კიევში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013) შეხვედრები გააუქმა და სასწრაფოდ გადაფრინდა კოლორადოში მას შემდეგ, რაც კოლორადოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის კურსანტის დედის წერილი მიიღო, რომელიც მას აშშ-ში ჩასვლას სთხოვდა.
აკადემიის კურსანტ ქართველ ახალგაზრდასთან, კოლორადოში მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე სიუჟეტი „პოსტსკრიპტუმმა“მოამზადა.
ქართველი ახალგაზრდის - მალხაზ გელდიაშვილის დედამ წერილი მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მისწერა. მალხაზს კოლორადოში აკადემიის გამოსაშვები საღამო ჰქონდა. დედას აღებული ჰქონდა ბილეთიც, მაგრამ ჩასვლა ვერ მოახერხა:
„უცებ გადავწყვიტე, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ასე, ორ დღეში იქ ჩასულიყო, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა და „ფეისბუქის“ გვერდზე წერილი მივწერე“, - ამბობს მალხაზ გელდიაშვილის დედა.
მიხეილ სააკაშვილმა მალხაზის დედას „ფეისბუქითვე“ უპასუხა: „ახლა კიევში ვარ, მაგრამ შეხვედრები გავაუქმე და მივფრინავ კოლორადოში, თქვენი ბიჭის სანახავად“.
კოლორადოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია ერთერთი ყველაზე პრესტიჟული დაწესებულებაა ქვეყანაში. აკადემიის კურსანტებს სწავლის დასრულებას პირადად ულოცავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანი.
წელს კოლორადოში ჯო ბაიდენი ჩავიდა. ის მიხეილ სააკაშვილსაც პირადად შეხვდა და ესაუბრა, ხოლო ქართველ კურსანტს აკადემიის დასრულება მიულოცა. აკადემიაში კიდევ ორი ქართველი სწავლობს. აკადემიის კურსდამთავრებულები სამსახურს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ. ამას ის კონტრაქტი ითვალისწინებს, რომელიც მალხაზ გელდიაშვილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან აქვს გაფორმებული.