პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...


ივანიშვილმა კალაძეს სთხოვა დარჩენილიყო. ის კი უარზე იყო. ამის შემდეგ, ოლიგარქმა კალაძეს „დასაბმელად“ ბერა მიაუგზავნა. მან კი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, კალაძე მართლაც დაიყოლია... თუმცა, დროებით... 

პირველი სერიოზული სკანდალი ივანიშვილის ხელისუფლების შიგნით. ენერგეტიკოსმა კახი კალაძემ მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ივანიშვილს პირადად განუცხადა. გაბუტულ კახის, ბელადმა „ყოვლისშემძლე“ ბერა მიუგზავნა და სიტუაცია მეტ-ნაკლებად სწორედ ამის შემდეგ განეიტრალდა.



რა მოხდა ენერგეტიკის მინისტრსა და პრემიერ მინისტრს შორის? რატომ მივიდნენ „სოკარში“ კალაძე და ივანიშვილი და რეალურად, რატომ დაატოვებინეს მინისტრის მოადგილის თანამდებობა გია ქავთარაძეს? 


მაშ ასე, „people.ge“ ექსკლუზიურად თქვენთვის ივანიშვილის ხელისუფლების წევრებს შორის არსებული დაპირისპირების, ინტრიგების, ძალაუფლების, ბიზნეს-ინტერესების გადანაწილებისა თუ დაბეზღების შესახებ... 

კალაძის მსტოვარი „სოკარში“ 

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მოადგილედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელის კადრი, გია ქავთარაძე დანიშნა. სწორედ აქედან იწყება ის ისტორია, რომლის გამოც კალაძე ივანიშვილს გაებუტა და მისი მთავრობიდან წასვლასაც აპირებდა...

გია ქავთარაძე, მინისტრის დავალებით კონფიდენციალურად შეხვდა აზერბაიჯანული ფირმის - „სოკარის“ ქართულ წარმომადგენლობას და წილში გაყვანა მოსთხოვა... წინააღმდეგ შემთხვევაში „პრობლემების შექმნით“ დაემუქრა.

„სოკარის“ წარმომადგენლობა ივანიშვილის მრჩეველსა და ექსპერტს, ოლიგარქების მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. ხუხაშვილს „სოკარში“ საკუთარი ფინანსური ინტერესები აქვს. ამ უკანასკნელმა, ქავთარაძის „სოკარში“ ვიზიტის შესახებ ივანიშვილი ოპერატიულად ჩააყენა საქმის კურსში... 

ივანიშვილმა კი, კალაძე დაიბარა და ყურები აახლია. ოლიგარქმა, მას, ჯერ მოადგილის, გია ქავთარაძის გაგდება, შემდეგ და „სოკართან“ სიტუაციის გარკვევა მკაცრად მოსთხოვა. 

კალაძე, თავდაპირველად „ვირზე შეჯდა“, თუმცა, მოგვიანებით, ქავთარაძეს მაინც დააწერინა განცხადება, გადადგომის თაობაზე. მას, ხუხაშვილის მონოლოგის მოსმენაც მოუწია და ბოლოს, გაბრაზებულმა პრემიერ მინისტრს განუცხადა, რომ მიდის...

ივანიშვილმა კალაძეს სთხოვა დარჩენილიყო. ის კი უარზე იყო. ამის შემდეგ, ოლიგარქმა კალაძეს „დასაბმელად“ ბერა მიაუგზავნა. მან კი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, კალაძე მართლაც დაიყოლია... თუმცა, დროებით... 

ისევ „სოკარი“... 

გასარკვევი რჩებოდა ურთიერთობა „სოკართან“. აზერბაიჯანული კომპანია საქართველოს პრემიერ მინისტრისგან განმარტებებს ოფიციალურად ითხოვდა.  წარმოიდგინეთ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მინისტრის სახელით ემუქრება საერთაშორისო დონის კომპანიას პრობლემების შექმით, თუ წილში არ გაიყვანს...

გააცნობიერა რა, შექმნილი ვითარების სიმძიმე, პატივმოყვარე და ამპარტავანმა ივანიშვილმა „სოკარში“ პირადად მისვლა იკადრა. მან თან იახლა ამ სკანდალის მთავარი გმირი, კახი კალაძეც. 

მართალია, ოფიციალურად გაჟღერდა, რომ „სოკარს“ ივანიშვილ-კალაძე გაზის ტარიფის შემცირების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ესტუმრნენ, თუმცა, ეს რომ აბსურდია, ამაზე „სოკარის“ მენეჯმენტის განცხადებაც მეტყველებს: ისინი ეიფორიაში არიან - განაცხადა აზერბაიჯანული კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ივანიშვილ-კალაძის „სოკარში“ ვიზიტის კომენტირებისას...

ექსპერტი „პიქსელიდან“...

ცალკე თემაა ე.წ. ექსპერტის,  გია ხუხაშვილის ახალი გატაცება... ხუხაშვილი „პიქსელში“ ზის და იქიდან ცდილობს მსხვილი ბიზნეს-ლუკმების დათრევას. ის საკუთარ თავს სთავაზობს ყველა იმ მსხვილ ბიზნესმენს, რომელიც ახალ ხელისუფლებაში „კრიშას“ ეძებს...

ჩვენ, ხუხაშვილის ბიზნეს-ინტერესების შესახებ სპეციალურ ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებთ. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფმა უკვე მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი და დოკუმენტი, ხუხაშვილის ახალი გატაცების თაობაზე. მასალებს უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ. 


ნიკა იაშვილი, people.ge