მას მერე რაც სალომე ტეტიაშვილმა პროექტი დატოვა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაუკავშირდა და ბინით უზრუნველყოფას დაჰპირდა. ჩვენ ეს ინფორმაცია სალომესთან გადავამოწმეთ.
- სალომე, ახალი ამბავი გავიგე და მინდა შენთან გადავამოწმო.
- გისმენ.
- ამბობენ, ''X ფაქტორის'' დატოვების შემდეგ, სალომეს ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაუკავშირდა და ბინით უზრუნველყოფას დაჰპირდაო…
- (იცინის) საიდან მოგაქვთ ეს ჭორები, როგორ მაინტერესებს…
- მოდის ჩვენამდე ამბები.
- პირველწყარო მაინტერესებს, ვინ ავრცელებს. იქნებ გამაცნოთ მეც ეს ბიზნესმენი.
- ანუ ტყუილია ეს ამბავი?
- ტყუილია, ტყუილი. ნეტავ მართალი იყოს. მსგავსი რამე რომ მოხდეს, პირველს თქვენ დაგირეკავთ და მთელ საქართველოს მოვდებ ამ ახალ ამბავს. ბიზნესმენი კი არა, რაც პროექტიდან გამოვვარდი, მეგობრები აღარ მირეკავენ (იცინის).
- პროექტის დატოვების მერე, როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება. როგორ განწყობაზე ხარ?
- მშვენიერ განწყობაზე ვარ. ზურა მოსიავას ბენდში, ''ფანკ ჰაუსი'' გავწევრიანდი და მალე ერთად დავიწყებთ მუშაობას, ბარში დავუკრავთ.
- დღეს ''X ფაქტორის'' ფინალია, ვის გულშემატკივრობ?
- ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, მაგრამ, კარგი, გეტყვი, თორნიკე ყიფიანს ვგულშემატკივრობ და ასე მგონია, მოიგებს კიდეც.
- მიდიხარ ფინალზე?
- აბა რას ვიზამ, აუცილებლად წავალ, ფინალს ვერ გამოვტოვებ.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის