"უკრაინიდან და ამერიკიდან დირექტივების მიცემა ადვილია, თუ რამის გამკეთებელი ხარ, აქ ჩამოდი და გააკეთე" - ბოკერია სააკაშვილს

"უკრაინიდან და ამერიკიდან დირექტივების მიცემა ადვილია, თუ რამის გამკეთებელი ხარ, აქ ჩამოდი და გააკეთე, თუ არა და ის მაინც დააფასე, რომ ჩვენ აქ ყოველდღე დაჭერის შიშის ქვეშ ვართ და მაინც რაღაცას ვაკეთებთ, შენ 2003 წელი აღარ გეგონოს, სხვა სიტუაციაა და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ყოველდღე ათასი საფრთხის ქვეშ ვმუშაობთო" - უთქვამს მიხეილ სააკაშვილისთვის გიგა ბოკერიას. ეს ინფორმაცია სააგენტო "ნიუსპრესს" სანდო წყარომ მიაწოდა.



სატელეფონო საუბარი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის შორის, 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ გაიმართა.


"მიშას განრისხებული ზარები თურმე ჯერ კიდევ მაშინ დაწყებულა, როცა რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე დაანონსებული შეკრების დროს, რეგიონებიდან ჩამოყვანილი კოლონების მოსვლამდე, სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ დადიოდა.


ამ პერიოდისთვის მიშა დაუმშვიდებიათ, ქართული მენტალიტეტის ამბავია, ზუსტად 4 საათზე ხომ არ მოვა ხალხიო. თან დაუმატებიათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალი კოლონები ჯერ კიდევ გზაშია და მალე შემოგვიერთდებიანო, თუმცა მიშა ამას ვერ დაუმშვიდებია და უყვირია, რომ კონტრაქციის მონაწილეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩვენებიო.


მოგვიანებით კი, როდესაც რუსთაველის გამზირზე ფეხით მსვლელობა დაიწყო და ხალხიც გაიშალა, ვიზუალურ ეფექტს მიხეილ სააკაშვილი ოდნავ დაუწყნარებია, მაგრამ კადრებს, რომელიც აქციის მონაწილეების პარლამენტის შენობასთან შეკრების შემდეგ გავრცელდა, სააკაშვილი სავარაუდოდ ისევ გაუცოფებია, რადგან, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სააკაშვილის ზარებს ამ დროს უკვე აქციის ორგანიზატორები აღარ პასუხობდნენ.


თუმცა, ექსპრეზიდენტის რისხვა მათ თავს მოგვიანებით, აქციის დასრულების შემდეგ დასტყდომიათ. მიხეილ სააკაშვილი თურმე მთელი ხმით ყვიროდა და პარტიის ბომონდს უსაქმურებს და არაფრისმკეთებლებს ეძახდა".

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წყაროს ინფორმაციითვე, როდესაც ვანო მერაბიშვილს ამბავი შეუტანეს, რომ აქციაზე დიდი აქტივობა არ დაფიქსირდაო, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ცრემლები წამოსვლია.

mediamall.ge