ჩვენი შეხვედრიდან სამიოდე კვირა გავიდა. მის მიერ ინტერვიუში გაცხადებული წინასწარმეტყველება, რომ მოხდებოდა გახმაურებული მკვლელობა, განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალური ქსელები ააფორიაქა ლელა კაკულიას სხვა პროგნოზებმა. სწორედ ამ მიზეზით მას განმეორებით ვთხოვე შეხვედრა. ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემებზე საუბრით დაიწყო:
- ქ-ნო ლელა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლების მომავალი იწინასწარმეტყველეთ, თქვენზე განხორციელდა ზეწოლები და სწორედ ამ მიზეზით თქვენი გაზეთიც არ გამოვიდა. რამდენად რეალურია ეს?
- იმდენი ინფორმაცია მაქვს, უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ცოტა უნდა დავისვენო, უზომოდ გადაღლილი ვარ. ძალიან გადავიღალე, პატარა აღარ ვარ, რომ 24 საათი მუშაობა შევძლო. ელემენტარულად, სახლი ხომ ძალიან კარგი მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვერ ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩაკეტილ სივრცეში ვარ. ფანჯრებს ვერ ვაღებ, მანქანები მოძრაობს, დისკომფორტს მიქმნის. პატარა ბავშვივით ვარ უკვე. მთლიანობაში, დასვენება გადავწყვიტე. გაზეთი აუცილებლად გამოვა, ჩემო საყვარელო ქართველებო. მინდა, ჩემს ხალხს მოვეფერო, მე ამას არ შევწყვეტ, სანამ პირში სული მიდგას და ამ ინფორმაციას ხალხს ყოველთვის გავაცნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეწყდეს ჩემი გაზეთის გამოცემა. ჩემი კი არა, ეს ხალხის გაზეთია. სექტემბრიდან გაზეთის გამოცემა განახლდება. იმდენი ინფორმაცია მოდის კოსმოსიდან, როგორც იტყვიან: "პა პოლოჩკამ". რასაც ვხედავ, ამის მტკიცება იმ წუთას, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება, ადამიანის გონებისთვის როცა მიუღებელია და ფანტაზია ჰგონია, რთულია. ფანტაზიების ასრულება მთელი ესკადრაა.
- ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ სამი კვირა გავიდა. თქვენ ჩემთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველეთ, რომ მოხდება გახმაურებული მკვლელობა, გულისხმოდით თუ არა ეროსი კიწმარიშვილს?
- მე გახმაურებულ მკვლელობაში მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს არ ვგულისხმობდი, იმიტომ რომ ბევრ სხვა პოლიტიკოსზეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, მათ კარიერაზე, მათ მომავალზე. ნელ-ნელა მე ამას ვივიწყებ, მაგრამ ხალხი არ ივიწყებს, სად არის დაწერილი წიგნში, ამას უცებ გადაშლიან, პოულობენ, არის ასეთი ფაქტები, თუ არის, სადღაც პასუხსაც კი ვცემ. ეროსიზე ეს ტრაგედია 2004 წელს ვიწინასწარმეტყველე.
- სწორედ ეს კითხვა მინდა დაგისვათ: 2004 წელს, ეს არის 26 ოქტომბერი, დრო, როცა "ვარდების რევოლუცია" ახალი მომხდარია, ეროსი კიწმარიშვილი ერთ-ერთი ფორვარდია. თქვენ წერთ, რომ დაიწყება ჟურნალისტთა გამოსვლები, რომ კიწმარიშვილი გამწარებულია, არაფერს შეარჩენს მას. ვხედავ, ისეთი მასალები აქვს ხელთ, რომ მტრის კარს. იწყებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას, მასალების გამოქვეყნებას, მაგრამ კიწმარიშვილის დრო წასულია, იგი დიდ სიმაღლეზე ვეღარასოდეს მოვა.
- მაშინ დავინახე მე მისი მომავალი, ცოტა შორი მომავალი, ანუ ის მომავალი, სადაც ადამიანის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. "არასოდეს მოვა", ჩემთან ეს სიტყვა ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის დედამიწიდან - ქრება, ანუ გარდაიცვლება. არ მიყვარს ეს სიტყვა. 2004 წელს ეროსის უკვე ასე ვხედავდი, ჟვანიასაც ვუწინასწარმეტყველე, მაგრამ თავადაც ვერ მიიღო. როცა კაცი ზენიტშია ადის მაღლა და ამხელა ძალაუფლებას ფლობს, მისთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ეს. ამიტომ წინასწარმეტყველებას ძალიან სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, მე ვურჩევდი ყველას, იქნებ, ამან
გიშველოთ, იქნებ, ამ წინასწარმეტყველებამ დიდი როლი ითამაშოს. ხუთი წელი იქნება თუ რვა წლის შემდეგ, ურთულეს მდგომარეობაში რომ აღმოჩნდები, მაშინ გაიხსენო. იქნებ, დაგეხმაროს ეს წინასწარმეტყველება და მოგცეს სწორი მიმართულება.
- ქ-ნო ლელა, ამ წინასწარმეტყველების მერე არ უცდია ეროსი კიწმარიშვილს, უფრო დეტალურად გაეგო მისი ბედ-იღბლის შესახებ? თუ, უბრალოდ, არ მიაქცია ამას ყურადღება?
- იცით, არ მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ზღაპრად მიიჩნია. ისე მიიღო, რომ ეს როგორ შეიძლება მოხდეს, მე ასეთი ძლიერი ვარ, მე ასეთი ის ვარ! ხომ იცით, ადამიანები როგორები არიან, ყველას თავისი თავი ძლიერი ჰგონია, ჭკვიანი ჰგონია ნამეტანი და ა.შ. ახლა, ჭკვიანი ადამიანი ნამდვილად იყო ეროსი, მებრძოლი ადამიანი ნამდვილად იყო, არასოდეს ნებდებოდა, მაგრამ, აი, როცა გაუჭირდა, მაშინ უნდა გაეხსენებინა ან თავად, ან სხვას უნდა შეეხსენებინა ეროსისთვის ალბათ, ეს ადამიანი გამოვიდოდა ამ ჩიხიდან, მაგრამ მაინც ბედისწერა ბედისწერაა - ის, რომ დაიწერა 2004 წელს, რომ მას ვეღარ ვხედავ, მორჩა!
- ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
- იცით, რა არის? მე იქ ვახსენებ, კარგად რომ ჩახედოთ წიგნში, ვამბობ: კომპრომატები, მასალები, იმდენი რაღაც იცოდა ამ ადამიანმა... თვითმკვლელობას ნამდვილად არ ვიტყვი. მე რაც შემიძლია, ლელა კაკულიამ რაც ვუწინასწარმეტყველე, პასუხი იქვეა. თვითმკვლელობად ვერ შევიგრძნობ, ვერ ვხედავ. ეს მკვლელობაა.
- ქ-ნო ლელა, გავიგებთ სიმართლეს, რა მოხდა?
- აუცილებლად! მოვა დრო აუცილებლად! ჟვანიას მკვლელობის დეტალები ისე არ არის გახსნილი, როგორც კიწმარიშვილის გაიხსნება. სიმართლეს აუცილებლად გავიგებთ.
- როგორც ვიცი, თქვენ, თავის დროზე, ასევე იწინასწარმეტყველეთ გურამ შარაძის მკვლელობა.
- გურამთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ძალიანაც მიჯერებდა, ბოლოს ძალიან აფორიაქებული იყო. არაფერს არ ვეუბნეოდი, - მომავალში ან ამას გააკეთებთ, ბ-ნო გურამ, ან ასე ან ისე... არაფერს არ ვეუბნებოდი, ვერაფერს ვერ ვხედავდი. ყველაფერს შავ ფერებში ვუყურებდი. რუსუდანსაც კი უთხრა, თავის ქალიშვილს, - კაცო, ლელა შენ ყველაფერს გეუბნება, გეხმარება რაღაც საკითხებში, მე საერთოდ არ მელაპარაკება, მოვა დრო და არაფერი... რასაც ვერ ვხედავდი, რა უნდა მელაპარაკა? რასაც ვხედავ, ზუსტად გადმოვცემ, არაფერს ვუმატებ, არაფერს ვაკლებ, ეს ხასიათში მაქვს. თუკი ვერ ვხედავ, ე.ი. ვერ ვხედავ. წიგნში მიწერია 2001 წელს, რომ გურამ შარაძეს თავშეხვეულს ვხედავ, გაბინტულს, აი, თავზე რომ იყო დარტყმა და სიკვდილი, ეს დავინახე. არ შეიძლება ჩავწერო, რომ ადამიანს ვხედავ მკვდარს. არ შეიძლება, ადამიანს გული გავუხეთქოთ.
- 2010 წლის 4 ივნისს წინასწარმეტყველებთ: "ვხედავ ორი პოლიტიკოსის სიკვდილს, ძალიან დიდი ცვლილებები იქნება მთავრობასა და პარლამენტში". ეს რას ნიშნავს?
- პირდაპირ, მთავრობა და პარლამენტი შეიცვლება, მოდის ახალი ძალა, მოდიან მართლა ეროვნულები, ის ხალხი, ვინც უნდა მოვიდეს, ძალიან უნდა შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ეს აუცილებელიც არის. ისე მიდის ჩვენი მთავრობის საქმე, ესენი ვერ შეცვლიან ვერაფერს. ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ მხარდაჭერა ძლიერი არ აქვთ. ამერიკის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, არ გვექნებოდა ევროპასთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება. მინდა აღვნიშნო, რომ ხალხი, რომელიც მოდის, იმ პერიოდში იწყება საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე, დამოუკიდებელი საქართველო იქნება მსგავსი შვეიცარიისა. რუსეთ-უკრაინის ომი დიდი ხნის წინათ ვიწინასწარმეტყველე. პუტინს ნიურნბერგის პროცესს გაუმართავენ-მეთქი, მიწერია. ეს რომ დავწერე, მაშინ კიდევ ვფიქრობდი, დამენახა მომავალი. აქ პასუხი მოკლე იყო: რუსეთ-უკრაინის ომს დირიჟორობს პუტინი და ის ვერ ასცდებოდა პასუხისმგებლობას, ეს მახე უკრაინა იყო მისთვის და გაება კიდეც ამაში. ახლა თქვენ როგორ გგონიათ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამერიკა დაუთმობს რამეს რუსეთს? არც ერთ შემთხვევაში! ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა, ეს ტრაგედია - 300 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, - ჩაახშობს რუსეთს ზუსტად. ეს ომი გაგრძელდება, უკრაინა არ არის პატარა საქართველო. უკრაინა არაფერს დათმობს, უკრაინელები რასაც აკეთებენ, რუსებმა როგორ გამოყარეს ჩვენი ქართველები და ჭუბერზე რომ გადმოვიდნენ, იგივე მეორდება, იცით? "ანი ვიჟივაუტ იხ" ამ ტერიტორიიდან. დასუფთავება უნდათ დონბასის, სლავიანსკის, აღმოსავლეთ უკრაინის, უკრაინელები რჩებიან, რუსები კი გარბიან. ეს ომი არ დამთარვდება ასე, ეს ომი დაიწყო რუსეთმა და უკვე ამას ვერ შეაჩერებს ვერავინ. გერმანიის ეს თამაში 1993 წელს მიწერია: გერმანია იწყებს დიდ პოლიტიკურ თამაშს, პირველობის მანია შეიპყრობს, ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიტუაციებზე ევროპის მაგიერ გერმანია სცემს პასუხს, მაგრამ ეს ასე არ იქნებოდა, წინააღმდეგ მიდის საფრანგეთი, წინააღმდეგ მიდის ინგლისი და, საერთოდ, ევროპის ქვეყნები, ამერიკა ძლიერ ზეწოლას მოახდენს ევროპაზე, იმიტომ რომ ამერიკამ იცის, პუტინი არ შეჩერდება. თუ არ შეაჩერეს, გადავა ბალტიისპირეთში და გერმანელებს ის აუსრულდებათ, ბერლინის კედელს აგიშენებთ მანდ-მეთქი, რომ ვიწინასწარმეტყველე. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი რიგი და ის პრობლემები, რაც არის რუსეთ-უკრაინას შორის, მსოფლიო პოლიტიკის პრობლემებია. კეთილი ინებონ და გადაწყვიტონ, ამ გადაწყვეტებში, რუსეთი აგებს. რუსის ჯარი გარბის საკუთარი სახლის დასაცავად, საკუთარი საზღვრების დასაცავად, კადიროვს რომ აჩვენებენ, ყურმოჭრილი მონა რომაა პუტინის, ძალიან ცუდად იცნობს ის კავკასიელებს. ის ხვალ შემობრუნდება იმდენად უარყოფითად, უღალატებს მას, თავადაც კი გაოცდება პუტინი. საერთო ჯამში, როცა ირგვლივ ყველაფერი ირევა, საქართველო მშვიდდება. და ყველაზე მომგებიან პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, ანუ ამერიკის დახმარების ხარჯზე. თურქეთიც ვერ ბედავს თამაშს. თურქეთმა დაიწყო თამაში, მაგრამ ამერიკამ შეაჩერა, ბოსფორის გასაღებს ართმევს, ამერიკა შემოდის შავ ზღვაზე და რუსეთი ვერ გაშლის ფრთებს იქ, იმიტომ რომ ამერიკული ხომალდები ჩამოდგებიან. ყველაზე დიდი ნავსაყუდელი მათთვის იქნება საქართველო, ანუ ეს ბაზა.
- ანუ მაიდანი, გადატრიალება და არაფერი მსგავსი წინ არ გველოდება?
- არც მაიდანი, არც გადატრიალება საჭირო არ იქნება, თვითონვე დაისჯება ეს პარლამენტი, ვერ რიგდებიან შიგნით, არის ბევრი უარყოფითი რამ. წავიდა მათი დრო, მოკლედ რომ ვთქვათ, ომებს და გადატრიალებებს, ღმერთმა დაგვიფაროს, ნამდვილად არ ვხედავ. ყველაფერი ძალიან კარგად შეიცვლება.
- თქვენ ჩემთან ინტერვიუში ასევე რაც ბრძანეთ, ორი ფაქტი დამამახსოვრდა: "გაკოტრდება ერთ-ერთი მსხვილი ბანკი და გაიტაცებენ ცნობილ ბიზნესმენს". ეს ამბავი მომავალში გველოდება? რაიმე მინიშნება დამატებით ხომ არ შეგიძლიათ?
- დამატებით მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ, იმდენად, რამდენადაც რადგან მე ვწინასწარმეტყველებ, ის იწერება და თუ ის იქ არ არის რაიმე დამატების სახით, უნდა დაველოდოთ, რომ ეს ყველაფერი ასრულდეს. ახლა რაც დავინახე, ის უნდა გითხრათ: ბიზნესში ხდება გადანაწილებები, რაც ხალხმა არ იცის, ჩემო კარგებო, ვიღაცა ვიღაცას ართმევს. მინდა ვუთხრა, რომ არ შეგერგებათ. ბიზნესში ჭიდილს და პატარა ომებს ვხედავ, რომელიც გახმაურდება. სხვათა შორის, კიდევ იქნება ხმაურიანი სიკვდილი, მაგრამ ეს არ არის ჟურნალისტი, ეს არის ბიზნესმენი. ვინც არის, კი ვხედავ ლანდში, თითქოს, მაგრამ სახეს მკაფიოდ ვერ ვარჩევ, ეს აუცილებლად მოხდება. ასე რომ, იცით, რა არის? - ბიზნესების გადაკეთება ხდება, თუ მათი ენით ვერ ვამბობ. ვინც დაკარგა დიდი ბიზნესები თუ საშუალო განსაკუთრებით, უკან ვერ იღებს. იქნება ლაპარაკი, რომ შეკრულები არიან ისინი, ვინც წაართვა ბიზნესი და ვინც დირიჟორობს ამ ყველაფერს. ისინი ინაწილებენ თვითონ და მის პატრონს არაფერს არ უბრუნებენ, ასეთი ტალღა იქნება. და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ის უნდა მოხდეს, რომ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს ვხედავ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით საქართველოში, აუცილებლად შავი ზღვის ზოლზე იქნება ლაპარაკი, რომ ამერიკული გემები და რაკეტები უნდა დადგნენ, რომლებიც 1993 წლის 18 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე, ამის განხორციელებას იწყებენ. რუსეთი ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ უკრაინა დამოკლეს მახვილივით კიდია თავზე. ამერიკას რუსეთის ჩხში მომწყვდევა ისედაც უნდოდა, ეს ბუნებრივად მოხდა და ამერიკა ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
- თქვენი კიდევ ერთი წინასწარმეტყველება: "2010 წლის 9 ივნისი. საქართველოს ტელევიზიებში დიდი ცვლილებები იქნება, ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელია, რადგან ყურებადობა ნულის ტოლი ხდება, ხალხი ტელევიზორს აღარ უყურებს, მოდიან პროფესიონალები და ყველაფერს ადგილს მიუჩენენ, იცვლება პროგრამები, იცვლება ყველაფერი".
- ახალი ტელევიზიებიც გაჩნდება, მაგრამ ამ პატარა საქართველოში არ არის საჭირო, 60 ტელევიზია იყოს და 40. ამ ტელევიზიებში, რაც არსებობს, შიგნით მუშაობის სტილი შეიცვლება, ის პროფესიონალები, რომლებიც არ იყვნენ გასაყრელები და გაყარეს, არ შეიძლება ასე, ის ხალხი უნდა მობრუნდეს, მათ იციან მუშაობის სტილი. იქ ახალგაზრდებსაც აღზრდიან და ის ახალგაზრდები, თავის მხრივ, საკუთარ ნიჭს წარმოაჩენენ. საერთო ჯამში, ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს. რასაც ხალხი უყურებს, მოწადინებული იქნება დაელოდოს კარგ ფილმს, შემეცნებით პროგრამებს. ათასი რაღაცა არის, რომელიც შეიძლება, რომ გაკეთდეს. ყველანაირად დადებითად შევაფასებ ამ ცვლილებებს "იმედში", "რუსთავი 2"-ში, "მაესტროზე", "კავკასიაზე;". ხალხი ბრძენია და ეს ანალიზი უტყუარია. შენ რომ ახალ ზღაპრებს უყვები და ანალიზებს აკეთებ, არ მოტყუვდება, მიუღებელია ეს. ბეჭდურ მედიაშიც ის სიტუაციაა, რომ ხალხს აღარ აინტერესებს, ბევრ გაზეთს არ ენდობა, მაგრამ აქ უფრო ახალი გაზეთები წამოვა, ახალი სახელწოდებებით და ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. საქართველოში ახლა იცით, როგორი პერიოდია? - მკვდარი, მაგრამ მთავრობა შეიცვლება, მინისტრთა ცვლა იქნება. ხალხს უნდა საბოლოო შედეგი.
- კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ: არის შანსი, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს?
- კი, ემზადება, მაგრამ ხალხს მისი სახელისა და გვარის გახსენებაზე ზაფრავს. მე მესმის, მან რაც გააკეთა, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, იმხელა შიში დათესა ბ-ნმა სააკაშვილმა ხალხში, რომ ხალხს მისი სახელის გაგონება არ უნდა. შიში იპყრობს და ეს შიში კიდევ დიდხანს გაჰყვება. პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, შემოუშვებენ მას საქართველოში თუ - არა. ესენი ერთმანეთს უსწორდებიან. ეს არ არის ხალხის ბრძოლა, ეს არის პოლიტიკოსების ბრძოლა, თანამდებობის პირთა ბრძოლა.
- როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი? მას ხედავთ პოლიტიკაში, თუ ის საბოლოოდ წავიდა?
- ივანიშვილი პოლიტიკაში არც უნდა იყოს, იგი საკმაოდ ჭკვიანია და ამას კარგად ხვდება და დროზე გადგა გვერდზე. ხალხმა დაინახა, რომ ის გვერდზე დადგა. კულისებში რას შვრება და რას არა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ პოლიტიკაში მომავალში ივანიშვილს არ ვხედავ, ეს მისთვის უკეთესია, ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. ამ კაცს აქვს თავისი ბედისწერა, მას ბედისწერის ზოლზე აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა, ამას მე არ ვიტყვი, რა თქმა უნდა. ის უნდა გაფრთხილდეს. თქვენ რა კითხვაც დამისვით, - მას პოლიტიკაში ხედავთ თუ არა? - არა, მე მას პოლიტიკაში არ ვხედავ.
- დაჭერები კიდევ იქნება?
- კი, დაჭერები აუცილებლად იქნება. ამათ აქვთ გეგმა და გეგმის მიხედვით მოქმედებენ.
- ვინ იქნება შემდეგი?
- ყველას ჩამოყვებიან.
- არ ვიცი, რამდენად მოისურვებთ ამ თემაზე ლაპარაკს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა.
- ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ჩემო საყვარელო ელისო, მთელი პარლამენტია, მთელი ქართული პოლიტიკაა. ნუ გიკვირთ, მერაბიშვილი არ იყო პატარა ფიგურა. როცა გადახედა წარსულს, რა მდგომარეობაშიც არის, ნორმალური ადამიანი ამას ვერ შეხვდება ჩვეულებრივად. ეს არის საზღაური იმისა, რაც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩაიდინეს, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა: ის, რომ ისინი სიცოცხლეს ციხეში დაამთავრებენ, მასე არ ვხედავ. თავის ვადას იხდიან, მერე ევროპაში გავარდებიან საჩივლელად, სასამართლოებს გამართავენ, თავს იმართლებენ, ამასობაში დროც გადის, იმას რასაც შეუფარდებენ კი ამოწურავენ და გამოვლენ. ყველა კარგად იყოს, არ ვარ ბუნებით ბოროტი, არ ვუსურვებ ცუდს ადამიანებს, თავად კოსმოსი წყვეტს, ვის რა პასუხს მიაგებს. იცით, პოლიტიკოსი რომ ხარ, უნდა დაფიქრდე, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედო, თუკი სხვას უთხრი სამარეს, თავად აღმოჩნდები შიგნით, იმიტომ რომ ერთ პოლიტიკას თამაშობენ. ის, რაც დააშავე, იმაზე კოსმოსი პასუხს მოგთხოვს, ამათაც მოსთხოვა პასუხი და დასაჯა.
- ყველა წინასწარმეტყველებაში, რაც მე წავიკითხე, ამბობთ, რომ უნდა მოვიდეს გიორგი ბრწყინვალე და მეცნიერთა პარტია. რა დრო დარჩა?
- დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან ხალხის მოთმინების ფიალა უკვე იწურება.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანას გააბრწყინებს?
- მე ვიტყვი, ყველაფერი მოხდება ძალიან ღიად, ყველაფერი მოხდება ძალიან მალე და ამის მერე ჩვენი ქვეყანა დაადგება აღმავლობის გზას. ახალი ეპოქა იწყება საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. აბრეშუმის გზას ვხედავ ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, ახალი ეპოქა ჩემთვის არის დიდი სიხარული. ჩემი ცხოვრების მთელი აზრი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა გადარჩება. ბევრი ცივილიზაცია გადაშენდა, ჩემო კარგებო, რაც არ ვიცით, უამრავი რამ მოხდა, საქართველო შეურყეველია. ერთიანად უნდა შეიკრას საქართველო ერთ მუშტად და ჩვენი ადგილი უნდა დავიკავოთ მსოფლიო პოლიტიკაში.
ელისო კილაძე
გაზეთი "ქრონიკა +"