მომინანქრებულ ქვაბზე მიმწვარი საკვები – ეს არა მხოლოდ გაფუჭებული პროდუქტებია და ცუდი ხასიათის მიზეზი, არამედ გადაუჭრელი პრობლემაც დიასახლისებისთვის.
ამ დროს, გარდა იმისა, რომ ხელახლა უნდა გავაკეთოთ საჭმელი, იმაზე თავის მტვრევაც მოგვიწევს, როგორ მოვაშოროთ ქვაბს მიმწვარი საკვები.
ნუ მივარდებით ლითონის სახეხს. დაასხით მაშინვე ცხელ ქვაბს წყალი, მაგრამ არა ცივი, არამედ ცხელი. მინანქარს არ უყვარს ტემპერატურის ცვალებადობა.
ახლა მოამზადეთ მარილის ხსნარი, გადმოასხით ქვაბიდან ცხელი წყალი და მის მაგივრად ჩაასხით მარილწყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ მანამ, სანამ მიმწვარი საკვები მთლიანად არ მოსცილდება ქვაბს. შემდეგ გარეცხეთ ქვაბი სუფთა წყალში და გაამშრალეთ.
არსებობს სხვა ნაცადი მეთოდებიც:
ჩაასხით ქვაბში თბილი წყალი, დაუმატეთ 4-5 სუფრის კოვზი საჭმლის სოდა, მოურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დადგით ცეცხლზე და ადუღეთ დიდხანს, დაახლოებით 1,5-2 საათი. თუ ქვაბი არ გასუფთავდა სათანადოდ, გაიმეორეთ პროცედურა ახალი სოდიანი ხსნარით.
თუ მომინანქრებული ქვაბის კედლებზე გაჩნდა ყვითელი ნადები, გაავსეთ ის წყლით და ჩაასხით მასში ძმარი (1 ლიტრ წყალზე 5 სუფრის კოვზი ძმარი). ადუღეთ დაახლოებით 2 საათი. თუ გსურთ, რომ თქვენი ჭურჭელი მუდამ ქათქათა იყოს, ამ პროცედურის გაკეთება რეკომენდებულია თვეში ერთხელ.
შეგიძლიათ მიმართოთ ხალხურ მეთოდს, რომელიც იდეალურად გაასუფთავებს ქვაბს ცხიმისგან, სიყვითლისგან და სხვა ჩამჯდარი ჭუჭყისგან. დიდ ჭურჭელში (ისეთში, რომ მთლიანად ჩაეტიოს ქვაბი) აადუღეთ წყალი. დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი სოდა და ერთი ქილა საკანცელარიო წებო (ეს პროპორციები ერთ ლიტრ წყალზეა). აცალეთ, რომ ადუღდეს, ჩადეთ ჭურჭელში ქვაბი და კვლავ ადუღეთ ნახევარი საათი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში.
რჩევა: სახეხი საშუალებებით მომინანქრებული ჭურჭლის გახეხვა არ არის რეკომენდებული, ემალი ადვილად დაზიანდება.