მიხეილ სააკაშვილი: "ივანიშვილი მიყვებოდა, როგორ ეკონტაქტებოდა რუსეთის უშიშროებას"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ქსენია სოკოლოვასთან ინტერვიუში საქართველოს ექსპრემიერზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილი რუსეთის "პროექტი" იყო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის აამოქმედეს.



"ივანიშვილი მართლაც იყო "პროექტი". ვისი "პროექტი" - მე არ შემიძლია ამაზე 100%-ით ვთქვა. მაგრამ ეს ნათელია, რომ იყო რუსული პროექტი, თუმცა თავდაპირველად როგორი ძალების, მე თქვენ ვერ გეტყვით. უდავოა ერთი რამ - ის იყო პროექტი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის. ამაზე მიუთითებს მრავალი ფაქტორი. მაგალითად, ის სპეციალურად, მრავალი წლის განმავლობაში უხდიდა ფულს ძველი, საბჭოთა ელიტის წარმომადგენლებს.

რომელიც სულ თქვენს წინააღმდეგ იყო მიმართული?

დიახ, ის აკეთებდა ამას ქველმოქმედების ფარგლებში, რომელსაც ის ეწეოდა ჩემი მოთხოვნით. ის ემზადებოდა ხელისუფლების აღებისთვის და ჩვენ ვიცოდით, რომ ის პოლიტიკაში მოვიდოდა.

იმისათვის, რომ გამოგვერიცხა ხელისუფლების ხელში ჩაგდება და "პროექტის" მიერ ხელისუფლებაში ყოფნა, ჩვენ შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია, ფაქტიურად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკა ვაქციეთ. იმ მექანიზმებით, რომლებიც ჩვენ საფუძვლად ჩავდეთ, შესაძლებელი იქნება საქართველოს კარდინალურად შეცვლა, როდესაც მოვა დრო..

რაც შეეხება ივანიშვილს, შემიძლია ვთქვა, რომ სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სანამ ივანიშვილმა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა, მან მოსკოვში საკუთარი აქტივები 30%-ით უფრო ძვირად მიყიდა ვალენტინა მატვიენკოს შვილს. ის პირადად მიყვებოდა, როგორ ეკონტაქტებოდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, შსს-ს და ა.შ. ასე რომ ის არის აბსოლუტურად ღია რუსული პროექტი, რომლის შესახებაც ქართველებმა იცოდნენ",-განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეა.