ფილტრამოცლილი ზარების დამთვლელი მოწყობილობა, ანუ შეაყარე კედელს ცერცვი

ტელეკომპანია “იმედის” 24 აპრილის გადაცემა “რეაქციის ”  მსვლელობის დროს, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას რამდენჯერმე შეატყობინეს, რომ  გადაცემაში უკმაყოფილო ადამიანები რეკავდნენ, რომლებიც ვერაფრით ახერხებდნენ ინტერაქტივში მონაწილეობის მიღებას ხაზების გადატვირთულობის გამო.


სააგენტო “ფოსტალიონმა” ჯერ კიდევ 1 თვის წინ შეიტანა ეჭვი აღნიშნულ ინტერაქტივში და სტატიაც მიუძღვნა მას. ამიტომ, გადავწყვიტეთ,  გადაგვემოწმებინა ეს ფაქტი.  ზარი დაუბრკოლებლად გავიდა 5-ჯერ, 10-ჯერ….., მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ერთი და იგივე ნომრიდან გასული ყველა ზარი დარეგისტრირდა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, “ფოსტალიონის” ამა წლის 20 მარტის სტატიიდან ნაწყვეტს დავაკოპირებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამის შემდეგ მაინც დააბრუნებენ ზარების დამთვლელ მოწყობილობაზე ფილტრს.

“სააგენტო “ფოსტალიონმა” მარტივი  ექსპერიმენტით დაადგინა, რომ რედაქციაში განხორციელებული ზარები არ იფილტრება, რადგან პასუხის დასაფიქსირებლად ერთი და იგივე ნომრიდან განხორციელებული ყველა ზარი დარეგისტრირდა. ყოველ შემთხვევაში, ოპერატორი ასე გვატყობინებდა.

სატელეფონო კომპანიის სპეციალისტმა, რომელსაც ტექნიკური მხარის განმარტება ვთხოვეთ, ასეთი რამ გვითხრა.:

- თუ ერთიდაიგივე ნომრიდან განახორციელეთ რამდენიმე ზარი და ყველა მათგანი დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში ზარების დამთვლელი მოწყობილობა ან მწყობრიდანაა გამოსული, ან სპეციალურად ისეთ რეჟიმზეა დაყენებული, რომ არ ფილტრავს ზარებს. ასეთ დროს ერთ ადამიანს შეუძლია დაჯდეს და სურვილის შემთხვევაში ასეულობით  ზარი განახორციელოს. თუმცა სხვა ხერხიც არსებობს. არ არის აუცილებელი, ადამიანმა იწვალოს. არსებობს მოწყობილობა, რომელიც ბევრ კომპანიას აქვს იმისთვის, რომ ავტომატურად განახორციელოს ზარები და შეტყობინებები პროგრამულად მითითებულ ნომრებზე. ასეთ მოწყობილობას მისცემ ინტერაქტივის ნომერს და თუ იქიდან ხელის შეშლა არ ექნება, ათი ათასობით ზარს განახორციელებინებ.

როგორც წესი, ინტერაქტივის ეფექტურობისათვის, სადაც მთავარი ობიექტურობაა, დგება ფილტრი, რომელიც ერთიდაიგივე ნომრიდან მხოლოდ ერთ ზარს იღებს .  განმეორებითი ზარის შემთხვევაში მომხმარებელს ატყობინებს, რომ ამ ნომრიდან არჩევანი უკვე გაკეთებულია.

-ეს  ვისი ბრალია, სატელეფონო კომპანიის, თუ  “იმედის”?

-გააჩნია, თუ ეს აპარატურა იმედს ნაყიდი აქვს და მათთან დგას, ტელეკომპანიის ბრალია, თუ ამ სერვისს სატელეფონო კომპანიისგან ყიდულობენ , მაშინ იმათი. ფაქტია, რომ ფილტრი გათიშულია და ტელეკომპანია ამას უნდა ამოწმებდეს, თუნდაც ეს აპარატურა სხვაგან იდგეს.

ვინაიდან ეს ფაქტი თვალში საცემი იყო და თავად გადაცემის წამყვანმაც გაუსვა ხაზი, ვიმედოვნებთ, რომ ტელეკომპანია  “იმედი”  ამის შესახებ  განმარტებას გააკეთებს.”

შეაყარე კედელს ცერცვიო, ამაზეა ნათქვამი… გვეგონა, ჩვენი წინა სტატიის შემდეგ აღნიშნული  ინტერაქტივის “მესვეურებს” შერცხვებოდათ და აილეწებოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავადო.