ქართული კურიოზული ისტორია: როგორ აღმოაჩინა ქმარმა ინტერნეტში, რომ ცოლი მეგობართან ღალატობდა


„რას ღლაბუცობთ, მე იმ ქართველ ქალს რა ვუთხარი, რომელსაც სექსი სიამოვნებისთვის სჭირდება და არა გასამრავლებლად, გვარის გასაგრძელებლად, ქმართან დასაახლოვებლად. „ჩემ დროს“, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს თავისი ადგილი ჰქონდა და ნამდვილ ქართველ ქალს თავისი.  მე რომ კრასნოიარსკში რეისებს ვაკეთებდი და ათას ქალთან მქონდა ურთიერთობა, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ჩემი ცოლი ნაირა არ მიყვარდა, უბრალოდ, ქალს არ ეპატიება ზედმეტი სექსი. თქვენს დეიდაშვილს, ან ერთად გაზრდილ ბიძაშვილ გოგოზე, რომ გაიგო ვიღაც ჯამბულასთან დადის, არ გაუხეთქავ თავს ორივეს?“  


ეს ტექსტი ქართული სოციალური ქსელის ერთ-ერთ იუზერს ეკუთვნის. გამოთქმულმა მოსაზრებამ კი, ბევრი „ლაიქი“ დაიმსახურა.

საქართველოში დღემდე ყბადაღებული თემაა „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ და სექსი ქორწინებამდე. საქართველოში უმრაველესობაში არიან მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ გოგო ქორწინებამდე ქალწული უნდა იყოს, ვაჟისთვის კი სავალდებულოა დაოჯახებამდე სექსუალური კავშირი.  ამ მოსაზრებას ქართული სოციალური ქსელების გარკვეული ნაწილიც ეთანხმება და მათი რისხვის ობიექტი ხდებიან ისინი, ვინც განსხვავებულად აზროვნებს.  

ჩვენამდე ერთმა ისტორიამ მოაღწია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ერთ-ერთ სოციალურ საიტზე, ახალგაზრდა მამაკაცებმა, კამათი სწორედ ამ თემაზე დაიწყეს და ისე შეყვნენ საუბარს, რომ თითქმის მეგობრები გახდნენ. მამაკაცთა უმრავლესობას როგორც სჩვევია, ერთმანეთის სექსუალური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის გაცვლაც დაიწყეს –ზოგი ნამდვილი, ზოგიც მოგონილი. გაირკვა, რომ ერთს განსაკუთრებულად სლავური გარეგნობის მანდილოსნები  მოსწონს, მეორე კი, ქართველებითაც კმაყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ იუზერს სლავური გარეგნობის გოგონები ხიბლავს, მეუღლედ ქართველი გოგონა შეურჩევია. ის იმითაც ტრაბახობდა, ძალიან პატარა მოვიყვანე და „ჩემს ჭკუაზე“ გავზარდეო. სახელდახელოდ დამეგობრებული ბაქია იუზერების დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა და არავინ იცის, როდემდე გასტანდა, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი გულწრფელი აღიარება.  

დიალოგის დროს ერთ–ერთმა მომხმარებელმა, მას ვისაც ქართველი ქალები უფრო ხიბლავს, თავის ერთ–ერთი „გერლფრენდის“ ცხოვრებისეული ისტორია მოჰყვა.  მან ვირტუალურ მეგობარს გაანდო, რომ „მისი გოგო“, რომელიც გათხოვილია და ქმარს მასთან ღალატობს,  წუხდა ადრეულ ასაკში დაოჯახებას და ხშირად აღნიშნავდა, თუ რა კარგად გრძნობდა თავს „საყვარელთან“.  

ქმრიანი ქალის სატრფომ უფრო „შორს წასვლა“ გადაწყვიტა და ჯერ საყვარელი გოგონას სახელი გაამხილა საჯაროდ, შემდეგ მისი მეუღლის მეტსახელი. სწორედ აქ მოხდა დიდი ტრაგიკომედია: მეორე მომხმარებელი სწორედ იმ გოგონას ქმარი აღმოჩნდა, ვისი ცხოვრების „ტრაგიკულ“ მომენტებსაც ვირტუალური მეგობარი უყვებოდა. ეს მათი დიალოგის მომსწრე სხვა იუზერებმაც დააფიქსირეს.  

მათი დიალოგი აღარ გაგრძელებულა და ჩვენთვის უცნობია, რა მოხდა ვირტუალური სამყაროს მიღმა. თუმცა ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ზოგჯერ ქართველი მამაკაცები იმაზე მეტს საუბრობენ თავიანთ შესაძლებლობებზე, ვიდრე ამის რესურსი რეალურად გააჩნიათ, ჭორაობენ გოგონებზე, სინამდვილეში კი სხვისი  საყვარლები მეუღლეებად ჰყავთ.

ქართველი ფსიქოლოგები კი იმაზე თანხმდებიან, რომ მენტალიტეტის, აზროვნებისა და ღირებულებების შეცვლას ათწლეულები სჭირდება.

შესაბამისად, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ( მათი რიცხვი საკმაოდ დაბალია), რამდენიმე ათწლეული მოცდა მოუწევთ, ან მთელი ცხოვრება დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. რა უფრო რთულია, ლოდინი, თუ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, ეს თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია.

საქართველოში სიყვარული და სექსი ერთდროულად იშვიათ „მოვლენად“ იქცა. ამაზე კი დანგრეული ოჯახების შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს.

და მაინც... თუ ეს „იშვიათობა“ ვინმეს აქვს, მაშინ გარშემომყოფთა რთულ დამოკიდებულებასთან გამკლავება უწევს. ბუნებრივია, აქ სიყვარულისა და სექსის ერთდროულად არსებობაში იგულისხმება დაუქორწინებელი წყვილები, რომლებიც ამას რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.

ინდოელი სულიერი მასწავლებელი და ფილოსოფოსი ოშო ერთდროულად სიყვარულსა და სექსს ასე ხსნის:   

„ ვინ გითხრათ, რომ სექსი ჭუჭყიანია?! - მთელი სიცოცხლე სექსის წყალობით არსებობს, მთელი სიცოცხლე მისგან იქმნება. სექსი არ არის თქვენი ქმნილება, ეს ღმერთის საჩუქარია.  ეს სიხარულია!  ღვთაებრივი საჩუქარია, ტკბობა და დღესასწაული. იმ დიად დღესასწაულში მონაწილეობაა, რომელსაც არსებობა წარმოადგენს. რა მშვენიერია ყვავილი – დაკვირვებულხართ?

ისიც სექსუალურია. ჩიტი, რომელიც მღერის დილით განდეგილის საცხოვრებლის მახლობლად, მშვენიერია... დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეს მისი სიმღერა სექსუალური მიპატიჟებაა? ის ეძებს პარტნიორს, საყვარელს...

ყველგან, სადაც არის სილამაზე, არის სექსი.

არაფერია ცოდვა უბრალო, სუფთა სექსში. ეს ბუნებრივია. საჭირო არ არის დამალო ის სიტყვა „სიყვარულის“ მიღმა. საჭირო არაა შექმნა რომანტიული ბურუსი მის გარშემო. ჩემი მიდგომა არც ამქვეყნიურია, არც იმქვეყნიური... მიმაჩნია, რომ ძვირფასია ყველაფერი, რაც მოგეცემა. ეს რომ ასე არ იყოს, სამყარო უბრალოდ, არ მოგცემდა იმას, რაც უმნიშვნელოა. საკუთარი სექსუალობის შესწავლით, ერთხელაც წააწყდებით საკუთარ სულიერებას. მაშინ გახდებით თავისუფალნი“...