"იქნებ აღარ იყოს შემდეგი..."-ხატია ბუნიათიშვილის წერილი გიგი უგულავას

გიგი უგულავას ამჯერად წერილს ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე გიგის მხოლოდ რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ. არ მქონია მასთან პროფესიული თუ მეგობრული ურთიერთობა. არც პირადად დამხმარებია, როგორც ძალიან ბევრს დაეხმარა. თუმცა ყველა დამიდასტურებს, რომ ის არის საოცრად თბილი, ნებისმიერის, განურჩევლად პოლიტიკური ხედვისა, პრობლემების გულთან მიმტანი ადამიანი. აღარ ვლაპარაკობ ყველაზე მთავარზე, მის უმთავრეს მოვალეობაზე - თუ როგორ უვლიდა და ალამაზებდა თბილისს.



ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი. მაშინებს ის, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები - ზოგი შეშინებული, ზოგი კმაყოფილი და სამწუხაროდ ძალიან ბევრი გულგრილი - უმოქმედოდ ფიქრობს: ვინ იქნება შემდეგი?

იქნებ გამოვიყენოთ ყველამ ჩვენი ხმა, რომელიც დაბადებისთანავე თავისუფლად ამოხეთქავს ჩვენგან და რომელსაც ზრდასრულობაში ინსტინქტის საწინააღმდეგოდ ვბლოკავთ!

იქნებ შევძლოთ და შევაჩეროთ ეს არაადამიანური მანქანა!

იქნებ საბოლოოდ დავუსვათ საქართველოს ისტორიაში რევანშს წერტილი!

იქნებ აღარ იყოს შემდეგი..."