"თამარი მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული" - რას ყვება ინგუში მეცნიერი თამარ მეფის სავარაუდო საფლავზე (ექსკლუზივი)




- ბატონო უმალატ, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ასას ხეობაში, სავარაუდოდ, წმინდა თამარ მეფის საფლავია?.. 

"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული, ოღონდ არა ადგილობრივი"


"შესასვლელში განლაგებულია მასიური ქვები, ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით"

"პირველი ადამიანი ხართ, ვინც ამის თაობაზე საქართველოდან დარეკა.."



რამდენიმე დღის წინ, რუსული მასმედიის მიერ გავრცელებულ სენსაციურ ინფორმაციას, ინგუშეთში თამარ მეფის სავარაუდო საფლავის პოვნის შესახებ, ქართული საზოგადოების (და არა მარტო) დიდი ინტერესი მოჰყვა. ინგუშეთის მთიანეთში, ჯეირაჰის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ან ალანიის დედაქალაქის მაგასის ძვირფასეულობაა დამალული, ან თამარ მეფის საფლავია. ამ მოსაზრებას ინგუში არქეოლოგები იზიარებენ, - მათი მტკიცებით, ნაპოვნი სამარხი ქართული წარმომავლობისაა...



ქართველი ისტორიკოსებისა და მეცნიერების უმრავლესობა თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა ამ ინფორმაციას. მათი მტკიცებით, თამარ მეფე, როგორც საქართველოს "ოქროს ხანისა" და მაშინდელი ახლო აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს მმართველი, ყველა ღირსებითა და პატივით, ქართველ მეფეთა საძვალეში - გელათში დაკრძალეს.



"კვირის პალიტრა" დეტალებში გასარკვევად, ინგუშეთის რესპუბლიკაში, კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილეს უმალატ გადიევსდაუკავშირდა. 





- ამ ვარაუდის საფუძველი ნამდვილად არსებობს. მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები, ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული, ოღონდ არა ადგილობრივი, ვგულისხმობ, ინგუშს... თუმცა, არქეოლოგიური და ანთროპოლოგიურ კვლევების დაწყებამდე, რაიმეზე გადაჭრით და დადასტურებულად საუბარი ძნელია...



- რატომ მაინცდამაინც თამარ მეფის საფლავი?.. 



- ქართველი ისტორიკისების დიდი ნაწილის მტკიცებით, წმინდა მეფე გელათშია დაკრძალული, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიებიც: ვატიკანის მონაცემებით, თამარ მეფე პალესტინაშია დაკრძალული. აქვე უნდა აღვნიშნო, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, - უძველესი ინგუშური გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, თამარი მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული. ამ ვერსიასაც აქვს თავისებური ახსნა, - ალანია, შუა საუკუნეებში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, მდებარე სახელმწიფო იყო, რომელმაც თვითმყოფადობა მონღოლ-თათრების შემოსევების შემდეგ, 1238-1239 წლებში დაკარგა... ოდნავ უფრო ადრე, საქართველოში მეფობდა "ოქროს ხანის" ხელისუფალი, დიდი თამარი, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და იმიერკავკასიაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია. თამარ მეფე თავისი საზღვრების გაფართოების გარდა, ახლადშეძენილი მოსახლეობის სულიერებისა და რელიგიურ განმტკიცებაზეც ზრუნავდა და მუდმივად აგებდა ეკლესია-მონასტრებს. ამის გამოხატულებაა ინგუშეთში, თხაბა-იერდის (ტყობა-ერდის) ქართული მონასტერი, რომლის მიდამოებშიც არის აღმოჩენილი ეს გამოქვაბული.

(სურათზე: ტყობა-ერდის ქართული მონასტერი ინგუშეთში)



ამასთან, ვატიკანის მონაცემებით, 1510 წლის 23 ნოემბრამდე, სანამ თურქები, სულთან სელიმ პირველი იავუზის სარდლობით, ქუთაისთან ერთად, გელათის მონასტერსაც გადაწვავდნენ, თამარისა და სხვა ქართველ მეფეთა ძვლები, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაასვენეს, თუმცა კონკრეტული ადგილი მითითებული არ არის... აი, ამ ყველაფერმა განაპირობა იმ ვარაუდის წარმოშობა, რამაც როგორც ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ სიახლეებსა და კომენტარებში ვკითხულობთ, ბევრს ირონიული ღიმილიც კი მოჰგვარა... 



ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა, რომელსაც ძირეული და კვალიფიციური შესწავლა სჭირდება. თუმცა, ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ გამოქვაბულში აღმოჩენილია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ტრადიციის კვალი. ასევე, შემორჩენილია რელიეფური გამოსახულებები, ორნამენტებისა და ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. 

- ამ ეტაპზე რა ხდება ასას ხეობაში, გზების სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია?..



- გუშინ ვიყავი გამოქვაბულში (ინტერვიუ ჩაწერილია 23 მაისს, -ავტ). საღამოს წავედი და ვნახე, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია... მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულამდე მიღწევა, მხოლოდ ალპინისტური მოწყობილობის გამოყენებით არის შესაძლებელი, ეკლესიასა და გამოქვაბულს, მთელ პერიმეტრზე "შავი არქეოლოგებისგან" გაძლიერებული დაცვა იცავს. ეს გადაწყვეტილება ინგუშეთის პრეზიდენტმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა მიიღო... არსებობს ინფორმაცია, რომ საფუძვლიანი შესწავლისთვის, ანთროპოლოგებისა და არქეოლოგების სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, თუმცა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

- საიდან ჩამოვლენ თქვენს მიერ ნახსენები სპეციალისტები?..



- ინგუშეთიდან და სავარაუდოდ, რუსეთიდანაც, მაგრამ ამ ყველაფერს რუსეთის კულტურის სამინისტროს ნებართვა და რა თქმა უნდა, ფინანსები სჭირდება...



- ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე?..



- არა, არათუ ამ უწყებიდან, საერთოდ თქვენი ქვეყნიდან არავინ დაგვკავშირებია, მათ შორის თქვენი კოლეგები. პირველი ადამიანი ხართ, ვინც ამის თაობაზე საერთოდ საქართველოდან დარეკა და ამ ინფორმაციით დაინტერესდა... 



პ.ს. საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის მინისტრიეს, გურამ ოდიაშარიას განცხადებით, უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, შესაძლოა, ქართველი მეცნიერები ინგუშეთში გაემგზავრონ და აღმოჩენილი სამარხი შეისწავლონ... 



ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)