ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში,

ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში,
არ ჰკითხოთ რატომ არ ბრუნდება,
მის ტკივილს თვალები გეტყვიან,
თვალები ცრემლით რომ დუღდება.
ემიგრანტს მხნეობა აჩუქეთ,
ჰაერზე მეტად რომ სჭირდება,
ჯანი და ძალ-ღონე გვეცლება,
ყველაფრის ექიმი გვჭირდება.
მოგვხედეთ, მადლი და სიკეთე,
თავის გზას ოქროსფრად დაჰქარგავს,
ხის ფესვებს წყალი თუ დააკლდა,
ფოთლები მშვენებას დაკარგავს.
რამდენს კი საწოლზე მიჯაჭვულს,
იმედის ფერები წაერთვა,
რამდენჯერ სიცოცხლეს უფულოდ
ეჭიდა, თავი ვერ გაართვა.
ჩვენს ყოფას მხოლოდ ის გაიგებს,
ვინც ჩვენი ცხოვრებით იცხოვრა,
ვინც ნატვრის, სიშორის ქარცეცხლში,
ქრებოდა, უალოდ იწვოდა.
მერწმუნეთ არ არის ადვილი,
ჯანმრთელი დავბრუნდეთ შვილებთან,
მოგვხედეთ სანამდის დრო არის,
ცხოვრება წამებში ილევა.


მარინა ყიფიანი