სადგურის მგზავრებს დარბაზში დასვენებული მიცვალებული ”ეგებებოდათ” - კაცია-ადამიანი?!



"კუთხეში მივწიეთ, ზემოდან გადავაფარეთ და იდო იქ... რა გვექნა, ხომ არ გადავაგდებდით?"

"შვილი მოვიდა და გვითხრა - სად წავიყვანო, სად დავმარხო, არც სახლი მაქვს, არც კარი, არც კუბოს გაკეთება შემიძლია, მარტო ვარ და ვერც საფლავის მიწას გავთხრი, თქვენ თუ არ მომეხმარეთო"


20 მაისს, ”ფეისბუკზე” გავრცელებულმა ინფორმაცია ბევრი შეძრა: ”მეორე დღეა, ზესტაფონის სადგურზე შუა დარბაზში მიცვალებული ასვენია. ხალხი მის დანახვაზე აქეთ-იქეთ წივილ-კივილით გარბის. მიცვალებული სასწრაფო დახმარებამაც დაათვალიერა, პატრულმაც, მაგრამ - ჩვენი საქმე არ არისო და იქვე დატოვეს”…

ჩვენდა გასაკვირად, ინფორმაციის უტყუარობა დადასტურდა. ასე რომ, ყველას დიდ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ჩვენი აზრით, ამ სურათის წარმოდგენა მოგვიწევს - დილაუთენია ზესტაფონის რკინიგზის სადგურში შესულ მგზავრებს რა ”სიურპრიზი” ხვდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტატია მომავალში მაინც აიძულებს შესაბამის ორგანოებს, დაფიქრდნენ, როგორ ააშორონ ადამიანებს ფსიქოლოგიური სტრესი, რაც, სხვათა შორის, მათი პირდაპირი მოვალეობაა.

გიორგი შათირიშვილი, ზესტაფონის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსი: 

- გიდასტურებთ, 20 მაისს დილით ნამდვილად გამოგვიძახეს ზესტაფონის რკინიგზის სადგურში, ვინაიდან დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ გვამის დაფიქსირება გვევალება. გვამის დაფიქსირების შემდეგ უნდა დავუკავშირდეთ კრიმინალურ პოლიციას და ადგილი დავტოვოთ, რათა ავადმყოფებს მოვემსახუროთ. რატომ იყო სადგურში საღამომდე გვამი? არ ვიცი, პოლიციის ქმედებებზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. 

შემთხვევის შესახებ ზესტაფონის რკინიგზის სადგურის უფროსმა რამაზ ფერაძემაც გააკეთა კომენტარი.

- 19 მაისს საღამოს, როდესაც ჩემი სამსახურის საათები დამთავრდა, შინ წავედი და სადგურში მიცვალებული არ დამიტოვებია. დილით რომ მოვედი, უკვე მკვდარი დამხვდა, მითხრეს, მოვიდა, ცუდად გახდა და გარდაიცვალაო. სასწრაფო გამოვიძახეთ, შესაბამისი ზომები მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ ეს იყო უსახლკარი ადამიანი. მოვიდა მისი შვილი და გვითხრა, - სად წავიყვანო, სად დავმარხო, არც სახლი მაქვს, არც კარი, არც კუბოს გაკეთება შემიძლია, მარტო ვარ და ვერც საფლავის მიწას გავთხრი, თქვენ თუ არ მომეხმარეთო. დავურეკეთ ზესტაფონის გამგეობას და დაეხმარნენ ამ კაცს, გაუკეთეს მამისთვის კუბო, გადასვენებინეს საღამოს, ასე 4 საათზე და დააკრძალინეს კიდეც.

- ამ დრომდე მიცვალებულის გვამი მართლაც სადგურში იდო?! 

- კი, ბატონო, კუთხეში მივწიეთ, ზემოდან გადავაფარეთ და იდო იქ.

- თქვენ რომ შესულიყავით დილაუთენია სადგურში და უცებ მიცვალებული რომ დაგენახათ, რა მოგივიდოდათ?

- კი, ბატონო, არ არის ეს ამბავი სასიამოვნო, მაგრამ რა უნდა გვექნა, ხომ არ გადავაგდებდით? - კითხვითვე გვიოპასუხა რესპონდენტმა. თუმცა პასუხი კითხვაზე, სად უნდა იყოს დასვენებული მიცვალებული, ასეთ დროს ძალზე მარტივია, - ყველა მუნიციპალიტეტს კანონის შესაბამისად უნდა გააჩნდეს უპატრონო მიცვალებულების დასასვენებელი ადგილი. რაც ამ შემთხვევაში ზესტაფონლებს (და არა მარტო!) ნამდვილად ააცილებდა ამ სტრესს; რასაც იმ სამსახურების წარმომადგენლებსაც არ ვუსურვებდით, რომელთაც ზესტაფონის სადგურიდან მიცვალებილის გადასვენება შეეძლოთ მაგრამ ეს არ გააკეთეს. 

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)