ქერა კულულებიანი ქმარი, შავკანიანი ახალშობილი და ჩინელი მოჩვენება

თუ გინეკოლოგმა უშვილობის დიაგნოზი დაგისვათ, ნუ დაღონდებით, შეიძლება სასწაული მოხდეს და ერთის მაგივრად ოთხი ბავშვის დედა აღმოჩნდეთ, ანდა უფრო მეტიც, ინტერნაციონალური ოჯახით მოიწონოთ თავი. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 27 წლის ანუკია.

- როცა პირველად გავთხოვდი, 4 წლის განმავლობაში ბავშვი არ მიჩნდებოდა. დედამთილმა ივიშვიშა და ჯერ თავისი ვაჟიშვილი წაიყვანა ექიმთან, როცა გაირკვა, რომ ჯანმრთელი იყო, მერე მე გამაქანეს გინეკოლოგთან. ექიმმა საფუძვლიანად გამსინჯა. ანალიზებიც გამაკეთებინა, ექოსკოპიაც გადამიღო და განაცხადა - ეს გოგო ისე ვერ გააჩენს შვილს, როგორც მეო (ექიმი კაცი იყო). დიაგნოზის დაწერით თავი არ შეუწუხებია, უიმედო პაციენტთა სიაში ჩამწერა და გამომიშვა. 

დედამთილს სახლამდე ხმა არ ამოუღია. ჩემი მეუღლეც ენაჩავარდნილი იყო. ერთი კვირის შემდეგ, ჩხუბის დროს, ავადმყოფი და უშვილო რომ წამომაძახა, მივხვდი, წამოსვლის დრო იყო. ორი წელი ვიგლოვე ჩემი მდგომარეობა და კაცებისკენ გახედვაც აღარ მინდოდა. ბედად მეორე წლის მიწურულს დაქალმა ახალგაზრდა შავკანიანი გამაცნო. მითხრა კარგი ადამიანია, ჩვენთან უნივერსიტეტში სწავლობსო.

არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა, რამ მომაწონა ეს შავი კაცი, მაგრამ მის მიმართ რაღაც სიმპათიას უდავოდ ვგრძნობდი. მის გაცნობას მეორე საინტერესო მამაკაციც მოჰყვა. ის შემთხვევით ქუჩაში გავიცანი და როგორც შემდგომში ურთიერთობების დროს გავარკვიე, ქვრივი გახლდათ, სახლში კი ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, რომლებსაც ძიძა უვლიდა - ისიც მომეწონა. 

მოწყენილი ცხოვრება როგორც იქნა დამთავრდა და ხან შავკანიანზე ფიქრით ვირთობდი თავს, ხან ორშვილიან მამაკაცზე. თანაც ორივეს ვხვდებოდი და ისე ველაპარაკებოდი, იმედი არ გადაეწურათ. ერთ დღესაც ქართველმა თაყვანისმცემელმა, სერიოზულად დამისვა საკითხი, რომ ცოლად მომიყვანდა. ორშვილიან კაცზე გათხოვება იოლი საქმე არ არის, მაგრამ რადგან ჩემი არ მეყოლებოდა, ვფიქრობდი, რომ სხვისი შვილების შეყვარებას შევძლებდი. მას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვთხოვე და გამოსამშვიდობებლად შავკანიანთან გავიქეცი.

როცა ჩემი დამტვრეული ინგლისურით ავუხსენი, რა გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებდი, გული დასწყდა, თუმცა ბოლო შანსი ხელიდან არ გაუშვა და ნაქირავებ ბინაში რომანტიკულ ვახშამზე მიმიწვია. ბუნებრივია, საგანგებოდ გამოწყობილი, მორთული და მოკაზმული წავედი. იმ ღამეს მასთან დავრჩი. ინტიმური დეტალების მოყოლა საჭირო არ არის, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა. მეორე დღეს ჩემს საქმროს სახლში მივადექი და ვუთხარი, რომ მის წინადადებაზე თანახმა ვიყავი.



ბავშვებმა კარგად მიმიღეს, მათი მამაც არაჩვეულებრივი ქმარი აღმოჩნდა. საკვირველი კი ის იყო, რომ ორი თვის თავზე, თავბრუსხვევები დამეწყო. ყველა ექიმი მოვიარე გინეკოლოგის გარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემს გერებს ეს ამბავი ისე გაუხარდათ, სულ მუცელზე მეფერებოდნენ, მე კი მაშინვე ჩემს პირველ ქმარს დავურეკე და ყველაფერი თავზე დავამხე. შემდგომი ცხრა თვე ბედნიერად ვცხოვრობდი. 

მშობიარობისთვის წინასწარ შევარჩიეთ ექიმი და როცა ტკივილები დამეწყობ, ქმარმა მაშინვე დიღომში გამაქანა. ექვსსაათიანი ტკივილების შემდეგ, როცა ბავშვის ხმა გავიგონე, ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იყო, თუმცა ექიმის გამოხედვამ შემაფიქრიანა. ექთანს ბავშვი უკვე გაეხვია და ჩემკენ მოჰყავდა. ის კუპრივით შავი იყო და მსხვილ თვალებს ატრიალებდა. - მამას ვაჩვენოთ? - იკითხა ექიმმა და სამახარობლოს მიღების იმედით ექთანი მაშინვე დერეფანში გავარდა. როცა მან გვარი იკითხა და ჩემი ქერაკულულებიანი, ფითქინა ქმარი შერჩა ხელში, უკან-უკან დაიხია და კვლავ სამშობიარო ბლოკში შემოვარდა, თან მომიბოდიშა, მაპატიეთ, მგონი რაღაც გაუგებრობაა.

მე და ჩემი ზანგის ბიჭუნა ერთი კვირა დავრჩით სამშობიარო სახლში, თუმცა მნახველი არავინ გამოჩენილა. მხოლოდ დედაჩემი მოდიოდა, მისთვის მთავარი ის იყო, რომ უკვე შვილი მყავდა, ვისგან, ეს არ აინტერესებდა. გამოწერის დღესაც მან მომაკითხა. გარეთ ტაქსი გველოდებოდა. სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვერდით ვიღაცის დაჟინებული მზერამ გამახედა, ქმარი თავის ორ შვილთან ერთად იქ მელოდებოდა. 

შენ ჩემს ორ შვილს გაზრდი, მე შენს ბიჭს გავზრდი და ამასობაში საერთო შვილიც გვეყოლებაო, მითხრა და გადამეხვია. ახლა უკვე მეორე ბავშვზე ვარ ფეხმძიმედ. ღამღამობით ჩემს ქმარს უკვე ჩინელი ბავშვი ესიზმრება და გიჟივით იღვიძებს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი შვილია და სულ ტყუილად ნერვიულობს.