ქალის დახვეწილობაზე, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ტუჩების მაკიაჟი მეტყველებს. თუ თვალების შეღებვის წესი, პრინციპში, ადვილად ასათვისებელია, ტუჩების მაკიაჟზე იმავეს ვერაფრით ვერ ვიტყვით. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი:
ფერი, მოცულობა, შეღებვის წესი, სამოსი და იმ ადგილის განათებაც კი, სადაც უნდა წახვიდეთ. ტუჩის საცხი, შეიძლება ითქვას, ქალისთვის ყველაფერია. გოგონა ტუჩების შეღებვას დაახლოებით 13-14 წლის ასაკიდან იწყებს
(ზოგიერთი - უფრო ადრეც) და ასაკში შესული ქალიც კი ისე არ გავა შინიდან, თუ ტუჩები არ შეიღება. თუმცა იმ ქალების უმრავლესობასაც კი, ვისაც ტუჩების შეღებვა ჩვევად აქვს, არ ახსოვს, რომ ტუჩების მაკიაჟი მთელი ხელოვნებაა და მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორად წასმულმა საცხმა თქვენი ტუჩები შესაძლოა სრულყოფილი გახადოს. ცოტამ თუ იცის, რომ მომხიბვლელ მერილინ მონროს თხელი ტუჩები ჰქონდა, თუმცა ყველას ახსოვს მისი მომხიბვლელი პირი. ეს სწორი მაკიაჟის დამსახურება გახლდათ. ტუჩებისთვის მოცულობისა და რელიეფურობის მისანიჭებლად ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელი პომადის სამ ელფერს იყენებდა. ტუჩების მაკიაჟი სრულიადაც არ იწყება საცხით. თავდაპირველად გაიკეთეთ მსუბუქი პილინგი, რათა ტუჩები კანის მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავდეს, მერე კი დაიტენიანეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მაკიაჟის კეთება. პირველი ნაბიჯი - წაისვით ტონალური საფუძველი ისე, რომ კარგად დაიფაროს ყველა ნაოჭი - ასე ტუჩსაცხი უფრო თანაბრად წაესმება და დიდხანს გაძლებს. მეორე ნაბიჯი - შემოხაზეთ კონტური. კონტურული ფანქარი ტუჩის საცხის ფერისა ან ერთი ტონით მუქი უნდა იყოს. სწორი კონტურის გაკეთება საკმაოდ ძნელია - თუ ხელი გვიკანკალებს, შესაძლოა არასწორი ხაზი გავავლოთ და მთელი მაკიაჟი გავაფუჭოთ. თუ კონტურის შემოვლება გიჭირთ, დასვით წერტილები, რომელთა გასწვრივაც უნდა გაიაროს წარმოსახვითმა ხაზმა და ნელ-ნელა შეაერთეთ ისინი ერთმანეთთან. თუ კონტური ძალზე მკვეთრი გამოგივიდათ, ფრთხილად გაიუფერულეთ ბამბის ჩხირით. სწორად შემოვლებული კონტური საქმის ნახევარია. მისი საშუალებით ტუჩების ფორმის კორექტირებაც შეიძლება. თუ გსურთ, ტუჩებს მაკიაჟის საშუალებით მაცდუნებელი სისავსე მიანიჭოთ, კონტური გაავლეთ ტუჩების ბუნებრივი ხაზის ოდნავ გარეთ. თუ, პირიქით, დიდი პირის "დაპატარავება" გნებავთ, კონტური გაავლეთ ბუნებრივი ხაზის შიგნით. მესამე ნაბიჯი - წაისვით საცხის პირველი ფენა. პროფესიონალი ვიზაჟისტები ამისთვის ფუნჯს იყენებენ, რომელიც უკეთესად ღებავს ტუჩებს და რამდენიმე ფერის შერევის შესაძლებლობას იძლევა, ეს კი საშუალებას მოგვცემს, ტუჩები უფრო რელიეფური გავხადოთ. ფუნჯი ცენტრიდან კიდეებისკენ ამოძრავეთ, მერე ტუჩები ფრთხილად შეიმშრალეთ ხელსახოცით და ოდნავ შეიპუდრეთ - საცხი უკეთ გაჩერდება. წაისვით მეორე ფენაც.
შევარჩიოთ საცხი
თუ შეუფერებელი ფერის საცხი შეარჩიეთ, თქვენი ყოველგვარი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდება. მუქი კანის მქონე ქალებისთვის მისაღებია მსუყე, მუქი ფერის საცხი - ქლიავისფერი, ღვინისფერი. ღია ფერის კანს უფრო ბაცი, მაგალითად, კარამელის ელფერისა მიესადაგება. შეარჩიეთ დამატენიანებელი საცხი - გარდა პიგმენტებისა, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ტუჩის ნაზ კანს კვებავს. მდგრადი საცხით ისარგებლეთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - ის ტუჩებს აშრობს. კიდევ ერთი რჩევა: გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის თვალები ქვეცნობიერად სულის გამოხატულებაა, ხოლო ტუჩები - სხეულისა, ამიტომ, როცა ჭკუისა და შინაგანი სამყაროს წარმოჩენა გსურთ, გამოკვეთეთ თვალები, ხოლო თუ თქვენი მიზანი თავის მოწონება და ფლირტია - ტუჩები. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, გახდეთ მომხიბვლელი და განუმეორებელი.
წყარო: cacao.cp.ge