ვინ აიძულა თვითმკვლელობა არასრულწლოვანს?

15 წლის თინათინ მელაძე საკუთარი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა იპოვეს.

ეს ტრაგიკული ისტორია ჩვენს მკითხველს ნათლად დაანახებს, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც შენ არ ხარ ყველას მსგავსი, გაცვია განსხვავებულად და ამის გამო საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ხდები.


ამ სტატიით შევეცდებით, დაგანახოთ საზოგადოების სახე, რომელიც მზად არის, ლინჩის წესით გაგასამართლოს, თუ შენ მათ მიერ დადგენილ ყველა წესს არ ემორჩილები. ეს ამბავი სულ რამდენიმე დღის წინ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მოხდა. პრესაში აქტიურად გაშუქდა ნიუსები, რომ 15 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ სევდიანი ნიუსის იქით კი საკმაოდ სერიოზული პრობლემა იმალება. მოკლედ, 18 მარტს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სოფელ ფარცხანაყანებში 15 წლის თინათინ მელაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. გოგონა საკუთარი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა იპოვეს. ის ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ. გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

"პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ თინათინ მელაძეს ბებია ზრდიდა. სოციალური პრობლემების გამო დედა საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში იყო სამუშაოდ წასული. ქუთაისის #7 საჯარო სკოლაში მას დადებით და მოწესრიგებულ მოსწავლედ ახასიათებენ, რომელსაც სკოლაში სერიოზული პრობლემები არასდროს ჰქონია, თუმცა ჩვენთან საუბრისას მისი მეგობრები ყვებიან, რომ თინათინს პრობლემები ჰქონდა სოფელში, რის გამოც ერთხელ ვენების გადაჭრაც კი სცადა. ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდი თანასოფლელების გაკიცხვის ობიექტად მხოლოდ იმიტომ იქცა, რომ მისი ჩაცმულობა არ მოსწონდათ. როგორც ჩანს, ადგილობრივების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ თინათინიც ზუსტად ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც სხვა მისი თანატოლები. ჩვენ, მათი ასაკის გამო, არ დავასახელებთ თინათინის იმ მეგობრების ვინაობას, რომლებიც მომხდარის შესახებ გვესაუბრნენ, თუმცა გეტყვით, რომ თითქმის ყველა მათგანი საგამოძიებო ორგანომაც დაკითხა, რომელიც ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას – ვინ მიიყვანა 15 წლის მოზარდი თვითმკვლელობამდე? ერთ-ერთი მეგობარი, რომელთან ერთადაც თინათინი პირველი კლასიდანვე სწავლობდა გვიყვება, რომ „თიკას დაახლოებით ხუთი თვის წინ ჰყავდა შეყვარებული, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო და რამდენჯერმე შეხვდა კიდეც. მათ თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში დაშორდა და აღარ შეხვედრია. იანვრის ბოლოს თინათინი სკოლაში მოვიდა და მას ხელზე ვენები ჰქონდა დასერილი. როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს მიზეზი, მან უპასუხა, რომ სოფელში წასვლა არ უნდოდა და სძულდა იქაურობა, რადგან მასზე ჭორაობდნენ მისი ჩაცმულობის გამო. ამ ფაქტის გამო, თინათინს მეგობრებმა უსაყვედურეს და სთხოვეს, მსგავსი „სისულელე აღარასოდეს გაეკეთებინა. გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობარი კი გვიყვება იმ დღიურის შესახებ, რომელსაც თინათინი აწარმოებდა. უბის წიგნაკი ამჟამად გამოძიებას აქვს ამოღებული მტკიცებულების სახით. ამ წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი მისი მეგობრებისთვისაც მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი.

დღიური რომ ჰქონდა, ვიცოდით, მაგრამ რას წერდა ამ დღიურში ჩვენც ახლა გავიგეთ. იქ იყო პირადი ჩანაწერები, რომელშიც ჩახატულია სახრჩობელაზე დაკიდებული გოგონა და გაკეთებულია მინაწერები: თავს მოვიკლავ, მერე რა, მე არავის შევუშლი ამით ხელს, უფრო კარგიც იქნება, რადგან უფრო მოაკლდება ჩემნაირი რეგვენი ამ ქვეყანას“; "სიკვდილიიიიი" "რა საზიზღრობაა" "მე მოვიკლავ თავს, რადგან სიკვდილია ჩემი ხსნა"; "სიკვდილი მინდა". "იცი, როგორ ჩამიჯდა თავში ეს ჩამოხრჩობა, აი, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მავიწყდება თუ არ ვაკეთებ, არ ვიცი. აუ, როგორ მინდა, ძალიან მინდა სიკვდილი", – გადმოგვცემს დღიურში გაკეთებულ ჩანაწერებს თინათინის ბავშვობის მეგობარი.

"პრაიმტაიმი" დაუკავშირდა ქუთაისის #7 საჯარო სკოლის პედაგოგს ნატო ფორჩხიძესაც, რომელიც თინათინის კლასის დამრიგებელი გახლავთ. მისი თქმით, თინათინი იმდენად მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, რომ სუიციდისკენ მიდრეკილება მისთვის არასდროს შეუმჩნევია.

"თინათინი იყო სკოლაში მშვიდი გოგონა, საკმაოდ გაწონასწორებული, კლასელებთან და მეგობრებთან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. ის იყო საშუალო აკადემიური მოსწრების ბავშვი. ძალიან იშვიათად, თუ თიკო სკოლაში არ მოვიდოდა. მას ყურადღებას აქცევდა ბებო, რომელიც ხშირად დადიოდა ყოველ კრებაზე და იგებდა მის ამბავს. კრება ტარდება, საშუალოდ, ორ თვეში ერთხელ, შეიძლება თვეში ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების აკადემიური მოსწრება არ არის სასურველი", – გვიყვება სკოლის პედაგოგი.

კლასის დამრიგებლის თქმით, მარიამისთვის იმ დღესაც საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, თუმცა ცოტა ხნის წინ მან გოგონა ატირებული ნახა. როდესაც დამრიგებელი მიზეზით დაინტერესდა, თინათინმა უპასუხა, რომ დედა ენატრება.

"18 მარტს თიკო ჩვეულებისამებრ იყო სკოლაში დილიდან, მისთვის რაიმე პრობლემა არ შემინიშნავს. მე-6 გაკვეთილზე, რომელიც ჰქონდათ ფიზკულტურა, მივაკითხე მათ და რატომღაც თიკოს შევეკითხე, ხომ ხარ კარგად-მეთქი, მიპასუხა: კი, ნატო მასწავლებელო, კარგად ვარო და თან გაიცინა. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ თიკო დილით მოვიდა სკოლაში. კლასში რომ შევედი, დავინახე, თვალები ჰქონდა ცრემლიანი, შევეკითხე, რატომ ტირი-მეთქი, შეყვარებული ხომ არ ხარ ან რამე სხვა პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი? მიპასუხა, არა, შეყვარებული არ ვარ, ნატო მასწავლებელო, დედა მენატრებაო. მას სკოლაში ვინმესთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონდა", – ამბობს ნატო ფორჩხიძე.

თინათინ მელაძის ცხედარს სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი "პრაიმტაიმი" შეეცადა, ფსიქოლოგთან გაერკვია, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც არასრულწლოვანი მოულოდნელად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

ჩვენ ამ თემაზე ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძეს ვთხოვეთ განმარტება:

– რთულია აქ ერთ მიზეზზე საუბარი. საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემასთან. ზოგადად, თუ ბავშვს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, მხოლოდ ამან არ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს, მისი ეს თვისება ძლიერდება კონკრეტულ გარემოში. მე თუ არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს და ამავე დროს გარემოც არ დამინდობს და დამცინის, გამოდის, რომ ყველგან უარყოფილი ვარ. მიჩნდება და თანდათან მიძლიერდება აზრი, რომ მე ვარ აბსოლუტურად მიუღებელი. ამ ყველაფერს შემდეგ თან ახლავს დეპრესია. ეს შემთხვევა მაინც არ შეიძლება განვიხილოთ აფექტად.

– მას მეგობრებთან ჰქონდა საუბარი, რომ სოფელში მასზე ჭორაობენ და კიცხავენ მისი ჩაცმულობის გამო.რამდენად დგას ამ შემთხვევაში სოფლის, ანუ გარშემომყოფი საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხ

– არ შეიძლება გამორიცხული იყოს ფსიქიკური ფაქტორებიც. შეიძლება მთელი სოფელი მასზე არ ჭორაობდა, მაგრამ მას ასე ეჩვენებოდა. ძალიან რთული შინაგანი პროცესები შეიძლება მიმდინარეობდა ამ ბავშვში. რასაკვირველია, დგას სოფლის პასუხისმგებლობა, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მოწყვლადია, და ამ ფონზე მას კიდევ აღიზიანებენ. მით უმეტეს, ეს ბავშვი იზრდებოდა ბებიასთან. ცხადია, მას ექნებოდა შინაგანი პრობლემები. სავარაუდოდ, დედა რასაც უგზავნიდა, თვლიდა, რომ ეს ლამაზი და კარგი ტანსაცმელია და დედის ნოსტალგიას ამით იკმაყოფილებდა. ამაში ვერ გაუგეს თანასოფლელებმა, რადგან განსხვავებული იყო. და როგორც წესი, რაც განსხვავებულია, ჩვენთვის მიუღებელია. როდესაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ძალადობრივ ფორმებს იყენებენ და სხვა ალტერნატივაზე არც კი ფიქრობენ, ამ დროს მოწყვლადი ფენის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან მსხვერპლნი. მით უმეტეს როდესაც საქმე გვაქვს არასრულწლოვანთან. ეს არის ყველაზე მწვავე ასაკი. გარდატეხის ასაკში ხდება მთელი ფსიქო-ფიზიოლოგიური ცვლილებები და ამ დროს ყველაფერი შეიძლება გახდეს ფატალური შედეგის მიზეზი. ამიტომ, განსაკუთრებით ამ ასაკში, ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და არა გარიყვა, ან გაკიცხვა იმის გამო, რომ ის არ არის შენნაირი.

– ჩვენ ვესაუბრეთ მის პედაგოგს, რომელმაც გვითხრა, რომ თინათინისთვის ფსიქიკური პრობლემები არასდროს შეუნიშნავს და რომ ის ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი ბავშვი იყო.

– მშვიდი და გაწონასწორებული შეიძლება იყო გარეგნულად, თუმცა ჩვენ არ ვიცით მისი შინაგანი მდგომარეობა. რას გრძნობდა და რა პრობლემები ჰქონდა ბავშვს. შესაძლოა, ჰქონოდა ფარული დეპრესია, რომელიც გარეგნულად არ გამოიხატებოდა.

– არსებობს გოგონას დღიური, სადაც აკეთებდა სიუციდთან დაკავშირებულ ჩანახატებსა და თვითმკვლელობის შესახებ ჩანაწერებს.

– ეს ადასტურებს, რომ ბავშვს ნამდვილად ჰქონდა ფარული დეპრესია. გარეგნული სიმშვიდე და გაწონასწორებულობა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მის ფსიქიკაში ყველაფერი რიგზეა. როგორც ჩანს, ამას არ მიექცა სათანადო ყურადღება, როგორც პედაგოგების მხრიდან, ასევე ახლობლებისგან.

– ზოგადად, არასრულწლოვნებში გახშირებული თვითმკვლელობების მაპროვოცირებელი რამდენად შეიძლება იყოს სეზონური ფაქტორი. ამბობენ, რომ გაზაფხულზე თვითმკვლელობის რიცხვი საგრძნობლად მატულობს...

– ეს არის ყოფითი აზრი, თუმცა ცხადია, არსებობს საგაზაფხულო და საშემოდგომო დეპრესიები. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში გამწვავების პერიოდები სწორედ გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც ბუნებაში ირღვევა ე.წ. ჰომეოსტაზი, ანუ გადავდივართ ერთი მდგომარეობიდან, მეორეში.

15 წლის თინათინ მელაძის ტრაგიკული ისტორია ერთადერთი არ გახლავთ. გასულ კვირას კიდევ ერთი მძიმე ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 16 წლის გოგონამ სანადირო თოფით მოიკლა თავი. ვერსია, რომელიც სოფელში იმავე დღეს გავრცელდა, კიდევ უფრო შოკისმომგვრელია. ირკვევა, რომ მუსლიმანურ ოჯახში გაზრდილ არასრულწლოვანს ახლობლები, რელიგიური ტრადიციების თანახმად, მათთვის სასურველ მამაკაცზე ათხოვებდნენ, გოგონას კი სხვა უყვარდა. სოფლის რწმუნებულის ბახოლდინ სეიდოვუს თქმით, მშობლებმა გოგონას სხვა მამაკაცზე გათხოვება გადაწყვიტეს, მას კი შეყვარებული ჰყავდა.

"გოგონას მამამ დარეკა, რომ მისი შვილი დაენიშნათ. ამ გოგონას უკვე შეყვარებული ჰყოლია და რადგან მშობლებმა იმ ბიჭზე უარი თქვეს, თავი მოიკლა. ნათესავის ორმოცი ჰქონდათ გუშინ და მთელი ოჯახი იქ იყო წასული, ბავშვმა ამ მომენტით ისარგებლა. სახლში დაბრუნებულებს გოგონა მკვდარი დახვდათ", – ამბობს ბახოლდინ სეიდოვი.

გოგონას ახლობლები გამოძიებამ დაკითხა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 16 წლის სამირა ბახტუროვამ. ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

რამდენიმე კვირის წინ, ოჯახში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი 18 წლის თაკო ყურშავიშვილმაც. გოგონას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. შემთხვევა ყურშავიშვილების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, 18 წლის გოგონამ თავი შეყვარებულის გამო მოიკლა, მიზეზი კი ის გახდა, რომ ყოფილმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანა. თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე მუხლით მიმდინარეობდა ძიება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც სალომე გვასალიას თვითმკვლელობას ეხება. რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, გოგონა მუხათგვერდის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა საზოგადოებისთვის უნდა იყოს გაფრთხილება, რათა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ადამიანები სხვის, მით უმეტეს არასრულწლოვნის პრობლემებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არასრულწლოვნებში გახშირებულმა სიუციდის შემთხვევებმა სკოლებში ფსიქოლოგიის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა დაადასტურა.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"