საოცარი ქვეყანა გვაქვს. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ მის სიდიადეს.

საოცარი ქვეყანა გვაქვს. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ მის სიდიადეს. საითკენაც გავიხედავთ, უზომო სილამაზეს აღმოვაჩენთ. ქართველებმა ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვიაროთ ფეხით, ნაბიჯ-ნაბიჯ და მერე გავიხედოთ უცხოეთისკენ.
ხანდახან ცხვირწინ არ ვიხედებით და არც კი ვიცით, რა სიმდიდრე გვაქვს... მოკლედ, რომ გითხრათ, გუშინ გუდამაყრის სოფელ მაქართაში გახლდით. იქ შალვას დედულეთია. მაღალი მთის წვერზე სასაფლაოა, უკვე ათასწლეულებია იქ გუდამაყრელები განისვენებენ. მიცვალებულებს ცივ ზამარში მარხილით მიასვენებენ. ვინაიდან ვერანაირი ხელმისაწვდომი ტექნიკური საშუალება , იქამდე ვერ ვიდის. ვიწრო საცალფეხო ბილიკით, ციცაბოზე, ქვა-ღორღიან გზაზე, თითქმის საათნახევარი-ორი საათი უნდა იარო, რომ მთის წვერამდე მიაღწიო. სულ აღმართია, გზადაგზა სტალაქტიდები და სტალაგმიტებიც კი გხვდება. აქვე მოედინება მინერალური წყალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, თავისუფალი დინების არეალში, თეთრი ქანივით ნადები გაუკეთებია და ისეთი შეგრძნებაა, რომ რაღაც მარმარილოსნაირ თეთრ, მკვრივ კედელს შესცქერი... დაბლა დაიხედავ და ტყის ყვავილები გაგაგიჟებენ. მოფერებას ითხოვენ შენგან. რამდენიმე ადგილას გზა იკარგება, აქეთ-იქედან ციცაბო კლდეა და თუ სუსტი გული გაქვს, ძალიან შეშინდები. გხვდება გამოქვაბულები, ფიქრობ, ნეტა აქ დათვის ბუნაგია თუ დევის?! გხვდება ნასახლარებიც, გაოცებით შედიხარ შემოუღობავ ეზოში,რა საინტერესოა, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები. წუთით მათი ყოფა-ცხოვრების კადრებიც გაირბენს მეხსიერებაში. ერთ-ერთი ასეთი სახლი, შალვას დედისაა, დარეჯან ელიზბარის ასული წიკლაურის. იქ ახლა არავინ ცხოვრობს. ქვაზე ჩამოვჯექი და მათი ოჯახის ტრაგიკული ისტორია კიდევ ერთხელ გავიხსენე. ქალბატონი დარეჯანის ძმა, ილია, 17 წლის იყო, როცა ცხვარში გაცივდა და გარდაიცვალა. მისი უფროსი და, 22 წლის მარო, კი ფაქტიურად დააკვდა ძმას. არ ჭამდა, ფეხშიშველა თოვლში გამოდიოდა მოთქმით და გოდებით. მალე უნდა მოვკვდე, რომ ჩემს ძმას მივხედოო. როცა მოვკვდები, კიდეში მე დამმარხეთ, ძმას უნდა მოვეფაროო... აუსრულეს თხოვნა. ახლა ისინი, ამ მთის წვერზე განისვენებენ ... გული ისე ამიჩუყდა, გეგონება ამ წუთის გარდაცვლილები იყვნენ. და-ძმის ამ საოცარი სიყვარულის ისტორიას, აუცილებლად დავწერ... საფლავის ქვაზე, მოკრძალებულად ეწერა: ილიას და მარიამს, მათი დისშვილი შალვა ნათელასვილისგან.... 
იქვე შორიახლოში წმინდა გიორგის ნიშაა, იქვეა დაკიდული საუკუნეების წინაანდელი ზარები. ერთ-ერთი, 1911 წლით თარიღდება და შალვას წინაპარ პაპას ეკუთვნის. გუშინ, ჩვენ, ამ ზარებს კიდევ მივამატეთ ერთი, შალვა და ბექა ნათელაშვილებისგან. ხევისბერმა ამაყად დაამაგრა. ამ ამაღელვებელ მომენტს, 50 გუდამაყრელი მაინც ესწრებოდა. ვფიქრობდი, ამდენი ხალხი აქ როგორ ამოდის, როგორ ახსოვთ და არ ავიწყდებათ იმათი მოხსენიება, ვინც ამ მთის კენწეროში, წმიდა ადგილას, მათ სულიერებას, მათ მიწას, მათ სიმშვიდეს დარაჯობს-მეთქი. წასულების სული ამაყად დასტრიალებს, არა მარტო ამ ფერდობებს, არამედ მთელ საქართველოს. სანამ ამ მთის წვერზე ერთი ადამიანი მაინც ავა,რომ ზარებს ჩამოჰკრას და გასძახოს, ჰეი თქვენ არაგველებო.... მანამ იარსებებს საქართველო. 
რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები! ამჯერად ისინი ამცნობენ ქართველებს, ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!