ნანა კააბაძე: „ქართული ოცნება“ გამოიყენებს ამ შემთხვევას და ყველანაირად ეცდება, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „რეპორტიორს" საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის გადადგომასთან დაკავშირებით ესაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ფანჯიკიძის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება" კი ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს შექმნილი ვითარება და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.



ნანა კაკაბაძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ, მაია ფანჯიკიძის  განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო.

„რასაკვირველია, დღეს განვითარებული მოვლენები ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას. ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა რიგი მინისტრების გადადგომა, ეს მოსალოდნელიც იყო. მიმდინარე მოვლენებმა ფაქტობრივად „ქართული ოცნების" სერიოზული ჯგუფის ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვია, რაც აუცილებლად წარმოშობს ახალ პოლიტიკურ რეალობას.
შეიძლება, ამ ყველაფერმა გამოიწვიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც „ქართული ოცნების" ინტერესებშია, მაგრამ, თუ ეს მივა ვადით გათვალისწინებულ არჩევნებამდე, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია და კიდევ უფრო დაძაბული არჩევნები გვექნება. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" გამოიყენებს ამ შემთხვევას და ყველანაირად ეცდება, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები",  - აცხადებს ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან" საუბარში .