"გართობის ყველანაირი საშუალება გამოვცადეთ" - გვანცა დარასელიას დაუვიწყარი დასვენება

ჟურნალისტი გვანცა დარასელია ოჯახთან ერთად დასვენებას საზღვარგარეთ გეგმავს. ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრა, - საზაფხულო გარდერობს საერთოდ არ ვაახლებო.

- ზაფხული ძალიან მიყვარს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს სეზონი დასვენებასთან ასოცირდება. წელიწადის ამ დროს, გარკვეულ მონაკვეთში აღარ ვიმუშავებ, უსაქმურად ვიქნები, რაც ადამიანს განტვირთვისთვის აუცილებლად სჭირდება. მომწონს, როცა გარემოს ვიცვლი. ყველაზე დამღლელი, მთელი წლის განმავლობაში ერთი და იმავე რაღაცის კეთება ანუ ე.წ. რუტინაა. ზაფხულში კი ადამიანს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.


- ზაფხული გარუჯვასთანაც ასოცირდება. გიყვარს მზის აბაზანების მიღება?
- რასაკვირველია, გარუჯვა მიყვარს, მაგრამ ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვისაც გარუჯვის გამო გარკვეული მსხვერპლის გაღება შეუძლია. მზეზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ამისთვის ნერვები არ მყოფნის. გარდა ამისა, ისეთი კანი მაქვს, რომ მალე ვიღებ ნამზეურს. მზის ქვეშ დიდხანს რომ დავდგე, არაესთეტიკურად შავ ფერს მივიღებ. ამის გამო, ხშირად მზეს ვერიდები კიდეც. 

- არაესთეტიკურად შავი ბოლოს როდის იყავი?
- ბავშვობაში. პლაჟზე ყოფნის დროს გასარუჯად დაწოლას თამაში მერჩივნა, მაგრამ მაინც, ყოველთვის ძალიან ვშავდებოდი. ყველას ეგონა, რომ თვეობით ვისვენებდი ზღვაზე. სინამდვილეში, ეს რამდენიმედღიანი დასვენების შედეგი იყო.

- ბავშვობაში ძირითადად, ზღვა­ზე ისვენებდი?
- ზღვაზე სისტემატურად დავდიოდით. 6 წლის განმავლობაში სარფში, ერთსა და იმავე ოჯახს ვსტუმრობდი. გარდა ამისა, აუცილებლად მივდიოდით თიანეთში, ჩემს დედულეთში. შვილთან ერთად იქ წასვლას ახლაც ვგეგმავ. ზღვის სანაპირო ძალიან მიყვარს, მაგრამ მთაში, ჩემს სოფელშიც არის მდინარე, სადაც ხშირად დავდივარ ხოლმე გასაგრილებლად. ბოლო დროს, პასიური დასვენება მომწონს. 

- ეს ასაკის ბრალია თუ გადაღლილობის?
- ალბათ გადაღლილობის და იმისაც, რომ ჩემს მეუღლეს მშვიდ გარემოში დასვენება მოსწონს. 

- ოჯახის შექმნის შემდეგ დასასვენებლად მეუღლესთან ერთად დადიხარ?
- მეუღლესთან და შვილთან ერთად ვისვენებ. როგორც წესი, ძიძაც თან მიგვყავს ხოლმე. ადრე კი მეგობრებთან ერთად მივდიოდი და აქტიური, გიჟური დასვენება გამოგვდიოდა. დავდიოდით ღამის კლუბებში, ვცეკვავდით, ვერთობოდით. ახლა კი ბავშვზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი დასვენება მის დღის რეჟიმს მოვარგოთ. ვიდრე ოჯახური დასვენების დრო მოვა, მაისში, ნაძვის ყვავილობის პერიოდში, ჩემი შვილი - ერეკლე ბებია-ბაბუას (ჩემს დედამთილსა და მამამთილს) 10 დღით აბასთუმანში მიჰყავს.

- როგორც ვიცი, ზამთრის კურორტებსაც სტუმრობ.
- რასაკვირველია! წელს ბაკურიანში ვიყავით და ერეკლე იქაურობით ძალიან მოიხიბლა. როცა დრო და საშუალება გვაქვს, მე და ვახო შაბათ-კვირას გუდაურშიც ავდივართ. 

- საზღვარგარეთ რამდენად ხშირად მიდიხარ?
- ამ ზაფხულსაც გვინდა, სადმე გავემგზავროთ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სად წავალთ. ალბათ ისეთ ადგილს მივანიჭებთ უპირატესობას, სადაც პირდაპირი ფრენაა და ბავშვს მგზავრობით დისკომფორტს არ შევუქმნით. ყველაზე დიდხანს საქორწინო მოგზაურობის დროს დავისვენე. მაშინ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოვინახულეთ. მას შემდეგ, წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მე და ვახო მხოლოდ რამდენიმე დღით, განსატვირთად თუ "გავიპარებით"ხოლმე. 

- შეგიძლია, შენთვის დაუვიწყარი დასვენება გაიხსენო?
- რასაკვირველია! ჩემთვის დაუვიწყარი საქორწინო მოგზაურობა იყო. ისეთი ადგილები მოვინახულე, რომლებიც მანამდე არ მენახა და რეალურად განვიტვირთე. ვნახეთ პრაღა, მიუნხენი, პარიზი, ნიცა, კანი და მონაკო. გართობის ყველანაირი საშუალება გამოვცადეთ. 

გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნავი ადგილი მოგვენახულებინა და საღამოს სასტუმროში ისეთი დაღლილები ვბრუნდებოდით, რომ კლუბში წასვლის თავიც აღარ გვქონდა. თუმცა, რამდენჯერმე კლუბშიც გახლდით.

- საზაფხულოდ გარდერობს ყოველთვის აახლებ?
- მხოლოდ საჭირო ნივთებს ვყიდულობ. თუ წინა წელს შეძენილი საცურაო კოსტიუმი აღარ მომწონს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვყიდულობ ახალს. მთელ გარდერობს ნამდვილად არ ვაახლებ. ვცდილობ, ზაფხულში ტანსაცმელზე ფიქრისგანაც დავისვენო. აი, ერეკლეს გარდერობზე კი ნამდვილად ვზრუნავ. ჩემთვის მთავარია, კომფორტული ფეხსაცმელი ჰქონდეს, უნდა შევიძინოთ რამდენიმე ქუდი, რადგან ზაფხულში ბავშვისთვის ეს აუცილებელი აქსესუარია. ასევე, მზისგან დამცავი კრემების ნაკრებიც ყოველთვის თან გვაქვს. პრინციპში, როცა დასასვენებლად მივდივართ, ყველაზე დიდი ერეკლეს ჩემოდანია.

ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)