როგორც ამბობენ ტყუილზე აგებულ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. თუმცა, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ სიტუაციაშიც შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი და მისი ამჟამინდელი მეუღლეა. თიკო თავად დაგვიკავშირდა რედაქციაში და საკუთარი თავგადასავალი გვიამბო.
- ჩემი მშობლები სამტრედიაში ცხოვრობენ. მეც იქ დავამთავრე სკოლა. 1998 წელს თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ვაკეში ვიქირავე ბინა და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოვემზადე. პროვინციიდან ჩამოსული გოგონასთვის თბილისი ის ქალაქია, სადაც, სჯერათ, რომ ოცნებები ახდება. ჩემი ოცნება თუ მთლად თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი არა, სიმპათიური ბიზნესმენი ნამდვილად იყო. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია.
პირველ კურსს ვამთავრებდი, როცა სილამაზის სალონიდან გამოსულს, ''აუდის'' ფირმის მანქანამ გამიჩერა. მძღოლი გადმოვიდა და სახლში მიყვანა შემომთავაზა. მაქსიმალურად ვეცადე მიმეხვედრებინა, რომ ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როგორც წესი, უცნობებს მანქანაში არ ვუხტები-მეთქი. ''ამ ნდობას დავაფასებო'', მითხრა და კარი გამოაღო.
ისეთი კარგი ტიპი იყო, ლამაზი, მდიდარი, მიჭირდა მეთქვა, სამტრედიიდან ვარ და ქალაქში ქირით ვცხოვრობ-მეთქი. ისე წარმოვაჩინე, რომ აბაშის ქუჩაზე სამოთახიანი ბინა მქონდა, მდიდარი მშობლები მყავდა და ოჯახის ერთადერთი შვილი ვიყავი.
- ეს რაში დაგჭირდათ?
- ვიფიქრე, რომ ამათ უფრო მეტად დავაინტერესებდი, მას ზურა ერქვა, ბიზნესმენი არ იყო, მაგრამ როგორც მითხრა, ერთ-ერთ ფირმაში მთავარ მენეჯერად მუშაობდა, ბინით, ფულით, მანქანითა და აგარაკით უზრუნველყოფილი იყო. ზურამ მეორე დღეს ყავაზე დამპატიჟა.
სანამ პაემანზე მივიდოდი, მთელი გარდერობი გადმოვყარე, როცა ჩასაცმელი შევარჩიე, სალონში გავიქეცი, მანიკიური, პედიკიური, ვარცხნილობა, მაკიაჟი მოვიწესრიგე, მთელი თვის ბიუჯეტი დავხარჯე და შესახვედრად გავემართე.
- პირველი შთაბეჭდილება გამართლდა?
- იმ საღამოს თავი ნამდვილ დედოფლად ვიგრძენი. რესტორანში წამიყვანა და ფულს დაუთვლელად ხარჯავდა. ისიც გამიმხილა, რომ ძალიან მოვეწონე და თუ ხასიათებით შევეწყობოდით, უფრო სერიოზულ ნაბიჯზეც იფიქრებდა. ზუსტად ორი დღის შემდეგ ზურამ უკვე სახლში ამომაკითხა. ''ჩემი ბინით'' მოიხიბლა, ისიც კი იხუმრა, 28 წლამდე მზითვიან ცოლს ვეძებდი და მგონი გამიმართლაო.
- სიმართლის თქმა არც მაშინ გიფიქრიათ?
- თუ ტყუილს იტყვი, ბოლომდე უნდა გაიტანო. იმ პერიოდში დანაშაულის აღიარება ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებდა, ამიტომ დუმილი ვარჩიე. როცა ცოლად მომიყვანდა, მაშინ უნდა გაეგო სიმართლე. უკან როგორღა გამომიშვებდა, რას ეტყოდა ხალხს - ბინა მისი არ ყოფილა და ამიტომ მივატოვეო? როცა ზურამ ჩემი მშობლების გაცნობა მოინდომა, ათასი ტყუილი ჩავხლართე. მათი შეხვედრა ყველაფერს ჩაშლიდა. ზურამ იცოდა, რომ მამაჩემი სკოლის დირექტორი იყო, თან საკუთარი მცირე ბიზნესი ჰქონდა, ასეთი სასიმამროს ნაცვლად შრომით დაღლილ, სახედაღარულ კაცს რომ დაინახავდა, მძიმე კუთხური აქცენტით, რა პასუხი უნდა გამეცა? ზურამ ჩემი შეთითხნილი სიტყვების ამჯერადაც დაიჯერა და ისიც მითხრა, თუ ოფიციალური შეხვედრები არ გიყვარს, არც ჩემს მშობლებთან სიარულით მოგაბეზრებ თავს, ჯობია ყველაფერი თვითონ გადავწყვიტოთო.
- რატომ ჩქარობდა ასე?
- მაშინ აღფრთოვანებული, დაბნეული და შეყვარებული ვიყავი, ამიტომ მსგავსი კითხვები არ გამჩენია. ერთი სული მქონდა, ზურა ჩემი ქმარი გამხდარიყო.
როგორც იქნა, ის ბედნიერი წუთიც დადგა, როცა საქმრომ მომაკითხა და ყველასგან მალულად გავიპარეთ. ზურამ საირმეში თავისი მეგობრის ოჯახში წამიყვანა. მთელი გზა საკუთარ ტყუილებზე ფიქრით დავიღალე, გეგმებს ვაწყობდი, როგორ უნდა მეთქვა ცრემლიანი თვალებით, რომ სიცრუე მხოლოდ მისმა სიყვარულმა მაიძულა. გზაში ზურაც დამძიმებული ჩანდა. როცა საირმემდე ჩავაღწიეთ, ისეთი დაქანცული ვიყავი, ახსნა-განმარტებები მეორე დღისთვის გადავდე.
დილით, როცა გათხოვილი ქალის ამპლუაში გავიღვიძე, ზურას ვუთხარი, რომ მასთან სალაპარაკო მქონდა. ქმარმა არ მომისმინა, საწოლზე ჩამოჯდა და თავად დაიწყო საუბარი.
''მინდა გითხრა, რომ დანახვისთანავე ისე შემიყვარდი, შენი დაკარგვის შემეშინდა, ამიტომ ვიცრუე. მანქანა, რომელსაც ვატარებ, ჩემი უფროსისაა, ხელფასი 200 ლარი მაქვს და ბინის პრობლემაც მოსაგვარებელია. მშობლების ბინაში ჩემი უმცროსი ძმა და მისი ოთხი შვილი ცხოვრობს, მე კი იმ სახლში არაფერი მეკუთვნის''.
ზურას სიტყვების მოსმენისას თანდათან ვკარგავდი ფერს და ხელ-ფეხი მიბუჟდებოდა. ქმარი ასეთ რეაქციას არ ელოდა, ამიტომ ''დამშვიდება'' სცადა, დროებით ვაკეში ვიცხოვროთ, თან მამაშენიც დაგვეხმარებაო. სად მაქვს ბინა ვაკეში, ამოვიგმინე და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა.
ახლა ვცხოვრობთ ერთად ნათესავის ბინაში და ვცდილობთ, წარსულზე არ ვილაპარაკოთ.