500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, რომ ასურელი ბავშვები იშვილოს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, ასურელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინფორმაციით, 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, რომ ასურელი ბავშვები იშვილოს.

ამის შესახებ დუმბაძემ საქართველოში მცხოვრებ ასურელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


"ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, ბავშვების რაღაც ნაწილი მაინც მიიღოს. სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, რომ ეს ბავშვები იშვილონ", - აღნიშნა გელა დუმბაძემ.

შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე და ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დაინტერესდა ასურელების მდგომარეობით და შეხვედრაზე განხილულ იქნა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული ასურელების საკითხები.