"რია ნოვოსტი" – ინგუშეთში თამარ მეფის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს



ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა განუცხადა. 

"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც გაგვაჩნია, გზის მშენებლობისას, იქ, სადაც საერთაშროსიო ტურნირი "მთებში შერკინება" უნდა გამართულიყო, მეწყერი ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XIV საუკუნეებით თარიღდება", – აღნიშნა გადიევმა.
მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.
ამასთან, ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელმაც გასცა განკარგულება ადგილის დაცვის შესახებ, რათა არ მოხდეს გამოქვაბულში უცხო პირების შეღწევა.