''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

06 ქვეყანა და წინ კიდევ არაერთია. 2015 წლის განმავლობაში 51 ქვეყანაში აქვს დაგეგმილი ვიზიტი და აქედან მისთვის 31 უკვე ნაცნობი ადგილია. ამჯერად მოგზაურობა კენიიდან დაიწყება. მოგზაური ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, ანუ Nix Energy ამბობს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი...

- Nix Energy, თქვენი ნამდვილი გვარ-სახელი რა არის?
- ნიკოლოზ ბარტყულაშვილი. ჩემი გვარი რთულად გამოითქმის და ბევრს უჭირს დამახსოვრება. ერთხელ საპატრიარქოსთან ერთად ისრაელში გახლდით და ჩემი გვარი ძალიან იოლად დაიმახსოვრეს. ბუნებრივია, ამან გამაკვირვა. თურმე, ''ბარტყულა'' ბერ-მონაზვნების თავსაბურავს აღნიშნავს და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩემი გვარი უცხო არ იყო.

- აზია თუ ევროპა, რომელი იყო პირველი?
- ჩემთვის საინტერესი იყო აზია და პირველად იქ გავემგზავრე. ძალიან ''ღრმაა'' თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და ისტორიით. რადიკალური კონტრასტებია ფერთა და ხალხთა შორის. აზია დღემდე რჩება ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო რეგიონად. თავდაპირველად 37 ქვეყანა მოვიარე, შემდეგ ეს რიცხვი 83-მდე რომ გაიზარდა, მივხვდი, რომ უკვე მოგზაური მერქვა. მას შემდეგ ყველა ქვეყანაში ჩასულმა დავიწყე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. ძირითადად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მოგზაურთა ჯგუფებთან ერთად გადავადგილდები. პირველად საზღვარგარეთ 9 წლის წინ გავემგზავრე, მაგრამ მოგზაურობა და ბუნება ბავშვობიდან მიყვარდა. თბილისის გარეუბნებში სიარულიც მიყვარს, არაერთხელ მაქვს მოვლილი თბილისის ზღვის, მთაწმინდისა და სხვა უბნების ტერიტორია. საქართველოს კუთხეები მამამ მომატარა, ხოლო საზღვარგარეთ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე სიარული. დღესდღეობით 106 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და აქედან რამდენიმეში თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი, ზოგან წელიწადზე მეტიც.

- რა პროფესიის ბრძანდებით?
- მრავალფეროვანი პიროვნება ვარ და ბევრი ინტერესის სფერო მაქვს. დაინტერესებული ვარ მედიცინითა და ასტროლოგიით. კავშირგაბმულობისა და იურიდიული ფაკულტეტები მაქვს დამთავრებული, შემდეგ საფრანგეთში დავეუფლე დიპლომატიას. სწავლა მიყვარს, მინდა, სულ უფრო მეტი შევიმეცნო. ფაქტობრივად, მოგზაურობა სწორედ ამის გამო გადავწყვიტე. ვაპირებ, მთელი ცხოვრება მივიღო განათლება სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, სწავლის გამო ვმოგზაურობ და ახლა უკვე დღემდე დაგროვილი ინფორმაციის გადაცემა მსურს ხალხისთვის - ტელეგადაცემის ან ჟურნალის სახით.

- გამგზავრებამდე წინასწარ გეგმავთ, ამა თუ იმ ქვეყანაში რა უნდა მოინახულოთ პირველად? რაზე გაქვთ ძირითადი აქცენტები?
- ბავშვობაში ფრიადოსანი ვიყავი და გეოგრაფია განსაკუთრებით მიყვარდა. გლობუსი და მე განუყრელი მეგობრები ვიყავით (იღიმის). პირველი 83 ქვეყანა ისე მოვიარე, წინასწარ ინფორმაციას არ ''ვაგროვებდი''. ახლა უკვე ვემზადები, თუმცა ეს ხშირად გაქცევს ჩარჩოში და ზოგჯერ დაუგეგმავად უფრო საინტერესო შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევი. ამავეს ვურჩევ ყველა მოგზაურს.

- გლობუსთან მეგობრობა კარგია, მაგრამ რეალობაში მისი ''დაპყრობა'' ფინანსებს უკავშირდება. ქვეყნიდან-ქვეყანაში როგორ გადაადგილდებით?
- ყოველთვის მაქვს მიზანი, არც ერთი წამოწყებული საქმე, თუნდაც ყოველდღიური, შუა გზაში არ მიმიტოვებია. ასე ვარ მოგზაურობის დროსაც, თუ მაქვს თანხა, ვმგზავრობ თვითმფრინავით, თუ არასაკმარისი რაოდენობითაა, მაშინ ავტობუსით გადავაადგილდები. სად, როგორ. გემი, ველოსიპედი, ცხენი, აქლემი, სპილო... თუ თანხა საერთოდ არ მაქვს, წავალ ფეხით, რადგან ეს ჩემი ჩანაფიქრია და ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ვივლი დღე და ღამე, წვიმაშიც, ქარშიც და გაუსაძლის სიცხეშიც. ყველანაირი ამინდი მიყვარს. ქარი ადრენალინს მმატებს, ხოლო წვიმა ჩემთვის უნიკალურია მოვლენაა. ზოგი წვიმის დროს თავშესაფარს ეძებს, მე კი პირიქით - გარეთ გავრბივარ.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ ბუნების სტიქიები ვერ გაშინებთ?!
- დიახ. ბუნება მიყვარს. ის ისეთი უნდა მიიღო, როგორიცაა. არც სიცივეს ვუშინდები და არც რომელიმე ცხოველს. ბუნებას თუ მოუფრთხილდები, იმავე ენერგეტიკას დაგიბრუნებს. მაგალითად, - 41 გრადუსში ციმბირში ყინულს ვტეხდი და გაყინულ წყალში ვბანაობდი. დადებითი ენერგეტიკით გაყინულ წყალში ჩასვლა არ მაციებდა. ყველაზე მაღალი ტემპერატურა არაბეთის ქვეყნებში უფრო იგრძნობა, ვიდრე აფრიკულში. არაბეთში გამოფიტული და მშრალი ჰავაა. ეს ყველაზე მეტად იგრძნობა ომანსა და საუდის არაბეთში. ალჟირშიც საკმაოდ ცხელა, მაგრამ რამდენიმე დღეში გადავლახე ეს პრობლემა, საერთოდ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

- მოგზაურობის პერიოდში თუ აწარმოებთ დღიურს?
- კი, როგორ არა, მხოლოდ ჩემ თავში (იღიმის).

- ჩანაწერებს ვგულისხმობ, თუნდაც ფოტოს რომ ერთვოდეს...
- დღეს უკვე მაქვს ასეთი მიმართულება, თუმცა აქამდე მოგზაურობისას გაცნობილი ტურისტები ინტერნეტის საშუალებით მიგზავნიდნენ ფოტოებს და ცოტა გვიან მივხვდი, რომ ფოტოების გადაღებას თავისი ხიბლი აქვს. ადრე, ალბათ, ქართული სიამაყის გამო არ ვიღებდი ფოტოებს, ვფიქრობდი, რომ არ მჭირდებოდა, რადგან თუ სადმე გამგზავრებას დავგეგმავდი, კვლავ წავიდოდი და წარსულში ''ყურება'' არ მინდოდა. რამდენიმე ქვეყანაში ოპერატორი მახლდა, მაგრამ ახლა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის კადრებიც და ფოტოებიც თავად გადავიღე.


- კულტურა, რომელიც თქვენთვის ყველაზე გამორჩეულია...
- არ მინდა, რომელიმე ერთი გამოვარჩიო. ზოგადად, მინდა, წესრიგი და ცივილიზაციის მაღალი დონე. მაგალითად, სინგაპურში სიგარეტის მოწევაზე 1000 დოლარია ჯარიმა. შეიძლება, ეს ბევრისთვის კატასტროფაა, მაგრამ მე ასეთი კანონები მომწონს.

- როგორც ჩანს, თქვენ არ ეწევით და ალბათ არც ალკოჰოლს ეტანებით…
- არ ვეწევი და ვსვამ მხოლოდ წყალს. ეს არის უნიკალური საგანძური, რაც დედამიწას გააჩნია.

- არ ვიცნობ და არც მსმენია არც ერთ ქართველზე, რომელსაც ამდენ ქვეყანაში უმოგზაურია და თან ამ ასაკში.
- ახლა ხომ გამიცანით (იღიმის). 3 მარტს 29 წლის გავხდი. ბევრ მოგზაურს ვიცნობ, თუმცა ყველას თავის მიმართულებით უწევს ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტი, ზოგი ფოტოგრაფია და ზოგიც სხვა პროფესიის გამო მუდმივად გადაადგილდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, ვის რა მიზეზით აქვს მოგზაურობა დაწყებული. ბევრი საკუთარ პრობლემებსა და ქვეყანას გაურბის, მე მოგზაურობა შემეცნების გამო დავიწყე. არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელსაც 29 წლის ასაკში მოევლოს ამდენი ქვეყანა. როგორც წესი, მოგზაურობას ძირითადად ასაკში შესული იწყებენ. ასე რომ, მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელსაც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი. ეს ინფორმაცია გადამოწმებული მაქვს და უტყუარია.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''