დაშორდნენ თუ არა კახა მიქიაშვილი და სალომე არშბა - ''სასურველ გოგონას ლექსებსაც კი უძღვნიდა''...


მსახიობ კახა მიქიაშვილისა და ტელეწამყვან სალომე არშბას სიყვარულის ამბავი თბილისში დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილმა ჯვარი დაიწერა, კახა თავის სიყვარულზე ალაპარაკდა, ხოლო სალომე დიდი ხანია, პრესასთან ურთიერთობას ერიდება, ასე რომ, მისგან კახასთან ურთიერთობის დეტალებზე არაფერი გვსმენია.

წყვილმა ერთმანეთი ბათუმში გაიცნო. კახას ფესტივალი ''ერის ხმა'' მიჰყავდა, სალომე კი დასასვენებლად მეგობრებთან ჩავიდა. როგორც მოგვიანებით კახა ინტერვიუებში ჰყვებოდა, სალომეს გარეგნობამ და მდიდარმა შინაგანმა ბუნებამ მალე მოხიბლა და თავისი გრძნობები არ დაუმალავს.


სალომეს მოხიბვლას კახა ბევრნაირი გზით ცდილობდა. სასურველ გოგონას ლექსებსაც კი უძღვნიდა და მიუხედავად იმისა, რომ პოეტობაზე პრეტენზია ლექსების ავტორს არ ჰქონდა, თურმე მისი პოეზია სალომეს ძალიან მოსწონდა.

მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მალე დაქორწინდნენ, ჯვარი დაიწერეს და წყვილს გოგონა შეეძინა. პატარას თინა დაარქვეს. სალომეს ბავშვობიდან უნდოდა გოგონასთვის ამ სახელის დარქმევა და როდესაც შვილის სქესი გაიგეს, სახელზე არც უფიქრიათ.


თინა კახასთვის მეორე შვილია. პირველ სიყვარულზე, რომლისგანაც კახას 7 წლის ანასტასია ჰყავს, მსახიობს ლაპარაკი არ უყვარს. თუმცა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შვილი ძალიან უყვარს და ცდილობს, მზრუნველი მამა იყოს...

ბავშვის დედა ერთ-ერთი ჯეოსტარელი ნუკი ცარელაშვილი გახლავთ. წყვილი დაოჯახებული არ ყოფილა. წლების შემდეგ ნუკი იტალიაში უცხოელზე გათხოვდა და თავს ბედნიერად გრძნობს.

კახა პრესასთან საუბრისას ამახვილებდა ყურადღებას, რომ სალომეს ხუთი შვილის გაჩენა უნდოდა და ამის სურვილი მასაც გაუჩნდა. თუმცა მცირე ხნის წინ თბილისში ხმა გავრცელდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

რასაკვირველია, დადასტურებულად ამის თქმა მხოლოდ წყვილიდან ერთ-ერთს შეუძლია, მაგრამ ალბათ, მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ თბილისში

ბევრი ჭორი ვრცელდება. სწორედ ერთ-ერთ წყარომ გვიამბო, რომ დაქორწინებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ტელეწამყვანსა და მსახიობს შორის ურთიერთობა გაცივდა. კახა სახლში სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა და სამსახურის დასრულების შემდეგ გართობაზე ფიქრობდა, სალომე კი შინ იყო და ასეთი ურთიერთობით დაიღალა.

ასევე გვითხრეს, რომ კახასა და სალომეს წყვილი ოფიციალურად არ განქორწინებულა, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც სალომე მშობლებთან ცხოვრობს. დაშორების შემდეგ ჟურნალისტმა ''ჯიდიესში'' დაიწყო მუშაობა.

როგორც ამბობენ, კახა ბავშვს ნახულობს და ცდილობს, მზრუნველი მამა იყოს. შვილთან ერთად სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ალბათ, ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათი დაშორების შესახებ ახალი ამბავი არავინ დაიჯერა.

სალომე არშბაც აქტიურობს სოციალურ ქსელში და შვილთან ერთად გადაღებულ უამრავ ფოტოს აქვეყნებს, მათ შორის არის სალომეს ბავშვობის ფოტო, რომელზეც ძალიან ჰგავს პატარა თინა.

ამ ამბის გაგების შემდეგ შევეცადეთ, ინფორმაცია კახასთან გადაგვემოწმებინა. მსახიობმა ჩვენთან საუბარში არ დაადასტურა, რომ სალომეს დაშორდა და ამ ამბავზე მეტი საუბარი არ ისურვა.

სალომეს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არც არასდროს უყვარდა ყვითელ პრესასთან ურთიერთობა და ვერც ამჯერად მოვახერხეთ მასთან დაკავშირება.

სალომესა და კახას მეგობრების თქმით, წყვილი ერთმანეთს სკანდალით არ დაშორებულა და რადგან ჯერ ოფიციალურად ხელი არ აქვთ გაწერილი და არც ჯვარი აუყრიათ, მეგობრებს დიდი იმედი აქვთ, რომ შერიგდებიან.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''