"პრემიერთან ვისაც მიგესვლებათ, სიტყვა გეთქმით, იქნებ ეს ამბავი გააგებინოთ!!!"

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში გაცემული აფხაზური პასპორტები ძალადაკარგულად გამოცხადდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. დროებითი სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ რაულ ხაჯიმბამ გაახმოვანა.


„კიდევ ერთხელ ღიად ვაცხადებთ: გალის რაიონის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ და იცხოვრებენ კიდევაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ამასთან ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი კანონმდებლობა რომელიც მათ სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.


ხოლო ადგილობრივები მშვიდად უნდა ცხოვრობდნენ, განვითარდნენ, იშრომონ აფხაზეთთან და მის მოქალაქეებთან ერთად. დრო გვაჩვენებს, თუ ამ ხალხიდან ვინმე გამოთქვამს სურვილს გახდეს აფხაზეთის მოქალაქე, ამგვარი უფლება სამომავლოდ რეალიზებული უნდა იყოს, ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით და არა ისე, როგორც იყო ბოლო წლებში.

აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის კომისიის გვერდის ავლით დღეში 500-600 დოკუმენტი გადიოდა უკანონო კომისიებში, მაშინ როდესაც პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში წელიწადში 600-700 საქმე გადიოდა, ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად აქტიურად და რისთვის მიმდინარეობდა ეს სამუშაოები“, - აცხადებს ხაჯიმბა.