მიმდინარე წლის აპრილში, ყირიმ-კონგოს დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა. წელს აღნიშნული დაავადების სულ 5 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს დაავადება საკმაოდ მძიმეა, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ჯერ-ჯერობით შემთხვევები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გვხვდება. დაავადების კერა თბილისშიც არსებობს, რომელიც ძირითადად დათბობის მერე ჩნდება, როდესაც ტკიპები იწყებენ აქტივობას.
„რეპორტიორი" შეეცადა გაერკვია, რამდენადაა საშიში აღნიშნული დაავადებები და სიტუაცია საგანგაშოა თუ არა. ამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს დავუკავშირდით.
„ვირუსული ინფექციები ასეთია - ხან არის და ხან არა. ხან ცოტაა და ხან - ბევრი. მთელ მსოფლიოში ასეა, არამარტო საქართველოში. ვირუსული მენინგიტი საშიში დაავდება ნამდვილად არ არის. დღეისთვის 140 -მდე ავადმყოფია რეგისტრირებული. ავადმყოფებმა საკმაოდ ნორმალურად გადაიტანეს ეს დაავადება. დაავადების პრევენციისთვის, საჭიროა ხელების რეგულარული დაბანა, რაც დეზინფექციაა. საპანიკო არაფერი არ არის. თუ ბავშვს ექნება მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და თავის ტკივილი, აუციელბლად ექიმმა უნდა ნახოს. რაც შეეხება ყირიმ-კონგოს დაავადებას, იშვიათი დაავადებაა, მაგრამ მძიმე. ძირითადად ფერმერებს და იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველებთან აქვს შეხება, მოვუწოდებთ, საქონელისთვის ტკიპის გაცლის დროს აუცილებლად გამოიყენონ ხელთათმანი! არ შეიძლება ღია ხელით მოაშორონ ტკიპა. მინდორში მუშაობისას, სხეული აუცილებლად უნდა დაიფარონ, რომ ტკიპა არ შეაცოცდეთ! თუ ტკიპა უკბენთ, 2-3 დღის განმავლოაბში თუ სიცხემ მისცა, აუციელბლად უნდა მიმართონ ექიმს. გავრცელებულია ასევე წითელაც. ყველას, ვინც წითელაზე არაა აცრილი, უნდა აიცრას, რომ არ დაავადდეს", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 ადამიანი ენტეროვირუსული მენინგიტის დიაგნოზით მოათავსეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს მენინგიტის სიმპტომებით 32-მა ადამიანმა მიმართა. ექიმების განცხადებით, დღევანდელი 7 შემთხვევა მძიმეა, მაგრამ არა - საგანგაშო.