ისინი ამ კუთხითაც ავითარებენ თავიანთ პიარკამპანიას. როგორც კი ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელში გადავიდა, „ნაციონალებმა" მაშინვე დაიწყეს სკანდალების აგორება "კანონიერ ქურდებთან" დაკავშირებით და რამდენიმე საქმეც წამოსწიეს. კერძოდ, საზოგადოების ყურადღება გადაიტანეს უკრაინიდან საქართველოში უკვე მეორედ დეპორტირებულ 32 წლის მინდია გორგაძეზე, იგივე ლავას ოღლი ბათუმელზე. მათი მტკიცებით, გორგაძე უკრაინელმა სამართალდამცავებმა კიევი-თბილისის რეისით ბორისპოლის აეროპორტიდან 2014 წლის 11 ნოემბრის საღამოს გამოაძევეს. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლავას ოღლის აეროპორტში მიყვანისა და მისი ტერმინალში შესვლის კადრებიც კი გაავრცელეს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, გადმოკვეთა თუ არა მინდია გორგაძემ სახელმწიფო საზღვარი. იგივე „ნაციონალების" თქმით, სანამ მას უკრაინელი სამართალდამცავები გამოაძევებდნენ, 2014 წლის ივლისის ბოლოს სარფიდან შემოვიდა, ბათუმში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა კიდეც. ამის შემდეგ ლავას ოღლი გაქრა და აჭარაშიც კი არავის უნახავს.
„ნაციონალებმა" მეორე სკანდალი 2014 წლის ივნისის ბოლოს ააგორეს და დღემდე ლაპარაკობენ მეორე შემთხვევაზე - ამის მიზეზი გახდა უკრაინიდან დეპორტირებული კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომან ბარბაქაძე, იგივე „რემენა". როგორც „ნაციონალები" აცხადებდნენ, „რემენამ" საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ის აეროპორტიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც მან ქვეყნის ტერიტორია დატოვა, მას სამართალდამცავების მხრიდან პრობლემები არ შეჰქმნია. მათი მტკიცებით, „რემენას" თვითმფრინავის ტრაპთან ვიცე-პრემიერ კახი კალაძის მეგობრისა და პარტნიორის მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა დახვდა და აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მის დასაკავებლად აეროპორტში სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. აქ ცოტა ეჭვს იწვევს „ნაციონალების" ე.წ. მტკიცებულება - თუკი კახი კალაძის მეგობრებს „რემენას" გაყვანა მშვიდობიანად უნდოდათ აეროპორტიდან, მაშინ სამართალდამცავები რატომღა იყვნენ მობილიზებულნი? იმ პერიოდში ხელისუფლებამ ორივე შემთხვევის გასკანდალებას დეზინფორმაცია უწოდა, მაგრამ 7 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, დაპატიმრებულები არიან და ციხეში სხედანო მეტიც, მან თქვა, მე ხელთ მაქვს 12 „კანონიერი ქურდის" სია, ვისთანაც „ნაციონალებს" ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რომლებიც 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდნენ და დიდი პატივით აცილებდნენო.
არჩილ თალაკვაძემ პირდაპირ ეთერში არც გვარები დაასახელა და არც თარიღები, როდის შემოდიოდნენ და გადიოდნენ. „ალიამ" მოიპოვა აღნიშნული სია, სადაც წერია „ნაციონალებისა" და ე.წ. კანონიერი ქურდების ვოიაჟების შესახებ. მართალია, გვარების მაგივრად ინიციალებია მითითებული, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ ინფორმაცია უტყუარია.
1) ფრიდონ ს. საქართველოში ჩამოფრინდა 2008 წლის 5 აპრილს. იმავე დღეს გააცილეს თბილისის აეროპორტიდან ისე, რომ მისთვის ბუზიც არ აუფრენიათ.
2) გიორგი ე. საქართველოში შემოვიდა 2008 წლის 18 თებერვალს. გააცილეს იმავე დღეს თბილისის აეროპორტიდან.
3) გოჩა კ. ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა 2011 წლის 6 აპრილს. იმავე დღეს გააცილეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან.
4) რამაზ წ. საქართველოში შემოვიდა 2011 წლის 10 დეკემბერს. დახვდნენ თბილისის აეროპორტში და იმავე დღეს გააცილეს სარფიდან.
5) ამირან ე. საქართველოში შემოვიდა 2009 წლის 29 ნოემბერს. შეხვედრა შედგა თბილისის აეროპორტში და 30 ნოემბერს გააცილეს სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან.
6) ავთანდილ ხ. საქართველოში შემოვიდა 2008 წლის 29 თებერვალს. დახვდნენ თბილისის აეროპორტში და იმავე დღეს გააცილეს აეროპორტიდან.
7) ბესიკ ა. საქართველოში შემოვიდა 2009 წლის 25 ივნისს, სადახლოს საბაჟოდან. 26 ივნისს გააცილეს სარფის საბაჟოდან.
8) ამირან გ. თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა 2010 წლის 12 ივნისს, 14 ივნისს გააცილეს სარფის საბაჟოდან.
9) კოსტა ბ. თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა 2009 წლის 2 სექტემბერს, სარფის საბაჟოდან გააცილეს 3 სექტემბერს.
10) კობა ა. საქართველოში შემოვიდა 2009 წლის 26 თებერვალს ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, 27 თებერვალს გააცილეს წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტიდან.
11) ანთიმოზ ქ. საქართველოში შემოვიდა 2009 წლის 28 მაისს, შეხვდნენ თბილისის აეროპორტში და 29 მაისს გააცილეს სარფის საბაჟოდან.
12) სულხან თ. საქართველოში შემოვიდა 2012 წლის 17 იანვარს. შეხვდნენ თბილისის აეროპორტში და 18 მაისს გააცილეს სარფის საბაჟოდან.
როგორც ხედავთ, ე.წ. კანონიერი ქურდების შემოსვლა-გაცილებას შორის ინტერვალი ყველა შემთხვევაში 1-2 დღეა. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალები" კრიმინალებს ხვდებოდნენ, აფრთხილებდნენ, აქედან დაახვიეთო და ყველაფერი ამით მთავრდებოდა? რაღაც არა მგონია, ალბათ, ისინი დავალებებს იღებდნენ, რაღაც გარიგებაზე მიდიოდნენ და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. წესით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას „კანონიერი ქურდები" ჩამოსვლისთანავე უნდა დაეპატიმრებინა და თავი ციხეში ეკრა. რაკი „ნაციონალები" ასე არ მოიქცნენ, გამოდის, იყო რაღაც მნიშვნელოვანი გარიგებები. დაუკვირდით, ე.წ. კანონიერი ქურდების შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიურდება 2009 წელს (შემოსულია 5 „კანონიერი ქურდი~), ეს ის დროა, როცა მიხეილ სააკაშვილი ტოვებს პრეზიდენტის პოსტს და ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ნინო ბურჯანაძე. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილს ინტენსიური მოლაპარაკებები ჰქონდა „კანონიერ ქურდებთან". ასე რომ, სანამ „ნაციონალები" პირს გააღებენ და ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაზე დაიწყებენ ლაპარაკს, სჯობს, საკუთარ წარსულს გადახედონ და ისიც გაიხსენონ, რამდენი ასეთი ქურდი ჰყავთ გაშვებული საბერძნეთში, რომლებიც არჩევნების პერიოდში სხვა ქვეყანაშიც კი ატერორებდნენ ადამიანებს. ალბათ, ოპერატიულ სტრუქტურებს იმის ვიდეოჩანაწერებიც ექნებათ, ვინ ხვდებოდა ამ ადამიანებს, ვინ აცილებდა და იქნებ დროა, გამოაქვეყნონ.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"