გუშინ ''იქს ფაქტორის'' ყველაზე მძიმე ტური ვნახეთ. მწვრთნელებს საკუთარი გუნდიდან ექვსი კონკურსანტის გაშვებამ მოუწიათ. ''საშინელ ხასიათზე ვარ და ეს ხასიათი დიდ ხანს გამყვება'' - თქვა ტურის ბოლოს სტეფანემ. სალომე ტეტიაშვილი ის კონკურსანტი იყო, რომლის ბედზეც მენტორმა ყველაზე დიდხანს, ხუთი წუთის განმავლობაში იფიქრა.
- სალომე, გილოცავ ოთხეულში მოხვედრას. ბევრი განერვიულეს. უშვებდი იმას, რომ სტეფანეს შესაძლოა არ გადაეყვანე?
- რა თქმა უნდა, ვუშვებდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი და ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
- ხუთი წუთის განმავლობაში ელოდი ''განაჩენს''. ალბათ ბევრ რამეზე მოასწარი ფიქრი. ყველაზე მეტად ვისზე ღელავდი?
- დედაზე, ჩემს მეგობრებზე და ხალხზე, არ მინდოდა მათთვის იმედი გამეცრუებინა.
- ხალხი შენს სახელს სკანდირებდა დარბაზში... დედას ხედავდი მაყურებელთა რიგებში?
- არა, ვერაფერს ვხედავდი ისეთ ემოციებში ვიყავი და იმდენად ვღელავდი, სანამ გადაწყვეტილებას მოვისმენდი.
- შენს გამო პროექტი დატოვა თიკა ბალანჩინმა. ხომ არ გისაუბრიათ ამ დღის მერე შენ და თიკას?
- არა, არ გვისაუბრია, მაგრამ მას ჩემს გამო არ დაუტოვებია პროექტი. შედეგებთან მონაწილეები არაფერ შუაში არ ვართ, ყველაფერს მენტორი წყვეტს. ამიტომ თუ ვინმემ პროექტი დატოვა, ამაში მონაწილეები დამნაშავე არ ვართ. თიკა ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან მიყვარს. უკვე აღვნიშნე, რომ ბევრმა ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი, მაგრამ ამას ხომ ჩვენ არ ვწყვეტთ. ვისაც არ უნდა დაეტოვებინა პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში ხალხისგან იგივე რეაქცია წამოვიდოდა, რადგან ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს და რთულია, როცა შენიანი ტოვებს შოუს. ცოტა აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ, თიკა როგორ გააგდოო, წერდნენ, მაგრამ თიკას ადგილას მე რომ ვყოფილიყავი თიკასკენ წავიდოდა აგრესია. ყველა მონაწილის შემთხვევაში იგივე მოხდებოდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში მონაწილეები დამნაშავე არ ვართ.
- შენ რომ სტეფანეს ადგილას ყოფილიყავი, ვის ააყენებდი ტეტიაშვილის გამო სკამიდან?
- ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, არ ვიცი, იმიტომ, რომ უძლიერესი ათეული იყო და ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში რომელიმეს სახლში გაშვება.
- მომეჩვენა თუ კაბასა და ქუსლებზე არაკომფორტულად გრძნობდი თავს?
- არ მოგეჩვენა, ნამდვილად ასე იყო (იღიმება). ძირითადად ჯინსებითა და კედებით დავდივარ. ძალიან შორს ვარ კლასიკური სტილისგან. ამიტომ საშინელ დისკომფორტს მიქმნის ასეთი სამოსი, ისევე როგორც დიდი დოზით მაკიაჟი.
- ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებზეც მინდა გკითხო. დიდი ამბავი ატყდა სოციალურ ქსელში. როგორ ჩაუვარდათ ეს ფოტოები ხელში ჟურნალისტებს?
- ''ფეისბუქზე'' უკვე 5000 მეგობარი მყავს და მეტს ვეღარ ვიმეგობრებ, ამიტომ პირადი კედელი გახსნილი მაქვს. ყველას შეუძლია სიახლეების ნახვა. შესაბამისად ამ ფოტოებზეც ხელი მიუწვდებოდათ, მათ შორის ჟურნალისტებსაც.
- ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდი, მას მერე ხომ არავინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
- დაშორების შემდეგ დაახლოებით სამი თვე გავიდა. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არავინ გამოჩენილა. იმდენად ვარ კარიერაზე გადართული, რომ სიყვარულზე არც ვფიქრობ. თან არც არსებობს ისეთი ობიექტი, ვის მიმართაც პატარა სიმპატიები მაინც მექნება. მოკლედ მარტო ვარ (იცინის).
- სალომე, რომ ამბობენ სალომე ტეტიაშვილს თავში აუვარდაო, როგორ გგონია, რა საფუძველი აქვთ ამის?
- ერთადერთი თემაა რომლის საფუძველს მართლა ვერ ვხვდები. არ ვიცი რატომ ამბობენ ამას. ადამიანში ყველაზე მეტად უბრალოება და თავმდაბლობა მომწონს და ვცდილობ მეც ასეთი ვიყო. ასე გავიზარდე და რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო ასეთივე დავრჩები, უშუალო, უბრალო და თავმდაბალი. ეს ადამიანის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
- გაღიზიანებს, როცა მსგავსი ტიპის კომენტარებს კითხულობ შენს შესახებ?
- არ ვღიზიანებდი. ყველას ვერ ვეყვარები. ასეთები ვართ ქართველები, ვცდილობთ ყველას რაიმე ნაკლი ვუპოვოთ. ყველას ჰგონია, რომ თავად უკეთ გააკეთებს ყველაფერს იმას, რაც შენში არ მოსწონს.
- წარმატებებს გისურვებ.
- მადლობა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''