რუმინულ ბაღში ბავშვებს ცემით აძინებენ: ამ კადრებმა მშობლები შოკში ჩააგდო

რუმინეთში, ქალაქ კონსტანტას ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მომხდარმა ფაქტმა მშობლები შოკში ჩააგდო, როდესაც საკუთარი თვალით იხილეს, რა უდიერად ეპყრობოდნენ მომვლელები მათ შვილებს.

ჩვეულებრივ, მომვლელები დილის 9 საათიდან 12 საათამდე სათვალთვალო კამერებს ჩართულს ტოვებდნენ, რათა მშობლებს თვალყური ედევნებინათ თავიანთი შვილებისთვის, ხოლო, როდესაც პატარებს ძილის დრო უწევდათ, კამერებს თიშავდნენ. თუმცა, ერთხელაც აღმზრდელებს კამერების გამორთვა დაავიწყდათ და ბავშვების მშობლები საშინელი ინციდენტის მომსწრენი გახდნენ. კადრებში ჩანს, როგორ ამზადებენ მომვლელები მცირეწლოვანებს დასაძინებლად, მათ კი, ვინც ჯიუტდება და აღმზრდელებს არ ემორჩილება, ცემა-ტყეპას არ აკლებენ.


კადრების ნახვის შემდეგ მშობლებმა საბავშვო ბაღის მფლობელს და მომსახურე პერსონალს სასამართლოში უჩივლეს. ბაღს სოლიდური ჯარიმა და ლიცენზიის შეჩერება ემუქრება.