"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ალექსანდრე ელისაშვილს მხარდაჭერას უცხადებს



"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ვეძისის ოლქში ალექსანდრე ელისაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებაშია ნათქვამი. 

"მივიჩნევთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც სჭირდება თბილისის საკრებულოს. მან მისი პატიოსნება და თბილისის მიმართ სიყვარული დაამტკიცა როგორც ჟურნალისტური მოღვაწეობით, ასევე სამოქალაქო აქტივობით. "არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის" პირველ ადგილას არ დგას ვიწრო პარტიული ინტერესები და ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ბლოკის წევრი პირების გასვლა საკრებულოში, არამედ ჩვენ გვსურს თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ვიხილოთ ისეთი ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაც ეჭვს არ იწვევს. ამდენად, ვეძისის მაჟორიტარულ ოლქში მხარს ვუჭერთ ალექსანდრე ელისაშვილს და ვაცხადებთ, რომ მის კონკურენტად ბლოკი ამ ოლქში კანდიდატს არ დააყენებს", - ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებაში.
ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი ვეძისის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.