თემურ ქეცბაია დღეს ეროვნულ ნაკრებს დატოვებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს, ქეცბაიას გუნდი პოლონეთის ეროვნულო ნაკრებს დაუპირისპირდება.
თემურ ქეცბაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ქეცბაიას თქმით, გუნდი მოიგებს, წააგებს თუ ფრეს ითამაშებს, თანამდებობას ყველა შემთხვევაში დატოვებს.

"ჩემი ქვეყანა მიყვარდა და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ოღონდ გაკეთდეს რამე ქართული ფეხბურთისთვის და საერთოდ აღარ გამოვიხედავ საქართველოსკენ ", - განაცხადა ქეცბაიამ. მისივე თქმით, სადაც იქნება, იქიდან უგულშემატკივრებს საქართველოს.
რაც შეეხება კითხვას, რა იქნება უმჯობესი გუნდისთვის, ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი, ქეცბაიამ განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ის უცხოელი თუ ქართველი.
"მთავარია, კარგი მწვრთნელი იყოს, რომელიც კარგ შედეგებს მოიტანს", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას ბოლო პერიოდში ქართველ ჟურნალისტებთან ურთიერთობაც დაეძაბა. მედიის წარმომადგენელმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და გუშინდელ პრესკონფერენციაზე მათმა ნაწილმა პრესკონფერენციაც დატოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შემცვლელად ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე სახელდება. ეს ინფორმაცია გაზეთმა "ლელომ" გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩივაძეს მთავარი მწვრთნელობა უკვე შესთავაზა.
თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში გუნდმა 39 შეხვედრა გამართა, 13 მოიგო, 9 ფრეთ ითამაშა, ხოლო 19-ში დამარცხდა, პერიოდში დასამახსოვრებელია ნაკრების თამაში ხორვატიასთან, ფრე საფრანგეთთან, მოგება ბელორუსთან.
ამავე პერიოდში ხშირი იყო დაპირისპირებები ფეხბურთელებსა და ქეცბაიას შორის, მათ შორის გამოირჩევა დაპირისპირება ლევან კობიაშვილთან, ლევან ყენიასთან, ალექსანდრე ამისულაშვილთან და ზურაბ ხიზანიშვილთან.
ასევე ხშირი იყო საუბარი ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის თებერვლამდე ქეცბაიასა და სამწრვთნელო შტაბის ხელფასი 2 520 000-ს შეადგენდა, თუმცა თებერვლის შემდეგ ეს თანხა 30%-ით შემცირდა.
მთლიანობაში თემურ ქეცბაიამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხუთი წელი მუშაობდა. მანამდე კვიპროსულ "ანორთოსისსა" და ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" წვრთნიდა.
ქეცბაიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 49 თამაშში 16 გოლი აქვს გატანილი.