46 წლის ამერიკელს, უკანალის გაზრდის სანაცვლოდ, ხელებისა და ფეხების ამპუტაცია გაუკეთეს

ეს გამაოგნებელი ისტორია 46 წლის ამერიკელ ქალბატონს გადახდა. ერთი შეხედვით სიმპათიურმა ქალბატონმა გადაწყვიტა, სილამაზისთვის მსხვერპლი გაეღო და საბოლოო ჯამში, ინვალიდად იქცა.


სილამაზის მსხვერპლი ახლა ყველა ქალბატონს მოუწოდებს, მისი შეცდომები აღარ გაიმეორონ.

ბავშვობაში ეიპრილ მიშელ ბრაუნი ხშირად ისმენდა თანატოლებისგან მისი სხეულის მიმართ დამცინავ გამონათქვამებს – მას "გამომცხვარი ბლინი" შეარქვეს. მაშინ ეიპრილმა გადაწყვიტა და საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ გაიზრდებოდა, აუცილებლად გაიზრდიდა უკანალს.


2004 წლიდან ეიპრილის ცხოვრება რადიკალური ცვლილებებისკენ წავიდა. მის სილამაზის სალონში შევიდა 2 კლიენტი იმისათვის, რომ თმის ვარცხნილობა გაეკეთებინათ. ერთ-ერთმა მათგანმა ბრაუნს საოცარ პროცედურებზე უამბო, რომელსაც სახლში დამოუკიდებლად იკეთებდა.

"ქალმა მომიყვა, რომ დაქალს უკანალი ინექციებით გაუზარდა. მისმა მეგობარმა ქალმა მაჩვენა კიდეც შედეგი, რომლითაც აღვფრთოვანდი. მახსოვს, ვიფიქრე, რომ ამ ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში საოცრებას მოახდენდა.

იმ წამსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქ ქალისთვის მეთხოვა, ჩემი უკანალიც გაეზარდა ამ ჯადოსნური სილიკონით." - ყვება 46 წლის ინვალიდი ქალი.

ეიპრილმა რამდენიმე პროცედურის თანხა, 980 დოლარი წინასწარ გადაიხადა და ადამიანს, სამედიცინო განათლების გარეშე, მისცა უფლება, უცნობი ნივთიერება შეეყვანა მის სხეულში.

როგორც The Sun აღნიშნავს, მოგვიანებით ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ-ექიმს ეიპრილის სხეულში საწარმოო სილიკონი შეჰყავდა.

ბრაუნი ნემსისგან გამოწვეულ საშინელ ტკივილებს იტანდა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მალე სანატრელ შედეგს მიიღებდა. თუმცა ბოლო ორ პროცედურაზე უარი თქვა, რადგან ტკივილები გაუსაძლისი გახდა.

მიუხედავად ამისა, ეიპრილის მდგომარეობა უსაშველო აღმოჩნდა. ორ წელიწადში სხეულის ის ნაწილი, სადაც ინექცია შეჰყავდათ, ერთიანად გაშავდა.

ქალი ტკივილებისგან იტანჯებოდა და მუჭობით გამაყუჩებელს სვამდა, მაგრამ ექიმთან ჯიუტად არ მიდიოდა – მას რცხვენოდა, აეხსნა ამ ტკივილების მიზეზი.

მაგრამ, როცა ხელები და ფეხები გაუშავდა, ეიპრილი იძულებული გახდა, ექიმისთვის მიემართა.

ქირურგებმა ცოცხალ-მკვდარი პაციენტი ხელოვნურ კომაში ჩააგდეს და 27 ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, დუნდულებისა და ზედა და ქვედა კიდურების ამპუტაცია.

ბრაუნმა საავადმყოფოში 6 თვე გაატარა, მაგრამ იქიდან მყარი გადაწყვეტილებით გამოვიდა - მიუხედავად პროთეზების სიმრავლისა, მიჰყოლოდა აქტიურ ცხოვრების წესს.

"უამრავი ცრემლი ვღვარე, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვისწავლე სიარული ფეხით, ველოსიპედით, ცურვაც კი. შეჯიბრებებშიც კი მივიღე მონაწილეობა და ერთხელ გავიმარჯვე კიდეც! – ამბობს ინვალიდი ეიპრილი. – ჰო, მე არ ვიჩივლე კომპენსაციის აღების მიზნით.

ვფიქრობ, რომ იმიტომ გადავრჩი, ჩემი ისტორია სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მინდა, ყველას ვუთხრა: შეძელით, შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთად, როგორადაც ბუნებამ გაგაჩინათ!" – ამბობს ბრაუნი.