სასწრაფოდ: მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება – დანაშაული არ ჩამიდენია

არც ერთი თეთრი არასდროს არ მიმითვისებია… დანაშაული არ ჩამიდენია, – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. როგორს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მისი დაკავების ბრძანება ივანიშვილის მითითებით გაიცა.
„მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს ჩემ მიერ მითვისებული მილიარდები, ვინაიდან არც ერთი თეთრი არასდროს არ მიმითვისებია, პირიქით, საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერც ერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით, დანაშაული თითქმის ნოლამდე დავიყვანეთ; ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება.

ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილი არეულობების და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ.
მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა ვერ შეძლო თბილისის აღება და ჩემი მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს, მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არც ერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვამს, იმიტომ რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს.
დღეს მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილს ამ მითითების შესრულებას, ალბათ, სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიოს პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.