"ოცნების" ღია მხარდამჭერების პრეტენზიები ხელისუფლებას - რა დაპირებებს ახსენებენ ცნობილები მთავრობას


როცა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ღიად დაუჭირა მხარი. Ambebi.ge ამ ადამიანების პოზიციით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, რა შენიშვნები აქვთ "ოცნების" მხარდამჭერებს ხელისუფლებასთან.

ქეთი დოლიძე
– ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პრეტენზია მაქვს ხელისუფლებასთან. მინდა მოსამართლეების სისტემა შეიცვალოს და სამართლიანობა აღდგეს. "ნაციონალები" ყველაფერში არიან დამნაშავე და ძალიან ბევრი მათგანი დათარეშობს დაუსჯელი. ეს დაუსჯელობის სინდრომი იმდენად რთულია, პათოლოგიურ ფორმას იღებს. სამართალი არ არის, ამიტომ ადამიანებმა თავად დაიწყეს შურისძიება და ეს საშიში ტენდენციაა.
ბევრი წყენა დაგროვდა ხალხში. ევროკავშირი არ გვაძლევს უფლებას, რომ კუბლაშვილის დანაშაულებრივი ბანდა შეიცვალოს და წესიერი მოსამართლეები მოვიდნენ. ეს დოკუმენტურადაც დადასტურებულია, ასეთი მოთხოვნაა - 2015 წლამდე ხელი არავის უნდა ახლონ. სამართალი არ არის, მაგრამ მე მაინც "ოცნების" მხარდამჭერად ვრჩები.

ნინელი ჭანკვეტაძე
– როგორ არ მაქვს შენიშვნები, მაგრამ ეს მოკლედ სალაპარაკო არ არის. ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენასთან მაქვს პრეტენზია. ვუყურებ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორ აქვთ მოცმული ცხვრის ქურქი, ფარისევლურად გამოდიან და აქეთ იშვერენ ხელს. მე არ ვარ აგრესიის მომხრე, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მიჩნდება აგრესია. არ ვამართლებ ძალადობას, მიუღებელია, მაგრამ მეჩვენება, რომ თავის გამოსვლებით იწვევენ ადამიანებს და დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია ასეთი ადამიანების წინაშე, იმიტომ რომ არ არსებობს თავისუფალი სასამართლო. 

სერიოზული მოთხოვნა მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ. ერთ-ერთი დაპირება, რითიც მოვიდა, სამართლიანობის აღდგენა იყო. ის ხალხი, ვინც 9 წლის განმავლობაში პლასტმასის ტყვიებს მესროდა, დემოკრატიის სახელით მელაპარაკება და ჭკუას მასწავლის. ეს კარგს არაფერს მოიტანს. როგორც ადამიანს, არ მინდა ქუჩაში ცემა-ტყეპა ატყდეს, ამიტომ ვინც დასასჯელია, ის ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს კანონით.

ბესო ზანგური
– ყველა ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს უჩნდება შენიშვნა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ტოვებ იმ გუნდს, რომელსაც გულშემატკივრობ. ყველაზე დიდი შენიშვნა ჩემი არის ის, რომ 

ხალხი ვერ დაასაქმეს და სხვა პრობლემებით დაკავდნენ. მშიერ კაცს კი, მოგეხსენება, რთულია აუხსნა რა საკითხი განიხილეს გაეროს ანსამბლეაზე. 

- ამბობენ, რომ კრიმინალი გაიზარდა, შენ ვერ გრძნობ ამას?
- იმაზე დიდი კრიმინალი, რაც 9 წლის მანძილზე ხდებოდა, მე არა თუ მინახავს, არც წამიკითხავს!

თიკა ჯამბურია
– მე აქტიურად ვიყავი ჩართული გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში. ჩვენი საქმე რომ დავამთავრეთ, დავიშალეთ და ახლა სხვა ბავშვები მიიყვანეს ახალგაზრდულში, მას შემდეგ არ ჩავრეულვარ პოლიტიკაში. ცალი თვალითაც არ ვუყურებ, რა ხდება. 

– ვიცი, რომ სამსახურს ეძებ, რატომ დაგტოვეს სამსახურის გარეშე?
– არც არავინ შეგვპირებია სამსახურს. ჩვენი საქმე გავაკეთეთ უბრალოდ. ჩვენი ინიციატივით ვაკეთებდით ყველაფერს. 

– როცა გესმის სხვადასხვა კრიმინალური ფაქტების შესახებ, მაგაზეც არ გიჩნდება პრეტენზია?
– მე რაც გავჩნდი, მას შემდეგ არეულობაა ქვეყანაში. ვეღარ ვხვდები, როდისაა სიმშვიდე და როდის არეულობა. მგონი მიჩვეულები ვართ ამას...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge