როგორ მოვამზადოთ ხელის კრემი

ყველამ იცის, რომ ქალის ასაკს ხელები ამხელს. ხელები, ისევე როგორც სახე, პრაქტიკულად ყოველთვის ჩანს, თუმცა მოვლით გაცილებით ნაკლებად უვლიან, თანაც კანი აქ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სახეზე, უფრო ადრე კარგავს რეგენერაციის უნარს. მაშასადამე, ხელებს ახალგაზრდობა და სილამაზე რომ შევუნარჩუნოთ, გულმოდგინედ უნდა მოვუაროთ.

ხელები ძალზე სათუთია და სხეულის სხვა ნაწილებზე ხშირად განიცდის ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას, როგორებიც არის ქარი, ყინვა, ჭუჭყი და სხვა. როგორ გავანეიტრალოთ მათი არასასურველი ეფექტი? ხელების მოვლა გულისხმობს:


ნიღბების გაკეთებას;
დაბანას;
პილინგს;
ვარჯიშებს მაჯის სახსრისათვის;
კვებას;
მანიკიურს.
ხელების ბანას ყველა ბავშვობიდან ვართ მიჩვეული. მოგეხსენებათ, ფრჩხილებქვეშ გროვდება ბაქტერიები და ჭუჭყი, ამიტომ თავდაპირველად ისინი უნდა გავისუფთაოთ სპეციალური საფხეკით და მერე დავიბანოთ ხელები საპნით. როგორც ცნობილია, საპონი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია, თხევადი საპნით ვისარგებლოთ. სასარგებლოა ხელებზე მონაცვლეობით ცხელი და ცივი წყლის გადავლება. ცხელი წყლით ხელების ხშირად ბანას არ გირჩევთ - კანს აშრობს. თუ კანი გამოგიშრათ, მაგრამ მკვებავი ან დამანოტივებელი კრემი შინ არ აღმოგაჩნდათ, წაისვით ხელებზე რამდენიმე წვეთი მზესუმზირას ზეთი და მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ქაღალდის ხელსახოცით ფაქიზად შეიშრეთ. ეცადეთ, ქუჩაში სველი ხელებით არ გახვიდეთ - კანი გამოშრება და თუ მგრძნობიარეა, დასკდება.
პილინგი - ეს არის ქიმიური ზემოქმედება, რომელიც აქრობს ქერცლს, პატარა ნაიარევებს, პიგმენტურ ლაქებს. ეს არცთუ იაფი პროცედურაა და, ჩვეულებრივ, 6-10 ეტაპად ტარდება. თუ გეძვირათ, შეგიძლიათ დაიბანოთ ხელები სკრაბით, რომელსაც ადვილად მოამზადებთ დაფქული ყავისა და ორიოდე წვეთი თხევადი საპნისგან. 5-6 დღეში ერთხელ წაისვით ხელებზე ასეთი ნარევი, შეიზილეთ და ჩამოიბანეთ.
ძალიან სასარგებლოა ხელის აბაზანები:
ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის აბაზანა კვებავს და არბილებს კანს;
ზღვის მარილის აბაზანა (2 სუფრის კოვზი მარილი 0,5 ლ წყალზე) სასარგებლოა ფრჩხილებისთვის;
პიტნის ფოთლების აბაზანა დაღლილობას მოგიხსნით;
გვირილისა და ცაცხვის აბაზანა არბილებს და ამშვიდებს კანს;
ასევე სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის აბაზანა, რომლის შემდეგაც ხელებზე მკვებავი კრემი უნდა წაისვათ.
აბაზანა მიიღეთ კვირაში ერთხელ.
შინ ასევე შეიძლება მოვამზადოთ ნატურალური მკვებავი კრემი ხელებისთვის: აიღეთ თითო სუფრის კოვზი კალენდულა, გვირილა, მრავალძარღვა და ორკბილა. ეს ყველაფერი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 6 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გ ნაღების კარაქი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ნაყენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ კრემს აქვს მკვებავი, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თქვენი ფრჩხილები იბრწყინებს, თუ ფრჩხილის ფირფიტაში რეგულარულად შეიზელთ შტოშის წვენს, ღვინის ძმარს, წითელი ან შავი მოცხარის წვენს, ლიმონის წვენს.