ვისთან ერთად გაემგზავრებოდა თაკო ჩორგოლაშვილი უკაცრიელ კუნძულზე



პროფესია და საქმიანობა: პროფესიით იურისტი ვარ, რეალურად კი ტელეწამყვანი გახლავართ. 


საყვარელი ფილმი და ფილმის გმირი... 
ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს და ძნელია რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ჩემი საყვარელი პერსონაჟი გავროშია და ფავორიტ ფილმადაც მიუზიკლ ''საბრალონს'' დავასახელებ. 



რაზე ოცნებობ? 
ძალიან მარტივ რაღაცებზე. მინდა ვიყო ჩემი საქმის პროფესიონალი. ასევე მსურს, ჩემ გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანები მყავდნენ კარგად და შემეძლოს იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელთაც ჩემი გვერდში დგომა სჭირდებათ. 



რისი გრცხვენია? 
არ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რომ შემრცხვეს (იღიმის), მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ საქმისთვის ხელის მოკიდება და იმის კეთება, რაც კარგად არ გამოგდის, ყველაზე დიდი სირცხვილია, ამიტომ ყოველთვის ვეცდები, არ შევეჭიდო იმას, რაც არ გამომივა. ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი. რასაკვირველია, აქ ყოფით სირცხვილს, თუნდაც ქუჩაში შიშვლად გასვლას არ მოვიაზრებ. 



გადაცემა, რომელშიც სიამოვნებით მიიღებდი მონაწილეობას, მიწვევის შემთხვევაში... 
ასეთ გადაცემებში უკვე მივიღე მონაწილეობა, ერთი იყო ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და მეორე - ''ადრენალინი''. მოცემულ სიტუაციაში, სატელევიზიო სივრცეში ნაკლებადაა ისეთი გადაცემები, რომელშიც მონაწილეობის დიდი სურვილი მექნებოდა. 

ბავშვობაში ყველაზე ხშირად რას თამაშობდი... 
''წრეში ბურთი'' ან ''დამალობანა''. 



დაასახელე სამი სურვილი, რომლის ასრულებასაც ოქროს თევზს სთხოვდი. 
პირველი, ყოველთვის მქონდეს ჩემი საყვარელი საქმე, რომელსაც სულ გავაკეთებ. მეორე, შემეძლოს ქვეყნის ყველა ადგილსა და წერტილში მოგზაურობა და მესამე სურვილი იქნება ის, რომ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, სურვილების უსასრულოდ ახდენისათვის. როდისმე თუ ოქროს თევზს დავიჭერ, მესამე სურვილი სწორედ ეს იქნება, რომ მეორედ მისი დაჭერა აღარ მომინდეს. 

ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე? 
ესაა ადამიანი, რომელთან ერთადაც ნებისმიერ ადგილას წავიდოდი, მაგრამ ხან ჩემი და ხან მისი მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებთ ერთად სადმე წასვლას, ამ სურვილის ასასრულებლად კი ჩემს მეგობარ სალომე შანშიაშვილთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე გავემგზავრებოდი, რადგან ვიცი, რომ ყველაზე კომფორტულად ვიქნები. 

ვახშამი მსოფლიო ადამიანთან. 
დიდი სიამოვნებით ვივახშმებდი მერილ სტრიპთან და შეხვედრის ადგილს ჩემთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, შევხვდებოდი თუნდაც თბილისის ნებისმიერ უბრალო კაფეში. 

საყვარელი სიმღერა და მომღერალი. 
სიმღერას ყოველთვის განწყობის მიხედვით ვირჩევ, ამიტომ გამიჭირდება ერთი კონკრეტულის გამოყოფა. იმავეს თქმა შემიძლია საყვარელ მომღერალთან დაკავშირებითაც, მაგრამ მაიკლ ჯეკსონი არის შემსრულებელი, რომელსაც ყველანაირ ხასიათზე მყოფი ვუსმენ. 



შენი იდეალი. 
ჩემი იდეალი ყოველთვის არის დედა. 



ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''