50 თეთრიანი სხვაობა საწვავის სატენდერო და საცალო ფასებს შორის!

”50 თეთრიანი სხვაობა სატენდერო და საცალო ფასს შორის არის რეკორდული მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში!”

”ევრო დიზელი 1 ლიტრი - 1,66 ლარი, პრემიუმი - 1,66 ლარი, სუპერი - 1,80 ლარი, დიზელი- 1.60 ლარი... სახელმწიფო ნოემბრის თვეში აი, ამ ფასებში ყიდულობს საწვავს, ჩვენთვის კი 50 თეთრით ძვირად ყიდიან! 50 თეთრიანი სხვაობა სატენდერო და საცალო ფასს შორის არის რეკორდული მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში! სხვაგან, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს!!!” - ეს ინფორმაცია სათაურით -”აი, როგორ გვძარცვავენ! 50 თეთრიანი რეკორდული სხვაობა”, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ”სტატუსის” ავტორმა, ინფორმაციის გასამყარებლად, ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ლინკიც მიუთითა.



თემას სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები პროტესტის ნიშნად უკვე აქციებსაც აანონსებენ. როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა კემულარია ამბობს, მომხმარებლის უფლებებზე ახლადშექმნილი უწყება, ”კონკურენციის სააგენტო” უნდა ზრუნავდეს, თუმცა მისი განცხადებით, სააგენტო უუნაროა და ეს ყოველივე იმის ეჭვს ბადებს, რომ საქმე ელიტურ კორუფციასთან გვაქვს. "კონკურენციის სააგენტოს" მიზნებში ხაზგასმულია, რომ უწყებამ საქართველოს ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა უნდა უზრუნველყოს, თუმცა კემულარიას განცხადებით, უწყებას შექმნის დღიდან დღემდე არაფერი გაუკეთებია.

ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი: ”კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ყველა აკრედიტებული ორგანო და სახელმწიფო უწყება ერთდროულად აცხადებს, რა რაოდენობის საწვავი სჭირდებათ მათ და ყიდულობენ. ტენდერში იმარჯვებს ის კომპანია, ვინც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. ფასის კორექტირება დამოკიდებულია ვალუტის კურსზე და საწვავის საერთაშორისო ფასზე. როგორც მოგეხსენებათ, ივნისიდან მოყოლებული, ნავთობისა და საწვავის საერთაშორისო ფასი მცირდებოდა. ეს აისახა ტენდერზეც და საწვავის ფასზეც. ფაქტია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში სახელმწიფომ კომპანიებისგან პრემიუმის მარკის საწვავი, 1 ლიტრი 1,66 ლარად შეიძინა. ტენდერში, პრემიუმის საწვავის მიწოდებაზე, კომპანია ,,ლუკოილმა” გაიმარჯვა. თუ ,,ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურებზე ვნახავთ ამავე მარკის საწვავის სარეალიზაციო ფასს, 50 თეთრით უფრო ძვირი - 2,16 ლარი ღირს. ასეთ ფასთა სხვაობას მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ! წარმოიდგინეთ, რა დონის უნამუსობაა და მადა რა დონეზე აქვთ გაზრდილი კომპანიებს, რომ 50 თეთრიანი სხვაობით ყიდიან საწვავს! ეს არის შეთანხმებული და დაწესებული ფასები!

2014 წლის მარტში შევიდა საკმაოდ კარგი ცვლილებები კონკურენიცის შესახებ კანონში. რამდენიმე თვის წინ შეიქმნა ,,კონკურენციის სააგენტო", მაგრამ დღემდე არ გამოსულან, ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ამ ყველაფერზე მოკვლევაც არ დაწყებულა. როგორც ჩანს, შეიქმნა ბიუჯეტის მჭამელთა რაღაც ჯგუფი. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან. ,,კონკურენციის სააგენტო" კანონით არის ვალდებული, რომ შეთანხმებულ ფასებზე რეაგირება მოახდინოს და დაიცვას მომხმარებელი! ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ რეაგირებას არ ახდენს, რა უნდა ვიფიქროთ? თავისთავად, ლოგიკურად ჩნდება იმის ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან”.

კომენტარისთვის ,,კონკურენციის სააგენტოსთან" დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე, ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ შევძელით.

თორნიკე ყაჯრიშვილი

http://www.bpn.ge/