იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროებში დარიგებულ სოლიდურ პრემიებზე კომენტარს აკეთებს. მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა მაღალკვალიფიციურმა პირებმა შესაბამისი ანაზღურება აიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ საჯარო სამსახურები ასეთ კადრებს დაკარგავს.
„თუ საჯარო სამსახურში ხელფასები არ იქნება ადექვატური და საჯარო მოხელეები არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე აბსოლუტურად უინტერესო გახდება და მას დატოვებენ კომპეტენტური ადამიანები. ესაა პრინციპი, რომელსაც მე ვიზიარებ. მე არ ვიღებ არანაირ პრემიას და ხელფასი ხელზე მაქვს 5 000 ლარი, მაშინ, როცა წლების განმავლობაში, თვეში მქონდა 17 - 18 000 სტრასბურგის სასამართლოში. მიმაჩნია, რომ ეს ის ხელფასია, რომლისთვისაც ღირს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს, მაგრამ საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან მაღალკვალფიციურები და როგორც კი მათ ადექვატური ანაზღურება არ ექნებათ, ისინი გადავლენ კერძო სექტორში,"- განმარტა წულუკიანმა გადაცემაში „რეაქცია".
მისივე თქმით, ძალიან ცუდი ფაქტია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემულ პრემიებზე უწყების ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.
„ეს არის ცუდი ფაქტი. დასანანია, რომ იმ პირმა, ვინც ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არ შეატყობინა მინისტრს, ამგვარი რამ არ შეიძლება," - განაცხადა იუტიციის მინისტრმა.