''ბოლო ერთი წელია ძილი და მოსვენება დავკარგე, დამამშვიდებლის გარეშე ვერ ვიძინებ. ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი ვის მოვუყვე, რჩევა ვის ვკითხო...'' - სასოწარკვეთილი ხმით დაიწყო ლაპარაკი შავგვრემანმა, ორმოც წელს გადაცილებულმა ქალბატონმა. ის დროდადრო ცრემლებსაც ვერ იკავებდა, გრძელი თითებითა და მოვლილი ფრჩხილებით, რომელსაც მუქი წითელი ლაქი უფარავდა, ღაწვებს იწმენდდა...
- ალბათ ბევრი შემომნატრის მე, ჩემს შვილებს, მეუღლეს და საერთოდ მთელ ოჯახს. ერთი შეხედვით ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს: ორსართულიანი სახლი, თანამედროვე, ახალი რემონტით, ძვირად ღირებული ავეჯითა და ტექნიკით. მე და ჩემს მეუღლეს ორივეს მანქანა გვყავს და ამ დღეებში ჩემი უფროსი შვილიც მანქანას იყიდის. ორი დამხმარე ქალი მყავს, ერთი სადილებს გვიმზადებს და მეორე სახლს გვილაგებს. ფაქტობრივად,
მთელი დღე უსაქმოდ ვარ. ვუყურებ სულელურ სერიალებს, დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვამ, დაქალებში დავდივარ ან ისინი მსტუმრობენ და ასე გადის დღეები. რამდენიმე წლის წინ კი ვმუშაობდი, მაგრამ რაც ჩემმა მეუღლემ კარგი თანამდებობა მიიღო, მერე კი უკეთეს ადგილას გადაიყვანეს, მუშაობა ამიკრძალა. ასე მითხრა, სამსახურში კაპიკებისთვის სიარულს, მირჩევნია სახლში იყო და შვილებს მიხედოო. სამი შვილი გვყავს. პირველი ბიჭია, მომდევნო გოგონები არიან.
- ბუნებრივია, არ გთხოვთ თქვენი მეუღლის სამუშაო ადგილის დასახელებას, მაგრამ რომელ სფეროში მოღვაწეობს, ის მაინც ვთქვათ...
- ენერგეტიკოსია. ამ პროფესიით უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობს. მცირე ხანს გერმანიაშიც იმყოფებოდა, კვალიფიკაცია აიმაღლა და საქართველოში რომ დაბრუნდა, უფრო მეტად დააფასეს. დღე და ღამე მუშაობს, მისთვის არც გამოსასვლელი დღეები არსებობს და არც დღესასწაული. თუმცა ალბათ საწუწუნო არაფერი გვაქვს. ის რომ არა, ასეთ ფუფუნებაში ვერ ვიცხოვრებდით. თანაც, ძალიან კეთილი მეუღლე მყავს, ბევრს ადამიანს უწვდის დახმარების ხელს.
- ფუფუნებაში ცხოვრობთ, მაგრამ მაინც პრობლემები გაქვთ...
- დიახ, საქმე ისაა, რომ ჩემი ქალიშვილი კლეპტომანია, ხოლო დედამთილი მეზობლებში და ქუჩაში დადის და მათხოვრობს. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე. ჩემი უმცროსი ქალიშვილი 16 წლისაა. ნათლიამისის დაბადების დღეზე ვიყავით. ბავშვები გვერდით ოთახში კომპიუტერს უსხდნენ. სწორედ იმ დღეს მოუპარავს ჩემს ქალიშვილს ნათლიამისის ცალი საყურე, ერთი ბეჭედი და სამაჯური. იმ დღეს იმ ოთახში ჩვენი შვილების გარდა არავინ შესულა, მაგრამ აბა, როგორ დაადებდნენ ნათიას ხელს და ქურდობას როგორ დასწამებდნენ?! როცა ჩემი მეგობარი დაკარგული ნივთების შესახებ მომიყვა, წამითაც არ დამიშვია, რომ ამას ჩემი ქალიშვილი ჩაიდენდა. რამდენიმე კვირის შემდეგ სამკაული ნათიას ოთახში აღმოვაჩინე...
გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ერთი სული მქონდა, ჩემი შვილი სკოლიდან დაბრუნებულიყო, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი. როგორც კი ნათია სახლში შემოვიდა, თავი ვერ შევიკავე, თმაში ვწვდი და ოთახში შევათრიე. სამკაულებთან მივიყვანე და მკაცრად მოვთხოვე აეხსნა, სამკაული მასთან საიდან გაჩნდა. ნათიამ გაიკვირვა და მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ცხადია, არ დავუჯერე, მაგრამ ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა, მივხვდი, არ მატყუებდა. არ ვიცოდი, სამკაული ჩემი მეგობრისთვის როგორ დამებრუნებინა, რა თქმა უნდა, სიმართლეს ვერ ვეტყოდი და მორიგი სტუმრობისას ეს ნივთები ჩუმად შევიტანე აბაზანაში და კარადაში შამპუნების გვერდით მოვათავსე. იმავე საღამოს დაქალმა გახარებულმა დამირეკა, ჩემი სამკაული აბაზანაში ვიპოვე, ეტყობა იქ დავაწყვე და აღარ მახსოვდაო. ამის შემდეგ ხან ერთი მეგობრისგან ვისმენ, რომ რაღაცას კარგავენ და ხან მეორისგან. მერე ნათიას ოთახში შევდივარ და თავდაყირა ვაყენებ. იმ ნივთებს ხან ვპოულობ და ხან ვერა. ჩემი ქალიშვილი კვლავ გაკვირვებულია და ამბობს, რომ ქურდობის შესახებ არაფერი ახსოვს და საერთოდ, ჰგონია, რომ ამას ვიღაც სხვა აკეთებს, რომ მე ჩემი შვილი დავსაჯო. თავიდან მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი კლეპტომანია და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
- იქნებ დახმარებისთვის ფსიქოლოგისთვის მიგემართათ?
- რას ამბობთ?! მაშინვე მთელ ქალაქს მოედება, რომ ამა და ამ თანამდებობის პირის ქალიშვილი ქურდია.
- კი მაგრამ, ქურდობასა და კლეპტომანიას შორის განსხვავება ხომ არის?!
- შეიძლება არის სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგრამ არა საქართველოში. ასე ვერ მოვიქცევი, ჩემი მეუღლე ამას არ მაპატიებს. ისედაც ბოლო დროს საშინელი ურთიერთობა გვაქვს, სულ გაუცხოვდა. ჩემმა დაქალმა მითხრა, შენს მეუღლეზე ამბობენ, 17 წლით პატარა გოგონასთან დადისო. არ ვიცი, საყვარელთან სიარულს როდისღა ასწრებს. სულ მუშაობს და როდისღა რჩება დრო. თუმცა ალბათ თუ სურვილი აქვს, ყველაფერს მოასწრებს ადამიანი.
- კარგით, ახლა დედამთილის შესახებ მიამბეთ...
- ჩემი დედამთილი ხუთი წლის წინ დაქვრივდა. ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ძირითადად თავის ოთახში ზის და ტელევიზორს უყურებს. იშვიათად გადის გარეთ, მაგრამ როცა გავა, თურმე მეზობლებში ჩამოივლის და წუწუნებს, ვითომ ყურადღებას არ ვაქცევთ, ექიმთან არის მისასვლელი და გამოსაკვლევად ფულს არ ვაძლევთ. იმ დღეს უთქვამს, წნევის აპარატი გამიფუჭდა, ჩემს შვილს და რძალს კი დახმარებას ვერ ვთხოვ, ფული არ აქვთ და არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოო. ეს კიდევ არაფერი, უბედურება ისაა, რომ თურმე ჩემი დედამთილი ხანდახან ქუჩა-ქუჩა მათხოვრობს. ეს რომ ვინმემ დაინახოს, ხომ მთელ ოჯახს თავი მოგვეჭრა?!
- ალბათ მასაც ფსიქიკური პრობლემები აქვს...
- ცხადია, მაგრამ რა ვქნა, როგორ მოვიქცე?! ვერც ამ ამბავს გავუმხელ ჩემს მეუღლეს და ვერც ჩვენი ქალიშვილის შესახებ ვეტყვი რამეს. ისევ და ისევ მე უნდა მივხედო ამ საქმეს, თორემ თავი მოგვეჭრება მთელ ოჯახს. თანაც, ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე არ მაპატიებს. კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ხასიათი. ნათიასა და დედამისზე არაფერს იტყვის, მომდგება და ყველაფერში მე დამადანაშაულებს. თან ხომ გეუბნებით, ყველას ჰგონია, რომ იდეალური ოჯახი გვაქვს და ბევრი შემოგვნატრის. ვერ დავუშვებ, ყველაფერი გახმაურდეს, თბილისი პატარა ქალაქია, ძალიანაც რომ გინდოდეს, აქ ვერაფერს დამალავ!..
მკითხველის ისტორია