის მატება.
ენტეროვირუსი, ისევე როგორც გრიპის ვირუსი, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვების, წყლის მეშვეობით, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო, ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებისთვის ვირუსით დაბინძურებული ნერწყვის ერთი წვეთიც საკმარისია.
ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან ვირუსმატარებელი.
ენტეროვირუსულ ინფექციას საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლე აქვს  - 4 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული, 10 დღეც გაგრძელდეს. დასაწყისი ყოველთვის მწვავეა - ტემპერატურა ერთბაშად იწევს 38-39 გრადუსამდე, აღინიშნება შემცივნება, გულისრევა, ღებინება (დღეში 2-3-ჯერ), ნაწლავებში აირთა გაძლიერებული წარმოქმნის გამო მუცელი შებერილია და მტკივნეული, ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია და დღეში 6-8-ს აღწევს თხიერი წყლისებური მასებით.
ენტეროვირუსული ინფექციის დასაწყისში ბევრ პაციენტს უწითლდება სახე და კისერი, ხელისა და ფეხის თითებზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განავლობაში კი 1-3 მმ დიამეტრის, წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. ასეთივე ელემენტები შეინიშნება პირის ღრუს ლორწოვანზე. პატარას უჭირს წოვა, წრიალებს, ჭირვეულობს, ტირის. ამ დროს ექიმი ამოწმებს პერიფერიულ ლიმფურ კვანძებს. კისრისა და იღლიის კვანძები გადიდებულია დაავადების პირველივე დღიდან. დიდდება ღვიძლი და ელენთაც. არცთუ იშვიათად გამონაყარი მთელ სხეულს ედება, აქვს წვრილწინწკლოვანი, ლაქოვანი ან მინიჩანაქცევების ხასიათი, 1-2 დღე გრძელდება და უკვალოდ ქრება.ბევრს ეს წვრილწინწკლოვანი მინიჩაქცევები აშფოთებს, რადგან ისინი მენინგოკოქცემიასთან ასოცირდება. დაიხსომეთ: ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ენტეროვირუსული ინფექციის დროს ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია ენტეროვირუსული ინფექციის რამდენიმე ფორმა:
ჰერპესული ანგინა (ხახა-სასის ლორწოვანისა და ნუშურების მწვავე ანთება)
ეპიდემიური მიალგია (კუნთების ტკივილი)
მენინგეალური სინდრომი (გრძელდება 2-3 დღიდან 7-10 დღემდე. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ვირუსი მე-3 კვირამდე რჩება, ნარჩენი მოვლენების სახით აღინიშნება ხოლმე ასთენია -სისუსტე, მოდუნება და ჰიპერტენზია - წნევის მატება. ენტეროვირუსული მენინგიტის დროს სხვა ნევროლოგიური სიმპტომებიდან აღსანიშნავია, მყესოვანი რეფლექსების გაძლიერება, ნისტაგმი - თვალის კაკლის უნებლიე, რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით ქვევით მიმართულების ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები, ტერფების კლონუსი - კუნთების დაჭიმვა)
ენტეროვირუსული ინფექციის პარალიზური ფორმები (ამ დროს შეიძლება განვითარდეს ერთი ან რამდენიმე კიდურის დამბლა, რომელსაც შექცევადი ხასიათი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ უკვალოდ გაივლის)
ენტეროვირუსული ცხელება (ტემპერატურის მატება)
ენტეროვირუსული ეკზანთემა (წვრილი ლაქოვანი ან პაპულოზური გამონაყარი, ზოგჯერ სისხლჩაქცევის ელემენტებით)
ნაწლავური ფორმა (აღინიშნება დიარეა - კუჭის მოქმედება 5-10-ჯერ დღეში, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი და ინტოქსიკაციის მოვლენები)
რესპირატორული ფორმა ხასიათდება კატარული მოვლენებით, ცხვირის გაჭედვით, მშრალი ხველით, ხახა-სასის შეწითლებით.
მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), ენცეფალომიოკარდიტი (გულის კუნთისა და ტვინის გარსის ანთება), ჰეპატიტი, თირკმლების ანთება, თვალის დაზიანება (უვეიტი) და სხვა, თუმცა ეს ფორმა შედარებით იშვიათია.
ჩვენ ახალა ენტეროვირუსის მენინგეალურ ფორმაზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ:
ენტეროვირუსული მენინგიტის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 1 კვირაა. დაავადება უფრო ხშირია ქალაქში მცხოვრებ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც სკოლებსა და ბაღებში დადიან. მენინგეალური სინდრომი კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება და რამდენიმე დღეში ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება. ლეტალური შემთხვევა ძალიან იშვიათია.
სეროზულ მენინგიტს ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი, ფოტოფობია (სინათლის შიში) და მენინგეალური სიმპტომები (კეფის კუნთების რიგიდულობა (დაჭიმულობა), ღებინება, კერნიგის (მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში ფეხის მოხრის შემდეგ ავადმყოფი ვერ ახერხებს მუხლის სახსარში ფეხის ბოლომდე გამართვას) და ბრუძინსკის (ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს თავის პასიური დახრის შემთხვევაში რეფლექსურად ეხრება ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში) სინდრომები, პატარა ბავშვებში კი აღინიშნება ლესაჟის სინდრომი (ბავშვს ხელში აყვანის შემდეგ ფეხები მუხლებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი რჩება)).
ენტეროვირუსული მენინგიტის კლინიკური სურათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბავშვის ასაკზე. 3 თვემდე ბავშვები მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. ამ ასაკში მენინგიტთან ერთად ვითარდება პოლიორგანული დაზიანება, რომელზეც ზემოთ მე-9 პუნქტში გესაუბრეთ.
უფრო მოზრდილ ბავშვებში ენტეროვირუსული მენინგიტი მწვავედ იწყება, ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე მატულობს, ამასთან ერთად ვითარდება კისრის კუნთების რიგირდულობა (დაჭიმულობა), თავის ტკივილი, სინათლის შიში, პაციენტთა ნაწილს აღენიშნება ღებინება, უმადობა, დიარეა - ფაღარათი, გამონაყარი, ხახის ანთება, კუნთების ტკივილი. დაავადება გრძელდება ერთ კვირამდე. ბევრი პაციენტი თავს უკეთ გრძნობს  ლუმბალური პუნქციის (თავ-ზურგ-ტვინის სითხის აღების) შემდეგ.
დააავდება უხშირეს შემთხევევაში 7-10 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, ნარცენი მოვლენების გარეშე. 
თუმცა ერთეულ შემთხვევაში დაავადებაგადატანილ ბავშვებს აღენიშნებათ მეტყველების დარღვევა და ჩამორჩენა სწავლაში,  მოზრდილებს კი ზოგჯერ ხანგრძლივად გაჰყვებათ ხოლმე თავის ტკივილი. 

ენტეროვირუსული მენინგიტის მკურნალობისას აუცილებელია წოლითი რეჟიმი. ინიშნება ანთებისა და ღებინების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი პრეპარატები, აგრეთვე საჭიროა ინტოქსიკაციის მოხსნა. ენტეროვირუსული მენინგიტის პათოგენეზური მკურნალობა გულისხმობს 5-7 დღის განმავლობაში პრედნიზოლონის დანიშვნას.
დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს უკეთებენ გამა-გლობულინს.
თუ დაწესებულებაში აღმოჩნდა დაავადებული, საჭიროა  კარანტინი და დაწესებულების დეზინფექცია.