''უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ...''

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახში ყველა პოპულარულია. დედა - ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, მამა - მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, ბებია-ბაბუაც მსახიობები არიან, უფროს დას კი ყველა იცნობს - ნანუკა წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია. 
ჩვენი რესპონდენტი 20 წლისაა. პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია და ახლა მესამე კურსზე გადავიდა. რამდენიმე თვის წინ ''ჯიდიესზე''პროექტ ''ბინა 18~-ში გამოჩნდა, მაგრამ განსხვავებულ ამპლუაში. 


- ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ჩემი დისგან მხოლოდ იმით განვსხვავდებოდი, რომ ნანუკა ძალიან ემოციურია, მე კი ვცდილობ, ემოციები ნაკლებად გამოვხატო. ეს შეიძლება, ჩემი მინუსიც იყოს. ძალიან მიყვარს სპორტი, ფეხბურთი, რაგბი, რალი. თავადაც ვვარჯიშობ. ნანუკა კიკბოქსინგზე დადის, მე ჯერ შეიპინგზე ვიარე და ახლა ფიტნესი ავირჩიე. ჩემთვის მთავარია ფსიქოლოგიური სიმშვიდე. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ცურვაც ძალიან მიყვარს, დედა პროფესიონალი მოცურავეა. 
- ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ქალბატონები ნავარჯიშევი სხეულით, ე.წ. კუბიკებით... 
- ამაზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არ მომწონს. არადა, მწვრთნელები ამას ძალიან აფასებენ და გაუკვირდათ, როდესაც ამ ტიპის ვარჯიშზე უარი ვთქვი. ბავშვობაში ტანვარჯიშზე დავდიოდი და დიდ მომავალსაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩემი თაობის პრობლემებმა არ შემიწყო ხელი, რომ გამეგრძელებინა. 
- ნინი, სამოდელო საქმიანობასაც ეწევი. 
- დიახ, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სტუდიაში ვარ. ნანუკა 15 წლიდან წარმატებული მოდელია. მასთან ერთად რომ მხედავდნენ, ხშირად მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ისე აეწყო, რომ ამისთვის ვერ მოვიცალე. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი და მუდმივად ბევრი გამოცდა მქონდა. ბოლოს ნინოსგან მივიღე შემოთავაზება და ძალიან მადლობელი ვარ მისი. მქონდა შანსი, რომ უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ სწავლისა და სამსახურის გამო უარი ვთქვი. მინდა, მომავალ წელს სამი თვით მაინც წავიდე. 
- ყველას გვახსოვხარ, როდესაც ტელევიზიით შენს პოპულარულ ოჯახს აჩვენებდნენ, შენ არასოდეს აქტიურობდი და უცებ საზოგადოების წინაშე განსხვავებული ფორმებით, იმიჯით წარდექი. 
- დიახ, პატარა გოგო ვიყავი (იცინის). უცბად გავიზარდე სიმაღლეში. სახლშიც გაოცებულები არიან, ბებიაც ამბობს, ვაიმე, ეს ბავშვი ყოველდღე იზრდებაო. ჩემს მოულოდნელ ცვლილებას ვარჯიშით, სწო-რი ცხოვრების წესით მეც შევუწყვე ხელი, რადგან ჩემს ოჯახში იდეალისტები არიან. მე და ნანუკას არასოდეს გვაქებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. 
- მკაცრი მშობლები გყავს? 
- არა, და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომ მე და ნანუკას ყოველთვის გვენდობიან. იციან, ვისთან ერთად ვარ და პრობლემებს არ შევუქმნი. ერთადერთი, ისეთ დეტალებზე ბრაზდებიან, მაგალითად, რუჯი თუ ზედმეტი მომივა ან წონაში მოვიმატებ. 16 წლის ასაკში გერმანიაში წავედი სასწავლებლად და იქ გავსუქდი. მაინც ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ბედნიერი ვიყავი. როდესაც ჩამოვედი, მამამ აღარ გადამკოცნა. რა არის, კი არ ჩამოხვედი, ჩამოგორდიო. მარტივად ჩავდექი ფორმაში, სიტყვა დიეტა არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად ვინგრევი ამ დროს. 
- ნანუკა როგორ შეხვდა მოდის სფეროში შენ შესვლას, რადგან არანაკლები პარამეტრები გაქვს ამ საქმისთვის. 
- კარგად, რადგან იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ამბობს, რომ გავთხოვდები, თან უნდა წაგიყვანოო. აბა, ქმარს ჰკითხოს (იღიმის). ბავშვობიდან ჩემ მიმართ დედო-ბრივი ინსტინქტი ჰქონდა. დედასავით იყო ჩემთვის, ზედმეტად მიფრთხილდებოდა. 
- საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია გაქვს არჩეული... საერთაშორისო ურთიერთობებს ვგულისხმობ. 
- რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე მიმყავს. ტელევიზია ყოველთვის მომწონდა, ჟურნალისტიკა ჩემს სისხლშია, მაგრამ დიპლომატია მაინც ყველაზე მაგარი პროფესიაა. ეს ყოველდღიურობაშიც გეხმარება. 
- დიპლომატია მაინც პოლიტიკასთან ასოცირდება. 
- სამწუხაროდ, მთელი ჩემი ცხოვრება პოლიტიკაა, მაგრამ მე მაინც აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვინც კარგს გააკეთებს ქვეყნისთვის, ის მიხარია. არ მინდა პოლიტიკაში წასვლა. 
- ნინი, ''ჯიდიესზე''გადაცემა ''ბინა 18''-ში ''მიქსავ''. როგორ მოხვდი ამ არხზე? 
- ეს გასართობი და მხიარული გადაცემაა. წამყვანი კოტიკო თოლორაიაა, თანაწამყვანი - ფაქო. ერთ დღეს ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, კასტინგი ასზე მეტ გოგონასთან ერთად გავიარე. მხოლოდ გარეგნობა არ იყო გადამწყვეტი. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, დავდიოდი და გამიქსვას ვსწავლობდი. ამას ხშირად მეკითხებიან და ახლაც ვიტყვი, რომ გადაცემაში მე ვრთავ მუსიკას, სად, როდის, რა მუსიკას ჩავრთავ, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ძალიან გამიხარდა, რომ ამ არხზე მოვხვდი. მხოლოდ ოცნებაში წარმომედგინა, მაგრამ რეალობად რომ იქცა, ძალიან გამიხარდა. ყველა კეთილია, ერთი დიდი სამეგობრო წრესავით არის. უბედნიერესი ვარ, სამუშაო გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 
- ნინი, ბერას თუ იცნობ? 
- არა, მხოლოდ შორიდან. ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. ადამიანში ერთდროულად ამდენი დადებითი თვისება იშვიათია. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ეს გადაცემა მისი იდეა იყო და როგორც ვიცი, მოსწონს. უკარგესი ადამიანია და მის ტელევიზიაში მუშაობა არაჩვეულებრივია. 
- დედა რა რჩევებს გაძლევს? 
- მეუბნება, რომ კამერის წინ არასოდეს უნდა გავიპრანჭო და არ შევაწუხო მაყურებელი. 
- ახლა გამახსენდა ქართველი ტელეწამყვანები, რომლებიც კამერების წინ იპრანჭებიან. 
- ამაზე კატეგორიულად მაფრთხილებს, მთავარი ზომიერებაა, რაც რთულად მისაღწევია. ჯერჯერობით ვიხვეწები, დიდი პასუხისმგებლობაც მაკისრია ჩემი ოჯახის გამო, იმედები არ უნდა გავუცრუო. 
- თაყვანისმცემლებზე ვისაუბროთ, ალბათ ყოველთვის მრავლად იყვნენ შენ გარშემო. 
- არ მიყვარს სიტყვა თაყვანისმცემელი, ყოველთვის იყვნენ ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები, რომელთა სიმპათიასაც ვიმსახურებდი. ამას ძირითადად ხასიათს ვაბრალებ, მხიარული ვარ და ზედმეტად ოპტიმისტი. ვცდილობ, ყველა ადამიანში კარგი მხარე აღმოვაჩინო. 
- ნანუკას თაყვანისმცემლებზე ლეგენდები დადის, შენს ცხოვრებაშიც არიან უცნაური ადამიანები?
- დიახ, ერთმა სახლშიც ამოაკითხა და მამას სთხოვა, რომ ნანუკა ცოლად გაეყოლებინა. ჩემ შემთხვევაში ერთ ბიჭს სურდა, რომ საჰაერო ბუშტით ავფრენილიყავი და სიყვარული ცაში აეხსნა, ძლივს გადავაფიქრებინე. ორი კვირის წინ ერთმა ბიჭმა მომწერა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო. გავიგე, რომ ძალიან მოგწონვარ და სანამ ზონაზე შევბრუნდები, გაგიცნობო (იცინის). არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ბევრი ადამიანი მწერს, ზოგიერთი - წლის განმავლობაში ყოველდღე. ასეთ ადამიანებზე ვფიქრობ, რომ ჩემ გარეშეც კომფორტულად არიან, უბრალოდ, სჭირდებათ ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურობის შესახებ მოუყვებიან. 
- შენზე ბევრად უფროსი მამაკაცები თუ გწერენ, მახსოვს ლიზა ყენიას სკანდალი, რომელმაც სოციალურ ქსელში მათ პედოფილები უწოდა. 
- ლიზას სტატუსი მეც წავიკითხე, შეიძლება, ვიღაცები ამის გამო გაღიზიანებულიყვნენ, მაგრამ ძალიან გავუგე. მეც ძალიან დიდი ასაკის კაცები მწერენ, მირეკავენ კიდეც და რაც ყველაზე საშინელებაა, ცოლშვილიანი მამაკაცები. მათთან კონტაქტშიც არ შევდივარ, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ რეალურ ცხოვრებაშიც რომ დაგინახავენ, მოდიან და გესაუბრებიან. არ მინდა, უტაქტობაში ჩამეთვალოს, მაგრამ როდესაც საკუთარ ცოლს ამხელა შეურაცხყოფას აყენებს, როგორ შეიძლება, ასეთ მამაკაცს პატივი სცე. ძალიან გთხოვთ, თავს ნუ შეიწუხებთ და უფროსი მამაკაცები და ცოლიანები ნუღარ მომწერთ! 
- ცნობილი თაყვანისმცემელი არ გყოლია? 
- კი, თან ძალიან ცნობილი (იცინის). თუმცა ქართველი არ არის. ''ინსტაგრამზე''ნახა ჩემი ფოტოები. ტელეფონზეც მირეკავდა. ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. ვმეგობრობდით, ახლაც რომ მოვიკითხავ, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა შეყვარებული არ ვარ, ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. 
- გათხოვებაზე რომ არ ფიქრობ, ვხვდები. 
- ეგ სიტყვა მაშინებს, ჩემი თავი ჯერ ძალიან მეპატარავება. მინდა, რომ ვიღაც მიყვარდეს, მაგრამ იმხელა სითბოს ავლენენ ბიჭები ჩემ მიმართ, რომ დრო არ მრჩება მონატრებისთვის. მაგალითად, ნანუკა უმაგრესი ცოლი იქნება. საოცარი მეოჯახე და ერთგულია. ახლა ეწყინება, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ძალიან რომანტიკოსია. მეუბნება ხოლმე, ასე არ არისო და მერე ბებია ამშვიდებს, რა იყო, ბებო, ეგ ცუდი კი ნუ გგონიაო (იცინის). 
- შენს თაყვანისმცემლებს დედასთან როგორი ურთიერთობა აქვთ? 
- ნათია იმდენად კეთილი და საყვარელია, რომ ყველა გიჟდება. ჩვენს დედად ვერ აღიქვამენ, მე მგონი, ჩვენზე პატარად გამოიყურება. დედას თაყვანისმცემლებზე არ ვუყვებით და ბრაზდება. 
- მამაზეც მოგვიყევი... 
- ალბათ, მისი ბრალია, რომ არავინ მიყვარს, რადგან ამდენი დადებითი თვისება ერთ ადამიანს როგორ უნდა ჰქონდეს, ვერ ვხვდები. ასეთმა კეთილმა ადამიანმა ამ დროში ამდენ ხანს როგორ მოაღწია. ძალიან მზრუნველია, გიჟდება საჩუქრების გაკეთებაზე. უყვარს, მის ნაჩუქარ სამკაულებს რომ ვიკეთებ. ძალიან მიყვარს ''ჟელიბონი~. იმ დღეს სახლში მივედი და ჩემი ლოგინი სხვადასხვანაირი ''ჟელიბონით''გაევსო. 
- როდის იკრიბებით მთელი ოჯახი ერთად? 
- მთელი ცხოვრება ვოცნებობდით ასეთ შეკრებებზე, მაგრამ ვიღაც ყოველთვის მუშაობდა. ახლა უფრო ვახერხებთ. კვირა დღეს ბებია გემრიელ საჭმელს ამზადებს და ყველა ერთად ვართ. ნანუკა ხუმრობს ხოლმე, კამერაზე რომ ვიღებდეთ, რამდენი ადამიანი გაერთობოდაო. დედ-მამა ამ დროს ხუთი წლის ბავშვებივით არიან. ხანდახან მულტფილმებსაც კი ვუყურებთ. 
- ნინი, საქართველოში აპირებ კარიერის გაგრძელებას? 
- ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ უცხოეთში მინდა წასვლა, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივაა. ამერიკა ჩემი ოცნების ქვეყანაა. ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად წავალ. მარტო გარეგნობა და ოჯახი არაფერია, ყველაფერს ჩემით უნდა მივაღწიო. აქამდეც ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს მოპოვებული. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ მხოლოდ ჩემი თავის იმედზე უნდა ვიყო. 

ნინო გიგიშვილი 
ჟურნალი ''რეიტინგი''