„ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ძალიან ბევრი საუბარი და თხოვნა, რომ მას პოსტი არ დაეტოვებინა“

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ივანიშვილის კიდევ ერთი წლით დარჩენა, ბევრი რამის დამასტაბილურებელი იქნებოდა.

ამასთან, დავით უსუფაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანას მართავს.

„ნეტა მართავდეს“, - დასძინა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ძალიან ბევრი საუბარი და თხოვნა, რომ მას პოსტი არ დაეტოვებინა.

„მე მაშინაც ვთვლიდი და ახლავ ვთვლი, რომ კიდევ ერთი წელი დარჩენა იმ თანამდებობაზე, სადაც იყო ან რამე სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, იყო სხვა თანამდებობების ვერსიებიც, საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა ყოფილიყო უფრო გამართული. ივანიშვილის პირობებში, ივანიშვილის ღია მონაწილეობით პროცესებში, ჩემი აზრით, ამას ვამბობ ხმამაღლა და არ ვიცი ვინმეს ეწყინება თუ ესიამოვნება, მას არ უნდოდა პოლიტიკაში დიდხანს დარჩენა და ეს გასაგებია. მესმის, არც მე მინდა. რომ არა ივანიშვილის გამოჩენა, მეც სადმე სხვაგან ვიქნებოდი, მაგრამ ასე მოხდა. მას არ უნდოდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კიდევ ერთი წლით მისი დარჩენა, იქნებოდა ძალიან ბევრი რამის დამასტაბილურებელი და გზაზე დამყენებელი. მოხდა ასე, როგორც მოხდა. მე ის პრეტენზია კი არ მაქვს მასთან, რომ რამეში არასწორად ერევა ან არადროულად. ჯობდა უფრო მეტად ჩარეულიყო და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ერთად ავიღეთ, იმავე ფორმატით გაგვეგრძელებინა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ნათია რუხაძე