ქალბატონები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ. კლეოპატრა სილამაზის შესანარჩუნებლად უნიკალურ რძის აბაზანებს იღებდა . იმ ქალებისთვის, რომელთაც დაბერება არ სურთ, დღევანდელი კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალებას ქმნიან. მაგრამ რატომ არ შეიძლება, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს, საუკუნეებგამოვლილ, ნაცად რეცეპტებს?
რძის ცხიმი ძალიან ძვირფასია. იგი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ლეციტინითა და ვიტამინებით. რძის წვეთში 100-მლნ-ზე მეტი ცხიმის ბურთულაა. რძის ცხიმის ასეთი დისპერსია ხელს უწყობს კანის უჯრედების მიერ მის კარგ შეწოვასა და ათვისებას. რძით პირის რეგულარული დაბანისას ნაოჭები, შეიძლება ითქვას, თვალსა და ხელს შუა სწორდება, კანი თეთრდება, იბრუნებს დაკარგულ სინორჩესა და ელასტიკურობას. რძემჟავა პროდუქტები (კეფირი, მაწონი, შრატი) კარგად წმენდს, კვებავს და ათეთრებს სახის კანს. ამ პროდუქტებით პირის დაბანა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ამასთანავე, რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე უნდა იყოს პროდუქტი. არაჟანი და ნაღები შეიცავს ემულგირებულ და კანისთვის ადვილად ასათვისებელ ცხიმებს, ცილებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს და რძემჟავა ბაქტერიებს. ისინი შესანიშნავად არბილებს სახის კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას.
რძე უმთავრესად მსუბუქი მკვებავი და დამამშვიდებელი კრემების დასამზადებლად გამოიყენება. ახალი და საკმაოდ ცხიმიანი რძისა და არაჟნისგან მშრალი, ნორმალური და მობერებული კანისთვის სხვადასხვა დანიშნულების ნიღბებს ამზადებენ: გამაუფერულებელს, ჩამოსაფცქვნელს, მკვებავს, დამამშვიდებელს, გამომშრობს, გამაახალგაზრდავებელს... მეტი ეფექტურობისთვის მათ არცთუ იშვიათად უმატებენ მცენარეულ პროდუქტებს - ზეითუნის, მზესუმზირას, სიმინდის ზეთს, დაფქულ ბურღულს, ხილსა და ბოსტნეულს, წვენებს, თაფლს, ქათმის კვერცხს და ა.შ. როგორ გამოვიყენოთ რძის პროდუქტები კოსმეტოლოგიაში, იხილეთ რეცეპტები სტატიაში