ყაჩაღობები, მკვლელობები, ქურდობა და სხვა სახის კრიმინალური დანაშაულები ბოლო დროს გახშირდა. ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. Ambebi.ge-მ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება ცნობილ ადამიანებს შეაფასებინა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპოდენტებიც გახდნენ ქურდობის მსხვერპლი.
ია ფარულავა
– მე პირადად ვერ ვგრძნობ ამას, მაგრამ რასაც ჩემს გარშემო ვხედავ, პრესით ვკითხულობ და ტელევიზიით ვუყურებ, აშკარად მომატებულია კრიმინალი ქვეყანაში. თავს დაცულად ნაკლებად ვგრძნობ. მაგალითად, ღამე თუ მოვედი მანქანით სადარბაზოსთან, მეშინია სადარბაზოში შესვლა. ადრე ეს შიში არ მქონდა.
– თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?
– თქვენ თვითონაც კარგად იცით, რამ გამოიწვია. ალბათ პოლიტიკურმა სიტუაციამ. ბევრი კრიმინალი გამოვიდა გარეთ, არ ვიცი... გუშინ სტუმრად ვიყავი და ერთ-ერთმა გოგონამ თქვა, ჩვენს უბანში საერთოდ აღარ პატრულირებს პატრულიო. ჩემს გარშემო ამაზე გამუდმებით საუბრობს ხალხი. უკვე ჩვეულებრივად ისვრიან ახალგაზრდა ბავშვები ვაკეში, ყველას იარაღი აქვს, არასასიამოვნო სიტუაციაა.
ხატია სიჭინავა
– სამწუხაროდ, გაიზარდა კრიმინალი საქართველოში და ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. შუადღეს, 2 საათზე გაგვქურდეს. სადარბაზოში ბავშვების გამოყვანა მეშინია, რადგან უამრავი ნემსი ყრია. მთავრობის გამოცვლას მსგავსი ქაოსი თან სდევს და იმედია, მალე დალაგდება ის, რასაც დიდი ხანია გადავეჩვიეთ.
თეონა კონტრიძე
– თუ ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ სადარბაზოებში ისევ ყრია "შპრიცები", ე.ი. ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. მე თბილისში დაცვით დავდივარ, სასტუმროში ვცხოვრობ და საბედნიეროდ, გაზრდილ კრიმინალთან შეხების საშუალება ნაკლებად მაქვს. მადლობა ღმერთს!
ნანუკა ჟორჟოლიანი
– ნანუკა, გაიზარდა ქვეყანაში კრიმინალი?
– გაიზარდა დაუსჯელობის განცდა და ამის მიზეზი ალბათ არის სხვა სტატისტიკა. რას ვგულისხმობ: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად არ ისჯებიან, მაგალითად მკვლელობაში და ყაჩაღობაში ბრალდებულები. კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რანდენიმე თვის წინ, წითელ ხიდზე ესროლეს მერაბ კალანდაძეს, ძირს დაგდებულს მანქანით გადაუარეს (ეს კადრები ტელევიზიით გავრცელდა), და ის ადამიანები ჯერ დააკავეს და შემდეგ გამოუშვეს მალევე.
მაგალითად, ვაკეში ყაჩაღობა მოხდა, გავრცელდა მასალა, საქმე როგორ გაიხსნა და ის ადამიანი გამოუშვეს! კიდევ იცით ვინ გამოუშვეს ციხიდან? აი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტების შეკრება რომ იყო, გახსოვთ? საშინელი კადრები რომ აჩვენეს, გაუპატიურების; ვინც დაიჭირეს ამ საქმეზე, მთავარი მანიაკი თუ სადისტი, რაც გინდათ ის დაარქვით, აი ის გამოუშვეს საპროცესოთი! სასამართლო პროცესზე ვინც დეტალურად მოყვა, სკოჩით როგორ აბამდა და აუპატიურებდა ხალხს, კასრების საქმეზე ვინც დააკავა ამ ხელისუფლებამ, ბალიოანი. შესაბამისად, ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალების დრო მოვიდა. ასევე პრობლემაა არაკვალიფიცურად საქმის წარმოება! მაგალითად, რას ვგულისხმობ: გახსოვთ კახეთში ქმარმა ცოლს 24 ტყვია რომ ესროლა და მოკლა, საქმე იცით რა მუხლით აღიძრა? - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით, არა და, გოგო გარდაიცვალა, განზრახ მკვლელობა მოხდა.
ამას რატომ ვამბობ? მთავარი, რაც მინდა ვთქვა, არ იფიქროს ხალხმა, რომ სასამართლო უშვებს, არასწორ მუხლს უყენებს შსს და საპროცესოებს ამ ქვეყანაში პროკურატურა აფორმებს! ფორმალურსაც და არაფორმალურასც. ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ კრიმინალის მიმართ დამოკიდებულება ლიბერალურია. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა მაშინ არის ქვეყანა,
როდესაც ქუჩა კი არა, შსს არის ანგარიშგასაწევი ძალა!
ზურა ხაჩიძე
– ამ ქალაქში ვცხოვრობ და ყველაფერი ვიცი. აშკარად გაიზარდა ცუდი შემთხვევების რიცხვი, თუმცა იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება ეს პრობლემა. ცოტა ხნის წინ მეც გავხდი ქურდობის მსხვერპლი, მანქანის სარკეები მომპარეს. ჩემი აზრით, უპრეცედენტოდ მასშტაბური ამნისტია და ეკონომიური მდგომარეობა განაპირობებს ასეთი შემთხვევების გაზრდას. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავების უმოქმედობის ბრალია ის, რაც ხდება.
კრისტი ყიფშიძე
– გაიზარდა თუ არა კრიმინალი ქვეყანაში, და პირადად თქვენ თუ გამხდარხართ კრიმინალის მსხვერპლი?
– ვაიმე, ღმერთმა დამიფაროს. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, მაგრამ ტელევიზიით მსმენია კრიმინალური ფაქტების შესახებ. ძალიან სამწუხაროა ეს. მგონი, უნდა გააძლიერონ პატრული და სისტემა, რომელიც ებრძვის კრიმინალს. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პატიმარი გათავისუფლდა ციხიდან, ალბათ, საქართველოში ცხოვრებამ მოიტანა ეს, ხალხი გაბოროტებულია, რომელიც ვერ მუშაობს. მე მათხოვარი ბავშვები და ადამიანები მაწუხებს და მხვდება თვალში. ჯანმრთელი ადამიანი არ უნდა იდგეს ქუჩაში და არ უნდა მათხოვრობდეს, რაღაცა უნდა გაკეთდეს ამისთვის.
– თქვენ გეშინიათ ნატაშკას მარტო გაშვება?
– მე ჩემს შვილს მარტო არც ადრე ვუშვებდი და არც ახლა. ამ ბოლო დროს მსმენია, რომ მშობლებს შვილების მარტო გაშვების ეშინიათ. შსს-ს უნდა მივმართოთ, გააძლიერონ უსაფრთხოების ნორმები. ელემენტარულად, შუქი უნდა ენთოს ქუჩაში ყველგან, გარეთ გასვლა რომ არ შეგეშინდეს.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge