ქართველი მულტიმილიონერი შოკოლადის კვერცხებით



39 წლის ასაკში ის უკვე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია რუსეთში. ქართული წარმომავლობის ებრაელი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელს ფლობს. 


ბიზნესში სამნი არიან - თვითონ, ძმა და დის ქმარი. ჰოლდინგსაც ასე დაარქვეს, "გ.მ.რ. - სტუმართმოყვარეობის სამყარო", სადაც პირველი სამი ასო მათი სახელების ინიციალებია - გიორგი, მერაბი და რომანი. დღეს ეს ჰოლდინგი მსოფლიოს ხუთი ქვეყნის 44 ქალაქში 285 რესტორანს აერთიანებს.


მერაბ ელაშვილი საქართველოში, სამტრედიის რაიონში, სოფელ კულაშში დაიბადა. ებრაელებით დასახლებულ სოფელს საბჭოთა პერიოდში "პატარა იერუსალიმსაც" ეძახდნენ. მამამისი მეწარმე იყო, დედას უმაღლესი მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან დიასახლისობას დიდი დრო მიჰქონდა, სამ შვილს ზრდიდა. მერაბი 4 წლის იყო, როცა მამა 23 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით მარტო დარჩა. ბავშვების აღზრდაში მას მისი და მეუღლის მშობლები ეხმარებოდნენ. 

სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა, ქიმია და ფიზკულტურა. დედას უნდოდა, შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ მერაბი ბიზნესალღოს იმთავითვე გრძნობდა და იცოდა, რომ მედიცინა მისი საქმე არ იყო. 18 წლის იყო, როცა მოსკოვში გაემგზავრა და ცოდნის გასაღრმავებლად ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში ჩაირიცხა. თუმცა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების სურვილი მერაბს მოსვენებას არ აძლევდა და ერთ დღესაც ისეთ "ჯადოსნურ კვერცხს" მიაგნო, საიდანაც საბოლოოდ მისი დიდი ბიზნესი გამოიჩეკა. შოკოლადის კვერცხები, რომლის შიგნით, კაფსულაში სათამაშო იყო მოთავსებული, იმ დროს ევროპაშიც ახალი ხილი იყო და ბავშვების გულებს იპყრობდა. მერაბმა სწორად გათვალა, რომ ამ ჯადოსნური კვერცხების მიმართ ვერც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბავშვები დარჩებოდნენ გულგრილი და "კინდერ სიურპრიზების" იმპორტს მიჰყო ხელი. ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი აღმოჩნდა, პროდუქციის შეტანას ვერ ასწრებდა ბაზარზე, რომ მთელ პარტიას ფაქტობრივად ხელიდან სტაცებდნენ. შოკოლადის კვერცხებით ვაჭრობას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ასე გახდა მერაბი 18 წლის ასაკში ბიზნესმენი. 

მოგვიანებით ფული უძრავი ქონების ბიზნესში დააბანდა, მაგრამ შინაგანად გრძნობდა, რომ არც ეს იყო ის მთავარი საქმე, რომელსაც ცხოვრებას მიუძღვნიდა. 

1996 წელს მივლინებით ბელგიაში იყო და საჭმელად პატარა პიცერიაში შეიარა, სადაც ძალიან იაფად უგემრიელესი პიცით გაუმასპინძლდნენ. მიხვდა, ეს ის იყო, რაც იმ დროს მოსკოვს აკლდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, ამერიკელებისგან პიცერიების ქსელის "სბაროს" ფრანჩაიზინგის უფლება გამოისყიდა და მოსკოვში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პიცერია გახსნა. თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ 1998 წელს ბიზნესს კრიზისმა მოუსწრო. საქმე ისე ცუდად წავიდა, რომ იძულებული გახდა, ბიზნესის გადასარჩენად 2 დოლარად ღირებული პიცა 60 ცენტად გაეყიდა. მაშინ თითქმის მთელი ფული დაკარგა, მაგრამ კრიზისს მაინც გაუძლო. ახლა ამბობს, რომ მაშინ საქმის სიყვარულმა გადაარჩინა. 

"ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. არ მივისწრაფი იმისთვის, რომ რამე კონკრეტული კაპიტალი დავაგროვო, უბრალოდ თვითრეალიზაცია მინდა. მაქვს პოტენციალი, გავაკეთო სასარგებლო ჩემთვის და საზოგადოებისთვის. რადგან ღმერთი დამეხმარა, რომ ასეთ ასაკში დიდი წარმატებისთვის მიმეღწია, წინ უნდა ვიარო. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ დგას ბიზნესში შენ გვერდით. პარტნიორებისა და 

თანამშრომლების შერჩევისას ჩემთვის მთავარია, ჩვენი ღირებულებების თანხვედრა მოხდეს. პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება და ამბიციურობა - აი, რა არის მთავარი წარმატებისთვის. მე უნდა ვიცოდე, რომ ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით დგას, იმედებს არ გამიცრუებს და მოინდომებს, ჩემთან ერთად იაროს წინ". - ამბობს მერაბ ელაშვილი.