შუბლაძემ არხი გვარამიასთან დაპირისპირების გამო დატოვა

ნინო შუბლაძემ განცხადებაში განმარტა, რომ მის გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და აქვე განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციების თემად არ აქციონ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მის გადაწყვეტილებას, პირადი და ოჯახური მდგომარეობით ხსნის.

არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნინო შუბლაძის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, ამ მოვლენებით ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე, აგვისტოს ნაცვლად, ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა.


„ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

შუბლაძის თხოვნის მიუხედავად მისი გადაწყვეტილება ამ დრომდე მსჯელობის საგანია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ შუბლაძის გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. თავად ნინო შუბლაძე დამატებით კომენტარებს არ აკეთებს. თუმცა, ტელეკომპანიის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შუბლაძის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება, გასულ პარასკევს არხის გენერალური დირექტირის მიერ დაანოსებულ სატელეფონი საუბრების გამოქვეყნებას.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, შუბლაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, რასაც გვარამია არ დაეთანხმა. ჩვენი ინფორმაციით, მისთვის უცნობი იყო რა სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებდა ტელეკომპანია. შუბლაძის პოზიცია არ გაიზიარა გვარამიამ, რის გამოც ნინო შუბლაძე ტელეკომპანიის დატოვებით დაემუქრა გვარამიას, რაც გვარამიას არ გაუპროტესტებია. შესაბამისად, შუბლაძემ უარი თქვა თოქ-შოუ „პოზიციის“ წაყვანაზე და გასულ პარასკევს ტელეკომპანია დატოვა. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, შუბლაძის პოზიცია არხის რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ გაიზიარა.

დაპირისპირებას არ ადასტურებს გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი. იგი ამბობს, რომ შუბლაძესთან არხი აგრძელებს ურთიერთობას.

„ნინოს წასვლა არანაირად არაა კავშირში იმასთან, რომ ის რაღაცანაირად ემიჯნება „რუსთვი 2“-ს, მეტსაც გეტყვით, ამ წუთებში ნინო სამუშაო კაბინეტში იმყოფება და ალაგებს თავის გუნდს. მთელი გუნდი მასთან ერთად, როგორც აქამდე ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ურთიერთობას, დაწყებული გენერალური დირექტორით, დამთავრებული რიგითი ჟურნალისტებით.

რაც შეეხება ტელეკომპანიიდან თანამშრომლების შესაძლო წასვლას, „რუსთვი 2“-ის გარშემო ათასი ჭორ-მართალი ყოველთვის ვრცელედება, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენც ხედავთ ეთერში, რომ ჩვეულებრივად მუშაობს „კურიერი“ და ასევე აგრძელებს მუშაობას“, - აცხადებს გიორგი ლაფერაშვილი.

რაც შეეხება თოქ-შოუ „პოზიციას“ ლაფერაშვილი ამბობს, რომ ეს იყო შუბლაძის გადაწყვეტლება, რომ არ წაეყვანა გადაცემა.

„თავისივე გადაწყვეტლება იყო და განმარტა კიდევაც. ძნელია, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ შენ დაამონტაჟე კამერები, მასთან დებატებში შეხვიდე. ძნელი იქნებოდა მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, როდესაც უშუალოდ მას ადებდნენ ხელს, რომ თურმე, თავის თავს დაუყენა კამერები. აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს განმარტა კიდეც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ლაფერაშვილმა.

ნინო შუბლაძის წასვლამ არხში საკადრო ცვლილებაც გამოიწვია. როგორც ცნობილია, შუბლაძე ტელეკომპანიაში ორ თანამდებობას იკავებდა, იყო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გარდა ამისა, ყოველ პარასკევს მას მიჰყავდა თოქ-შოუ „პოზიცია“. ნინო შუბლაძის ადგილი ზაალ უდუმაშვილმა დაიკავა, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი - გიორგი ლაფერაშვილი გახდა, რომელიც ასევე „კურიერის“ მთავარი პროდუსერია.