გსურთ მიიღოთ პასუხი თქვენთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვაზე?


გსურთ მიიღოთ პასუხი თქვენთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვაზე? 
ჩაიფიქრეთ კითხვა და აირჩიეთ 12-დან ერთ-ერთი ნახატი. თითოეულში დამალულია იგავი, რომელიც თქვენს კითხვაზე პასუხს იგავებით გასცემს და სწორ გზას მიგანიშნებთ.

1. სიყვარული
ერთ ძლევამოსილ მეფეს ტახტის მემკვიდრე უნდა აერჩია. ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მისი ტყუპი ვაჟი ხომ ერთნაირად გონიერი, მამაცი და ღირსეული იყო. მაშინ მან თითოეულს ყვავილის თესლის თითო ტომარა მისცა და უთხრა: "ის, ვინც კარგად მოუვლის და შეინახავს ყვავილის თესლით სავსე ამ ტომრებს, მეფე გახდება. 
პირველმა ძმამ ტომარა სკივრში დამალა, მეორემ – მცენარეები დარგო. სამი წლის შემდეგ მეფემ ტომრები უკან მოითხოვა. 

პირველმა ვაჟმა ამოიღო სკივრიდან ყვავილის თესლით სავსე ტომარა და აღმოაჩინა, რომ ისინი სულ დაობებულიყო. მეორე ვაჟმა მამას ულამაზესი ყვავილნარი აჩვენა: "აი, შენ მიერ მოცემული თესლები, როცა ნაყოფს მოისხამს, დავკრეფ და დაგიბრუნებ". გამოიცანით, ვინ მიიღო ტახტი მემკვიდრეობით.
მორალი: სიყვარული მცენარესავით არის, აუცილებელია მისი დარგვა, მოვლა და გახარება. სხვაგვარად მას ობი მოეკიდება.

2. ყველაფერი წავა
ერთხელ პლანტაციების ახლოს ჩავლილმა ვაჭარმა მონა შენიშნა. გაჩერდა, აჭამა, ასვა და შეიცოდა ის. მადლიერმა მონამ ვაჭარს უთხრა:
- ყველაფერი წარმავალია, ესეც გაივლის. 3 წლის შემდეგ ვაჭარი და მონა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მონა ვეზირი გამხდარა. ყოფილმა ღატაკმა გულუხვად დააჯილდოვა ძვირფასეულობით ვაჭარი და იგივე ფრაზა უთხრა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ვაჭარი ვეზირის საფლავზე მივიდა და ქვაზე წაიკითხა წარწერა: "ყველაფერი წავა". "რას ნიშნავს ეს ფრაზა" – ფიქრობდა ვაჭარი. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვაჭარი ვეზირის საფლავზე მივიდა, ნახა, რომ საფლავი აღარ არსებობდა, ის წყალს წაეღო. მხოლოდ მაშინღა მიხვდა ვაჭარი და დაეთანხმა ყოფილ მონას: "მართლაც, ყველაფერი წარმავალია".
მორალი: თუნდაც მოვლენები შენს სურვილებს არ ემთხვეოდეს, ნუ დახარჯავ ძალებს ბრძოლაში – ყველაფერი თავად მოგვარდება.

3. მიიღე საკუთარი თავი
დილით, უთენია ბაღში გასულმა მეფემ აღმოაჩინა, რომ ყველა მცენარე ჭკნებოდა. მუხა კვდებოდა იმიტომ, რომ იმ სიმაღლეს ვერ მიაღწია, რამხელასაც ნაძვმა; ნაძვმა მოიწყინა იმიტომ, რომ არ შეეძლო გამოეღო ისეთი ნაყოფი, როგორც ვაზს; ხოლო ვაზი იღუპებოდა იმის გამო, რომ ვარდის სურნელი არ ჰქონდა. მხოლოდ ჭინჭარი იზრდებოდა თავმომწონედ. რატომ? აი, რა პასუხი გასცა ამ კითხვაზე მეფეს ჭინჭარმა: "მე მივხვდი, რომ როცა დამრგე, გსურდა, რომ ჩემგან სწორედ ჭინჭარი გაზრდილიყო. ამიტომაც გადავწყვიტე: რადგან არ შემიძლია ვიყო სხვა რამ, შევეცდები, ჩემს სახეობაში საუკეთესო ვიყო".
მორალი: ღმერთს რომ სდომებოდა, ხელახლა შეექმნა ქრისტე ან ბუდა, ის ამას მარტივად გააკეთებდა. მაგრამ მას შენ დასჭირდი. ამიტომაც უფლის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდე და მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ. 

4. სიბრძნე
მკურნალთან მივიდა შეშლილი შეიხი და შესჩივლა:
- ყველას რომ კურნავ, მეც დამეხმარე. როგორც კი თვალს მოვხუჭავ, მაშინვე მტანჯველი სიზმარი მომიცავს ხოლმე. მესიზმრება, თითქოს ჰარამხანასთან მივდივარ, იქ კი საოცარი ქალები მხვდება. ხოლო, როგორც კი ვუახლოვდები მათ, მაშინვე ყველა ერთიანად ქრება.
მკურნალმა შუბლი შეჭმუხნა, დაფიქრდა და ბოლოს ჰკითხა:
- ალბათ გსურთ, რომ რაიმე წამალი მოგცე, რომ ამ სიზმრისგან გათავისუფლდე.
აღშფოთებულმა შეიხმა წამოიძახა:
- ოღონდ ეგ არა! ერთადერთი, რაც მინდა, ის არის, ჰარამხანის საიდუმლო კარი დაკეტოთ იმისათვის, რომ ქალები არსად გაიქცნენ ჩემგან.
მორალი: ადამიანები ბედნიერები იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, რომ მხოლოდ ის სდომებოდათ, რაც მათ ღმერთმა არგუნა. მაგრამ მათ მუდამ სხვისი კუთვნილების მითვისება სურთ.

5. განზოგადება
ერთ ფილოსოფოსს ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა. ერთხელ მან მეწაღეს სთხოვა, სასწრაფოდ შეეკეთებინა მისი ფეხსაცმელი, მაგრამ სახელოსნო უკვე იკეტებოდა. მეწაღემ უთხრა, რომ დაეტოვებინა ფეხსაცმელი და რომ ის მეორე დღეს შეაკეთებდა მას. 
- საქმე ისაა, რომ მე მხოლოდ ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს და მის გარეშე, უბრალოდ, ვერსად წავალ. – უთხრა ფილოსოფოსმა.
- არა უშავს! ერთი დღით სხვის ფეხსაცმელს გათხოვებ.
- რაა? სხვისი ფეხსაცმლით ვიარო? ვინმეში ხომ არ გეშლები?
- რატომ უკადრისობთ სხვის ფეხსაცმელს? თქვენ ხომ მუდამ სხვისი აზრები და იდეები გიტრიალებთ თავში?
მორალი: ამქვეყნად არაფერი არსებობს ისეთი, რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის, აზრებიც კი. დაფიქრდი ამაზე.

6. ენერგია
საზოგადოება ძალიან ცუდად ეპყრობოდა ანგულიმალს. მამაკაცი გამწარდა და პირობა დადო, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფდა, შემდეგ თითოეულს თითო თითს მოაჭრიდა და მისგან სამკაულს გაიკეთებდა. მსხვერპლმა 999-ს მიაღწია და ბოლოს ანგულმალი ბუდას მიადგა. ბრძენმა მკვლელს უკანასკნელი სურვილის შესრულება სთხოვა: 
- ხედავ იმ მშვენიერ ხეს? მომიტეხე მისი ერთი ტოტი, მინდა ახლოდან დავაკვირდე მას. შემდეგ კი კვლავ მიამაგრე ტოტი ხეს. 
ანგულიმალმა გაოცებულმა შეხედა ბუდას, მან კი განაგრძო:
- თუ შექმნა არ შეგიძლია, რა უფლება გაქვს, გაანადგურო?
მორალი: მიმართე შენი ენერგია სასარგებლო საქმეში, თორემ სხვაგვარად ის სხვა რამეში დაიხარჯება – სიბრაზეში, ბოროტებასა და აგრესიაში.

7. სინათლე გზაზე
ერთ უკუნ ღამეს ორი ადამიანი უღრან ტყეში დაიკარგა. ორივეს საშინლად ეშინოდა, მაგრამ განსხვავებულად გამოხატავდნენ ამას, რადგან ერთი გზააბნეული ფილოსოფოსი იყო, მეორე კი – მისტიკოსი. პირველი სიღრმისეულად აანალიზებდა, რატომ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, ხოლო მეორეს იღბლის სჯეროდა. მოულოდნელად ჭექა-ქუხილი ატყდა. ფილოსოფოსმა ცას დაუწყო ყურება, კვლავ განსჯა დაიწყო და გზას ასცდა. მისტიკოსმა კი გზას დაუწყო ყურება და ელვამ რომ გაანათა, სწორი გზა დაინახა. 
მორალი: ყურადღებით უყურე გზას და კი არ იფიქრო, იარე წინ! ფილოსოფოსობა – ტვინის პროცესია, ის მიზანთან არ მიგიყვანს. წარმატებისთვის საჭიროა მოქმედება.

8. მადლიერება
საღამოვდებოდა, როცა მოხუცი მაწანწალა სოფელს მიადგა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ღამის გასათევს სთხოვდა. ის ყველა სახლის კარზე აკაკუნებდა, მაგრამ არავინ უღებდა. ბოლოს, გაყინულსა და მშიერს ხის ქვეშ ჩაეძინა. შუაღამისას გაეღვიძა და დაინახა მის თავზე, მთვარის შუქზე მოკიაფე ვაშლები. ქალი ადგა, ქედი მოიხარა სოფლის მხარეს და ადამიანებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ღამე არ გაათენებინეს. შემდეგ დაბრუნდა შინ და საოცარი მხატვრული ტილო შექმნა.
მორალი: მიიღე ყველაფერი, რასაც ცხოვრება გაძლევს მადლიერებით. ადამიანის განვითარებისთვის ერთნაირად აუცილებელია ტანჯვაც და სიამოვნებაც.

9. იმედი
ეს იგავი მონადირეზეა, რომელსაც ჯუნგლებში გზა აებნა. მონადირე სამი დღე და ღამე დაძრწოდა და უიმედოდ ეძებდა ცოცხალი ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას. ბოლოს თავისნაირ გზააბნეულს გადაეყარა. მამაკაცები ერთმანეთს გადაეხვივნენ და წუთით უბედნიერესები იყვნენ. შემდეგ კი ჰკითხეს ერთმანეთს, რა უხაროდათ. პირველმა თქვა:
- მე უკვე იმედიც დავკარგე, რომ ვინმეს შევხვდებოდი.
მეორემ თქვა:
- მე იმედი მქონდა, რომ თანამგზავრს შევხვდებოდი. მაგრამ თუ არცერთმა არ ვიცით გზა, რა გვიხარია? ახლა ერთად უნდა გავაღწიოთ აქედან.
მორალი: ორი ერთად მაშინ არის ბედნიერი, როცა მათ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები ცალ-ცალკეც. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს გახდიან უბედურს. 

10. ოჯახს მიღმა
სულ პატარა იყო იესო, როცა მარიამმა და იოსებმა დღესასწაულზე წაიყვანეს. პატარა ბრბოში დაიკარგა. მშობლებმა დიდხანს ეძებეს შვილი და ბოლოს მწიგნობრებთან იპოვეს. პატარა იესო ბრძენ მამებს ესაუბრებოდა და ეს უკანასკნელები გაოცებულები იყვნენ პატარას ასეთი საოცარი აზროვნებით. იოსებმა ჰკითხა იესოს:
- აქ რა გინდა? მე და დედაშენი მთელი დღეა გეძებთ!
- რატომ მეძებდით? მე მამაჩემის საქმეს ვაკეთებდი.
- მე ვარ მამაშენი! შენ კიდევ დამჯდარხარ ამ მწიგნობრებთან, - აღშფოთდა იოსები.
- მე ჩემი სულიერი მამა ვიგულისხმე.
მორალი: ადრე თუ გვიან ბავშვი უნდა ჩამოშორდეს მშობლებს, გახდეს დამოუკიდებელი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ – სულიერადაც.

11. სამოთხის კარიბჭე
სამურაი მივიდა ოსტატ ძენთან შეკითხვით: "არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი? და სად არის მათი კარიბჭე?"
- ვინ ხარ? – ჰკითხა მასპინძელმა.
- სამურაი. – უპასუხა სტუმარმა.
- სამურაი? შენ ხომ მაწანწალას ჰგავხარ!
მეომრის თავმოყვარეობა შეილახა და მან დაუფიქრებლად ამოაძრო ქარქაშიდან ხმალი. ბრძენმა კი გაუღიმა და უთხრა:
- აჰა შენ პასუხი შენს შეკითხვაზე. სამოთხე და ჯოჯოხეთი – გეოგრაფიული მდებარეობა კი არა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ისინი ჩვენშია. ორივე კარი გვერდიგვერდ არის. როცა დაუფიქრებლად ვმოქმედებთ, ჩვენ ჯოჯოხეთის კარს ვხსნით, ხოლო როცა ვაცნობიერებთ ჩვენს საქციელს – სამოთხის კარიბჭისას. 
მორალი: ისწავლე, აკონტროლო შენი გრძნობები და ქცევები. და არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ – მთავარია, ეს არ იყოს გაუცნობიერებლად. 

12. მოგზაურობა
მასწავლებელმა და მოსწავლემ დიდი დღესასწაულის დროს ერთ სოფელში გაიარეს. როცა ისინი მთავარ მოედანთან მივიდნენ, დოლისა და ადამიანთა შეძახილების ხმა იმდენად საშინელი და აუტანელი იყო, რომ მოსწავლემ ყურებზე ხელები აიფარა. მისდა გასაოცრად კი, მასწავლებელი ცეკვა-ცეკვით სულ უფრო ახლოს მიდიოდა ზეიმის მონაწილეებთან. მას მერე, რაც ყველაფერი დამთავრდა და დაღლილი ადამიანები დაიშალნენ, მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს:
- მასწავლებელო, როგორ შეგეძლო გემხიარულა ასეთ ხმაურში? მე ჩემი აზრების ხმაც კი აღარ მესმოდა!
- შენ ხმაურზე იყავი კონცენტრირებული, ჩემო მეგობარო, ამ სოფლის მცხოვრებლებისთვის კი ეს მშვენიერი მუსიკა იყო. მე მხოლოდ ისე აღვიქვი ეს ხმები, როგორც მათ. ადამიანთა უმეტესობა ისე ცხოვრობს, რომ მხოლოდ ხმაურს აღიქვამს. წამოდი, გავაგრძელოთ გზა და ამჯერად მხოლოდ მუსიკას ვუსმინოთ.
მორალი: ისწავლე მოისმინო ცხოვრების მუსიკა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურობაა, რომელიც მალე დასრულდება. 

მოამზადა ლელი სიხარულიძემ