ჯულიანა ბარ-გნარი: "გიორგი სულ ყვიროდა, ვგიჟდები შენზეო"

გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის სავარაუდო რომანზე ისევ აჭორავდა ქალაქი. წყვილი ამაზე არ საუბრობს. ჯულიანამ გაზეთ "პრაიმტაიმს" წინა სეზონის დროს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს.

ჯულიანა ბარ-გნარი: გიორგი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფართიზე გავიცანი, პროექტის დაწყებამდე, ბათუმში. მე და შენ წყვილში უნდა ვიცეკვოთო, მითხრა. როგორც ამბობს, თავიდანვე სურდა, რომ მე  მასთან წყვილში მეცეკვა. სხვასთან აწყვილებდნენ და უარი უთქვამს. მე მისი ჰიპერაქტიურობის ფონზე ხმას არ ვიღებდი. გოგო, დამელაპარაკე, ხომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, როგორი ხასიათები გვაქვსო, მითხრა. როდესაც ვცეკვავ, ეს ჩემი სამყაროა, ამ დროს ვიხსნები და ყველაფერზე ვსაუბრობ. როგორც თევზი წყალში ისე ვარ. ცეკვაზე მუშაობა რომ დავიწყეთ, გიორგისთან მაშინ გავიხსენი. ცეკვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გულზე მხვდება, როდესაც ადამიანი ცეკვას ირონიულად უდგება. გიორგის შეიძლება თავიდან გართობა უნდოდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ცეკვა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, თვითონაც სერიოზულად ჩაერთო.  "იუთუბიზე" ახალ-ახალი ცეკვების, ინფორმაციების მოძიება დაიწყო. მესიამოვნა, რომ ჩემ სფეროს გულით მიუდგა. ალბათ, ამიტომაც შედგა ჩვენი წყვილი. სამი თვის განმავლობაში ორივე ბოლომდე ვიხარჯებოდით. 


- ხშირია შემთხვევა, ცეკვის დროს მეწყვილეებს შორის გრძნობა ჩნდება.

- არის შემთხვევები... ჩვენ შემთხვევაში კი გიორგისგან ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ. მის გვერდით თითქოს ყოველთვის დაცული ვარ. ჩემთვის ბიჭისგან პატივისცემის განცდა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას მისგან ყველა სიტუაციაში ვგრძნობ.  მაღლა მაყენებდა და ცდილობდა, უსიამოვნება აერიდებინა ჩემთვის. როდესაც ხედავდა, რომ რაღაც მაღელვებდა, ნომრის მომზადებისას ვღელავდი, ასწორებდა სიტუაციას. ადამიანური თვალსაზრისით ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 

- გაჟონა ინფორმაციამ, რომ თქვენ შორის რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პროექტის წყვილის ურთიერთობა.

- ამას ყოველთვის ამბობენ. 

- რატომ? არ გვაქვს ამ პროექტში დაწყვილების მაგალითი?

- გვაქვს )) ადამიანს თუ უნდა, ასეთი რამის თქმის საბაბს ყოველთვის იპოვის. მე და გიორგი ყოველთვის ერთად ვიყავით, დასვენების დღესაც - პარასკეობითაც. ვთქვათ, გიორგი სადღაც კლუბში უსმენდა ცოცხალ მუსიკას, დამირეკავდა - მოდიო და რეპეტიციიდან  მივდიოდი. ნებისმიერს შეეძლო დავენახეთ და ეთქვათ, ესენი თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენო. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაკავშირებდა და ახლაც გვაკავშირებს. რა თამამად გაუკეთებია ვიღაცას დასკვნები. გიორგის ცოლი ჰყავს. მე არ მსურს ამაზე ფიქრი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე ყოველთვის თავს ქალის ადგილას ვაყენებ, იმიტომ, რომ არ მსურს, რომ მე ასე მომექცნენ. გიორგიზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. თუ ადამიანი თვითონ ეყრება ცოლს და პრობლემა აქვს და მე არ ვარ ამასთან კავშირში, ეს სულ სხვა თემაა. მაგრამ მე ვერ დავუშვებ, რომ ჩემ გამო  ადამიანს ოჯახი დაენგრეს. ეს არის ჩემი ხედვა. 

- გიორგისგან მეგობრობაზე მეტი არაფერი გიგრძნია? 

- გიორგი სულ ყვიროდა, ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე, პელე ხარო. საერთოდ, მამაკაცისგან ყურადღებას რომ ვგრძნობ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეგობრულად მოვწონვარ, მოვწონვარ, როგორც ადამიანი-მეთქი. ჩემსა და გიორგის შორის რომ მეგობრობაა, ეს ზუსტად ვიცი. 

- გრძნობა მეგობრობიდანაც იწყება.

- რატომაც არა? არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება... 

-  იცნობ მის ცოლს?

- როგორ არა, ძალიან კარგი გოგოა. შოუში გვეხმარებოდა, გიორგის გვერდში ედგა. გიორგის ქალიშვილიც და კრისტიც მოდიოდნენ.

- ცოლები...

- ჰარემი J)) ეს საჩემო არ არის. მე ერთადერთი უნდა ვიყო. შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ არ შემიძლია საყვარელი მამაკაცის ვინმესთან გაყოფა. 

- როგორი ადამიანია?

- ძალიან ნიჭიერია. საერთოდ, მე ვთვლი, თუ ადამიანი ნიჭიერია, ის ბევრ სფეროშია ნიჭიერი. მხიარული და კეთილია. თავის კონკურენტებს ძალიან ეხმარებოდა. იყო მომენტები, შეიძლებოდა რაღაც მომენტში თვალი დაეხუჭა იმიტომ, რომ კონკურენტია, მაგრამ არა! საჭიერობას თუ ხედავდა, ყველაფერს აკეთებდა და ყველას, ვისგანაც სითბოს გრძნობდა, ეხმარებოდა. უზომოდ ემოციურია. ზოგჯერ თავისი ემოციურობით მღლიდა კიდეც. აუტსაიდერებში დგომისას მასთან ერთად ვნერვიულობდი. გაიღიმე მაინცო, მეორე დღეს მეუბნებოდნენ, აუტსაიდერებში რა სახით დგახარო. თავს ვერ ვაკონტროლებ მაგ დროს, პირი მიშრება და გიორგისაც იგივე ემართება-მეთქი. ვიცოდი პროექტს გამოთიშვა როგორი შოკი იქნებოდა მისთვისაც. ვამხნევებდი ხოლმე - რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ღირსეულად უნდა დავტოვოთ პროექტი-მეთქი. გავარდნის საღამოს კაფეში წავედით ქეთი ხატიაშვილთან, მის მეუღლესთან, გიორგი ბარბაქაძესთან ერთად. პროექტს გამოთიშვა იმ დღეს ვერ ვიგრძენით. ვერც მეორე დღეს აღვიქვით ეს. მესამე დღეს, რომ გავიღვიძე, შინაგანი დეპრესია ვიგრძენი. რაღაც მაკლდა, თავიდან ვერ მივხვდი - რა. საღამოს გიორგის შევხვდი, ფინალისთვის ცეკვა უნდა მოგვემზადებინა. გიორგიმაც ზუსტად იგივე მითხრა - დეპრესია მაქვსო. 

- რა კომპლიმენტი უთქვამს?

- პელე ხარო!